გიორგი აბაშიშვილი - გუნდში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა და მადლობა გადაუხადა პრემიერ კვირიკაშვილს

კითხვის ნიშანს არავინ სვამს - თუ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, პრემიერ-მინისტრი რატომ მოხსნეს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის მოხსნაზე და რა არის რეალური მიზეზი მისი მოხსნის? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მოსვლაა, სხვა შემთხვევაში უამრავი კითხვა თუ შეფასება გაჩნდება ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

„გუნდში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა და მადლობა გადაუხადა პრემიერ კვირიკაშვილს. დღეს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას მოუწია რამდენიმე თანამდებობის პირთან მუშაობა და მეც მქონდა პატივი, ამ პროცესის მონაწილე ვყოფილიყავი მასთან ერთად; მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, გიორგი კვირიკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის ის პირი, ის პრემიერი, რომელთანაც კომფორტული იყო მუშაობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამისთვის.

დღეს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ვნახეთ, გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელმაც პრემიერის გადადგომას ფაქტიურად მისცა შეფასება, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს პრემიერი არც ყოფილა საერთოდ და შეაფასა ისე, რომ პრემიერები მიდიან-მოდიან, თითქოს ამ ქვეყანაში არაფერი ხდება და პრემიერი მნიშვნელოვანი არ არის. ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან სამწუხარო შეფასება“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

მისივე შეფასებით, რა პროცესთან გვაქვს საქმე, გაურკვეველია.

„სიმბოლურია, რომ დღეს ვიყავით კონფერენციაზე, რომელსაც ჰქვია „საქართველოს ევროპული გზა“, თუმცა ძალიან დაგვაშორებს ევროპისგან ბუნდოვანი გადაწყვეტილებები. ამიტომ დიდი დაფიქრებაა საჭირო, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, ევროპული გზა არის ის, ვინც რეალურად მართავს პროცესს პარტიის თავმჯდომარის რანგში, მოდიან ხელმძღვანელ პოზიციაზე - პრემიერ-მინისტრებად. მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდეს პრემიერ-მინისტრად და რეალურად აიღოს ის ძალაუფლება, რომელიც როგორც ჩანს, ისედაც აქვს, რადგან ამაზე ყოფილმა პრემიერმაც ისაუბრა, რომ ის თანამდებობიდან პარტიის თავმჯდომარემ გადააყენა. მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს მიეცეს შესაბამისი პოლიტიკური მართლაც ევროპული შეფასება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ ან უნდა მოვიგონოთ ადამიანი, რომელიც პირობითად პრემიერ-მინისტრი იქნება, ან პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. თუ ჩვენ ახალ პრემიერ-მინისტრს მოვიგონებთ, ეს იქნება მასკარადი და აბსურდის თეატრი, რომელშიც კიდევ ერთხელ უნდა დავტრიალდეთ. მასკარადი უნდა დამთავრდეს.

კომიკური ფაქტი ისაა, რომ თითქოს ავიწყდებათ პრემიერი რომ კვირიკაშვილი იყო, პარალელურად კი აცხადებენ, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური პრობლემები და სხვა პრობლემები თითქოს არ არსებობს. კითხვის ნიშანს არავინ სვამს - თუ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, პრემიერ-მინისტრი რატომ მოხსნეს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის მოხსნაზე და რა არის რეალური მიზეზი მისი მოხსნის? გარდა ამისა, ყველას ახსოვს პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება, რომ ის არსად აპირებდა წასვლას მრავალი წელი. ის იყო მყარად დარწმუნებული თავის პოზიციაში. სამწუხაროა, რომ არ ისმება კითხვა - რა მოხდა?!“- აღნიშნა აბაშიშვილმა.

კითხვაზე, რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას პრემიერ-მინისტრის გადადგომამ საქართველოს ევროპულ გზაზე, აბაშიშვილმა უპასუხა, თუ ჩვენ გავაგრძელებთ აბსურდს და მასკარადს, მოვიგონებთ პრემიერ-მინისტრს, რეალურად კი გვეყოლება ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს, თუმცა, არ აიღებენ პასუხისმგებლობას აღმასრულებელი ხელისუფლების რეალურ მართვაზე, ეს ცხადია, იქნება შემაფერხებელი საქართველოსთვის ევროპულ გზაზე.

„კითხვის ნიშნები არ გაჩნდება თუ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილი აიღებს. სხვა შემთხვევაში უამრავი კითხვა, თუ შეფასება გაჩნდება ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა