ირაკლი კობახიძე - რეგიონული უსაფრთხოება საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება

რეგიონული უსაფრთხოება საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მარტო არ არის ამ გამოწვევის წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში გამართულ კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული უსაფრთხოების ასპექტებსა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველო ყოველწლიურად იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის. ჩვენი ყოველწლიური კონფერენცია სწორედ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. მოხარული ვარ, რომ საქართველოთი დაინტერესება ევროპაში, დასავლეთსა და მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. ჩვენ ორგანულად ვართ ჩართულნი არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, არამედ საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში. რეგიონული უსაფრთხოება საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მარტო არ არის ამ გამოწვევის წინაშე. ჩვენ მხარს გვიჭერს მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილი, რაც გვაძლევს იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების წარმატებით გადაჭრას და მყარი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს ხაზი გაუსვა.

„უპირველს ყოვლისა, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო მყარი, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტიაა. დღეს შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ სწორედ ამ მიმართულებით გადადგა ყველაზე გამართლებული ნაბიჯები. საქართველოს დემოკრატიული პროგრესი ფართოდაა აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვა, მედია თავისუფლების პატივისცემა ქვეყნის და საზოგადოებისთვის ჩვეული და ნორმალური მოვლენა გახდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საუბრისას კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამოქმედების შემდეგ ახალი კონსტიტუცია იქნება ხელისუფლებაში ძალაუფლების გაწონასწორებისა და ურთიერშეკავების, დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია. მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით ევროინტეგრაცია საქართველოს საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მეორე მნიშვნელოვანი განზომილება რეგიონული თანამშრომლობაა.

„გულწრფელი, მჭიდრო, კონსენსუსსა და მშვიდობიან განვითარებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა პოზიციების დაახლოებისა და დაძაბულობების თავიდან არიდების საუკეთესო საშუალებაა. ამ მხრივ განუზომელია საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა. საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო აქტიურობა მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნას უკრაინასა და მოლდოვასთან. ეს ძალისხმევა მიმართულია საერთო მიზნისაკენ, რომ რეგიონის დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთობლივად მოახერხონ რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებში ჩვენი დასავლელი პარტნიორების უფრო მეტი და ეფექტური ჩართულობა და ევროკავშირში ინტეგრაცია,“ - განაცხადა კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარე ტერიტორიული მთლიანობის საკითხსაც შეეხო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა კარგად აჩვენა, რომ გაყინული კონფლიქტები არ არსებობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლე დაუცველია და ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა