ირაკლი კობახიძე - სწორი იქნება პრემიერობის კანდიდატის არსებული სამთავრობო გუნდიდან დასახელება, ლოგიკურია ისიც, რომ მას ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი არსებული სამთავრობო გუნდიდან უნდა აირჩეს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლოგიკურია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს.

„მე ვფიქრობ, სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება. ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს კანდიდატს. მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სავარაუდოდ, უმრავლესობის დღევანდელ გაფართოებულ შეხვედრაზე დასახელდება.

„ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ. ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა. დღეს შეიკრიბება უმრავლესობა, სადაც განიხილება ახალი პრემიერ-მინისტრის და ახალი სამთავრობო გუნდის საკითხი. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ის მიღწევები, რაც გვაქვს, ხოლო ხარვეზები მთლიანად გამოვასწოროთ. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ახალი სამთავრობო გუნდის პირობებში. დარწმუნებული ვარ დღესვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მინისტრების ცვლილებას, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა.

„ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა. ის შემოგვთავაზებს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია პარლამენტს ამ დისკუსიაში ჩართვა“, - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კვირიკაშვილი გუშინ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს