ალექსანდრე თვალჭრელიძე - შეიძლება ვცდები, მაგრამ მთავრობის ახალი შემადგენლობა ბევრისთვის სიურპრიზი იქნება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსსა და ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. თავად ექსპრემიერი და სახელისუფლებო გუნდი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას და ამავე საკითხში კვირიკაშვილის აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს პოლიტიკაში დაბრუნებულ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან.

დამკვირვებელთა უმრავლესობა კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ უკანასკნელ პერიოდში გამართულმა ქუჩის აქციებმა ივანიშვილი დაარწმუნა სამთავრობო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაში. თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერის გადადგომას? რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის კვირიკაშვილის გადადგომის ოფიციალურად დასახელებული მიზეზები?

- ჩემი ღრმა რწმენით, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი წესიერი, ჭკვიანი, გონიერი და აბსოლუტურად ადეკვატური ადამიანია, რომელსაც აქვს ღირსების აღქმის უდავო ნიჭი. მართალი გითხრათ, მის ადგილზე მეც გადავდგებოდი - არ ღირს არც ერთი სავარძელი ამდენ ლანძღვა-გინებად. მისი გადადგომის არა ზედაპირული, არამედ სიღრმისეული მიზეზები ზედმიწევნით უნდა გააანალიზდეს და დღეს ნაადრევია ცალსახად ამაზე საუბარი.

კვირიკაშვილმა თავისი მმართველობის დროს ორი საკრალური შეცდომა დაუშვა. პირველი - ხელიდან გაუშვა ჩვენი მეორე ხელისუფლების ანუ სასამართლო სისტემისა და ძალოვანი სტრუქტურების მართვის სადავეები. და მეორე - მისი ქვეყნის განვითარების საკმაოდ ბუნდოვანი გეგმა ვერ უზრუნველყოფდა საქართველოში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას

თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ბატონმა კვირიკაშვილმა იგრძნო, რომ მმართველობის რესურსი ამოეწურა, რაც ქუჩის აქციებმა აშკარად დაგვანახა. ამ წლების მანძილზე მას დაღლილობა შეეტყო და რაც დრო გადიოდა, ის მოვლენებზე სულ უფრო გვიან რეაგირებდა. მე მჯერა მისი სიტყვების, რომ იგი ცდილობდა ყოველი მოქალაქის პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო, მაგრამ ამისთვის უფრო მეტი იყო გასაკეთებელი.

ჩემი აზრით, ყოველი ახალი არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი უნდა შეიცვალოს - ოთხი წელი სავსებით საკმარისია. ხომ ყოველთვის იცვლება აშშ-ში ოთხი წლის შემდეგ სახელმწიფო მდივანი, თუნდაც იგივე პრეზიდენტის პირობებში.

მაპატიოს ბატონმა გიორგიმ, მაგრამ მან თავისი მმართველობის დროს ორი საკრალური შეცდომა დაუშვა. პირველი, მან ხელიდან გაუშვა ჩვენი მეორე ხელისუფლების, ანუ სასამართლო სისტემისა და ძალოვანი სტრუქტურების მართვის სადავეები. და მეორეც, მისი ქვეყნის განვითარების საკმაოდ ბუნდოვანი გეგმა ვერ უზრუნველყოფდა საქართველოში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

მესმის, რომ ჩვენი იურიდიული სისტემა კომუნისტური წარსულის დანატოვარია და ძალოვანი სტრუქტურების ძალიან ბევრი თანამშრომელი სოციალისტურ საქართველოშიც თავის პოსტებზე იყო. წინა საუკუნის მიწურულსა და ახალი ათასწლეულის დასაწყისში დაიწყო ამ სისტემის თანმიმდევრული რეფორმირება, რომელსაც კურირებას არაჩვეულებრივი ამერიკელი იურისტი ჯეინ ვიგანი უწევდა. მაგრამ შემდგომში სააკაშვილის მმართველობის ცხრაწლიანი პერიოდის დროს ძალოვანი სტრუქტურები, მაპატიეთ კლიშესთვის, მართლაც ძალადობაზე იყვნენ ორიენტირებულნი და ამ ადამიანების მენტალიტეტის შეცვლა უაღრესად რთულია.

წულუკიანმა მხოლოდ ფასადური ცვლილებები განახორციელა. არ ვიცი, ცოდნა, გამოცდილება თუ კეთილი ნება არ ეყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - სასამართლო და პროკურატურა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილებია. გიორგი კვირიკაშვილი ამ ნეგატიურ გარემოს, რასაკვირველია, ხედავდა, მაგრამ პროცესებში პრაქტიკულად არ ჩარეულა

კვირიკაშვილის პრემიერობის დროს მისმა მინისტრმა თეა წულუკიანმა მხოლოდ ფასადური ცვლილებები განახორციელა. არ ვიცი, ცოდნა, გამოცდილება თუ კეთილი ნება არ ეყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - სასამართლო და პროკურატურა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილებია. გიორგი კვირიკაშვილი ამ ნეგატიურ გარემოს, რასაკვირველია, ხედავდა, მაგრამ პროცესებში პრაქტიკულად არ ჩარეულა.

მეორე შეცდომა მისი ეკონომიკური პოლიტიკა იყო, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია.

- კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, - „ივანიშვილის გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ლოგიკაში არ ჯდება - როგორც ჩანს, მილიარდერებს თავიანთი ლოგიკა აქვთ.“

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ივანიშვილის სურვილი გადამდგარიყო კვირიკაშვილი ივანიშვილის მხრიდან სხვა არაფერი იყო თუ არა სახელისუფლებო და სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის ესკალაციის თავიდან აცილების მცდელობა?

- გულწრფელად მგონია, რომ ივანიშვილის მთავარი მიზანია ქვეყანაში სიმშვიდე იყოს და ამის მისაღწევად იგი ნებისმიერ თავის თანაგუნდელს გაწირავს. არ ვიცი, რა უთანხმოება იყო ბატონ ივანიშვილსა და ბატონ კვირიკაშვილს შორის, მაგრამ მგონია რომ ეს უთანხმოება ზუსტად ჩემს მიერ დასახელებულ ჭრილში უნდა დავინახოთ.

ივანიშვილის გადაწყვეტილებები ღრმად გასაანალიზებელია და არა აუგად სალანძღავი

ადამიანს, რომელმაც ნულიდან დაიწყო და საოცარ შედეგებს მიაღწია, რასაკვირველია, არაორდინარული აზროვნება და ლოგიკა ახასიათებს, რომელშიც უბრალო მოკვდავები შეიძლება ვერც კი გავერკვიოთ.

ამიტომ, მაპატიოს ბატონმა ვახტანგმა, ეს არა მილიარდერის, არამედ ძალიან ნიჭიერი ადამიანის ლოგიკაა. ეს ლოგიკა შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, ზოგ შემთხვევაში ეს ლოგიკა ძირითადი პოლიტიკური პროცესების თანხვედრილია, ზოგჯერ - მათი საწინააღმდეგო. ყველა შემთხვევაში, ივანიშვილის გადაწყვეტილებები ღრმად გასაანალიზებელია და არა აუგად სალანძღავი.

- ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ პრემიერ კვირიკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას ივანიშვილი კარგა ხანია გეგმავდა. უკანასკნელ პერიოდში ივანიშვილი მას როგორც პრემიერს ბევრი მხრიდან ასუსტებდა. როგორც თავად ექსპრემიერმა თქვა, ივანიშვილსა და მას ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა რამდენიმე თვეა აქვთ.

პროკურორისა და პრემიერის გადადგომის ორაზროვანმა მოტივებმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა. ორაზროვნებაში იგულისხმება ის, რომ გაუგებარი რჩება - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამო ქუჩაში განვითარებული პროცესებმა განაპირობა პრემიერის გადადგომა, პრემიერის ეკონომიკური პოლიტიკის გამო ივანიშვილის უკმაყოფილებამ თუ კიდევ სხვა რამემ.

ქუჩის აქციებმა დაგვანახა, რომ ხელისუფლებას უამრავი გამოწვევა აქვს. ეს ეხება როგორც საკადრო პოლიტიკას არა მხოლოდ პროკურატურის სისტემაში, არამედ საერთოდ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მართვას.

თქვენი დაკვირვებით, რა ხდება მმართველ გუნდში და რა რესურსი აქვს მას 2020 წლის არჩევნებამდე სერიოზულად გააუმჯობესოს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება?

- როგორც ღარიბაშვილის, ასევე კვირიკაშვილის გადადგომა ეს უკვე წინასაარჩევნო განაცხადია. მე მეჩვენება, რომ ქუჩის აქციები მხოლოდ ბოლო წვეთი იყო. ბატონებს ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის უთანხმოება მართლაც, სულ მცირე, ბათუმში განვითარებული ქუჩის მოვლენების შემდეგ ცალსახა გახდა.

სავსებით უსამართლოა განცხადებები, რომ პრემიერი კვირიკაშვილი ივანიშვილის მარიონეტია, ეს უღირსი პოლიტიკური ლოზუნგია და სხვა არაფერი... შეიძლება ვცდები, მაგრამ მთავრობის ახალი შემადგენლობა ბევრისთვის სიურპრიზი იქნება

ვიმეორებ, გიორგი კვირიკაშვილი ღირსეული ადამიანია და იგი გადაწყვეტილებებს, სწორს თუ არასწორს, თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე უკანმოუხედავად იღებდა. ამიტომ სავსებით უსამართლოა განცხადებები, რომ პრემიერი კვირიკაშვილი ივანიშვილის მარიონეტია, ეს უღირსი პოლიტიკური ლოზუნგია და სხვა არაფერი.

თქვენ კითხვას კი ვერ ვუპასუხებ. მე არა ვარ ჩახედული „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულოში და არაფერი ვიცი მისი ადამიანური რესურსების შესახებ. ერთს კი დავძენ - შეიძლება ვცდები, მაგრამ მთავრობის ახალი შემადგენლობა ბევრისთვის სიურპრიზი იქნება.

- პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ აქტიურად განიხილება მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობის თემა. სახელდებიან ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

ცხადია, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს იმას დაუჭერს, ვისზეც შეჩერდება ივანიშვილის არჩევანი.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, ვის შეარჩევს პრემიერ-მინისტრად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე?

- ბატონი ივანიშვილი პარტიის ლიდერია და რასაკვირველია, მის აზრს მმართველი პარტია დიდ პატივს სცემს. მაგრამ იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ დადგა „ქართულ ოცნებაში“ ცხარე დებატების დრო. რომელ კანდიდატურაზე შეჯერდება მმართველი გუნდი, მომავალი გვიჩვენებს.

- ბევრი საუბრობს იმაზე, რომ პრემიერობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება, რომელმაც როგორც კი ქვეყნის მთავარი ფინანსისტის პოსტი დაიკავა, ცდილობს ბანკების გონივრულად შევიწროებას.

საინტერესოა ისიც, რომ მის ამ ნაბიჯებსა და ინიციატივებზე არ რეაგირებდა არც პრემიერი კვირიკაშვილი და არც ეროვნული ბანკი, რომლის ფუნქციებშიც ფინანსთა მინისტრი ერეოდა. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილი კვირიკაშვილზე იმის გამო არის უკმაყოფილო, რომ იგი ლობირებდა „თიბისი“ ბანკს და გარკვეული ინტერესები ჰქონდა ანაკლიის ფორტის პროექტში.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ის ინფორმაციები, რომელიც ორი დღეა პრემიერის გადადგომის მიზეზებზე საუბრისას გაჟღერდა?

