ილემის საჯარო სკოლა პროგრამის „მომავლის თაობის“ კონკურსის გამარჯვებული გახდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლა, პროგრამა „მომავლის თაობის“ კონკურსის გამარჯვებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სკოლას პროექტის ხელმძღვანელები სტუმრობდნენ.

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია PH-International საქართველოს ოფისი, USAID-ის დაფინანსებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს, ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. პროექტის პარტნიორი იმერეთში „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრია“. პროექტის მიზანია მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამების გაუმჯობესება, რაც მოსწავლეებს ნასწავლის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებასა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში აქტიურ ჩართულობაში ეხმარებათ.

„ილემის საჯარო სკოლა, ტაბაკინის, ქვედა საზანოსა და შროშის საჯარო სკოლებთან ერთად, მცირე გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. სკოლაში, მოსწავლეთა ინიციატივითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ზვიად ნიქაბაძის ხელშეწყობით, სამოქალაქო აქტივობის კლუბი „ედელვაისი“ დაარსდა, რომლის ძირითადი საქმიანობა სოფლად ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ეთმობა. სკოლის შენობაში, ადმინისტრაციის დახმარებით, კლუბს გამოუყვეს და გაურემონტეს ოთახი, რომელიც მოგებული გრანტის მეშვეობით, შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც ამ კლუბში არიან გაწევრიანებულნი, ნარჩენებისგან რამდენჯერმე გაწმინდეს მდინარე ილმულას ხეობა, განათავსეს ბანერები, პირადად ესაუბრენ და ეკოლოგიური შინაარსის ბროშურები დაურიგეს ადგილობრივ მოსახლეობას. დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მათივე მოთხოვნით განთავსდა ნაგვის ურნები. სკოლის ეზოში მოაწყვეს სკვერი და აქციის „ყველამ დავრგოთ ერთი ხე“ ფარგლებში, მოსახლეობასთან ერთად დარგეს ნერგები. ასევე, შესაბამისი სამსახურებიდან მოითხოვეს სოფელ ილემში დასუფთავების სერვისის შემოღება, რაც გზის რეაბილიტაციის შემდეგ შესრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მუნიციპალიტეტის ცნობით, PH-International-ის გრანტების კოორდინატორმა, ინგა ქიბროწაშვილმა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის იმერეთის რეგიონის პროექტის კოორდინატორმა, თეა შელიამ, მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების გაღრმავების მიზნით საჭირო ლიტერატურა გადასცეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ილემის მაჟორიტარმა, ჯემალ გორგოძემ მოსწავლეებს ჯანსაღი სამოქალაქო აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.