- რაც თქვენ ბატონ მამუკა ბახტაძეზე ბრძანეთ, სიმართლეს შეესაბამება. მე მას პირადად არ ვიცნობ და არ ვიცი, საკმარისი იქნება თუ არა მის მიერ უკვე გამოვლენილი თვისებები საპრემიერო სავარძლისთვის. ვიმეორებ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

როგორი პოლიტიკური გარემოც არ უნდა სუფევდეს, მთავრობაში ადამიანური ფაქტორი გადამწყვეტია

- მომავალი პრემიერის ვინაობაზე ბევრს კი მსჯელობენ, მაგრამ თუ ექსპრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის, შემდეგ ექსპრემიერ კვირიკაშვილის შემთხვევებს გავიხსენებთ, პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება შემდეგი პრემიერი, ვინაიდან ჩვენივე კონსტიტუციით ქვეყნის პირველი პირის - პრემიერმინისტრის უფროსი, ბიძინა ივანიშვილი იქნება. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს აზრი აბსოლუტურად არასწორია. კარგი მეხსიერება გაქვთ და აშკარად გემახსოვრებათ ის სოციალური გარემო, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერობის დროს სუფევდა. ჰგავს ეს გარემო ამჟამინდელს? აბსოლუტურად არა.

როგორც არ უნდა სცემდეს პატივს პრემიერი პარტიის ლიდერის რჩევებს, იგი პიროვნებაა და მისი პიროვნულობა მის მოღვაწეობას აშკარა დაღს ასვამს. როგორი პოლიტიკური გარემოც არ უნდა სუფევდეს, მთავრობაში ადამიანური ფაქტორი გადამწყვეტია.

- პრემიერის გადადგომამდე არა მარტო რუსთაველზე აქციების გამო ქვეყანაში მართლაც უცნაური ვითარება იყო ჩამოყალიბებული, რომელიც ახლაც გრძელდება. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერის გადადგომის შემდეგ ლოგიკური იქნებოდა თუ ამ გადადგომას ვადამდელი საპარლამენტო მოჰყვებოდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკანასკნელ პერიოდში შიდა პოლიტიკაში დაწყებულ პროცესებს და თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ქუჩაში დაწყებული პროცესის გამო ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს?

- მაშინ, მაგალითად, ისრაელსა და იტალიაში არჩევნები ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა დაინიშნოს. არასაპარლამენტო ოპოზიცია სულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს, მაგრამ რომც დაინიშნოს ასეთი არჩვენები, იგი ამ არჩევნებს წააგებს და პოლიტიკური სპექტრი დიდად არ შეიცვლება.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიცია ამ არჩევნებს წააგებს და პოლიტიკური სპექტრი დიდად არ შეიცვლება

მთავრობის გადადგომა ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და მას არჩევნებთან არავითარი კავშირი არა აქვს. კონსტიტუციაში კარგად არის გაწერილი, როდის უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ჩვენ ეხლა სულ სხვა ვითარების წინაშე აღმოვჩნდით.

- ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოუძიებლობის გამო რუსთაველზე გამართულმა აქციებმა დაგვანახა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების რადიკალურად შეცვლა.

გია ხუხაშვილის მტკიცებით, - „ხელისუფლებას თვითგადარჩენის ინსტიქტმა მაინც უნდა უკარნახოს, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემაში ვითარების შესაცვლელად“.

რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით მართლაც რეალურ ნაბიჯებს გადადგამს?

- თქვენს მიერ დასახელებული აქციები ლაკმუსის ქაღალდი იყო, რომელმაც სრული სიცხადით გამოაააშკარავა ჩვენი საზოგადოების, ვიმეორებ, ჩვენი საზოგადოების და არა მმართველი გუნდის, სისუსტეები.

ახალი მთავრობის უპირველესი გამოწვევა ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირება და სამართლიანობის აღდგენა იქნება. ამას დრო დაჭირდება და გაუმკლავდება თუ არა მთავრობა ამ გამოწვევას ჩვენ 2020 წლი არჩევნები გვიჩვენებს.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”