ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვსა და მის თანხმლებ პირებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს საქართველოს რელიგიური პოლიტიკა გააცნო, კონფესიების ქონებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფოს მხრიდან მათი ფინანსური ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და კონფესიათა მშვიდობიან თანაარსებობას, რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის საკითხებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა მუსლიმი თემისთვის გადაცემულ მეჩეთებზე და იმ კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობაზე, რაც აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეობის დასახმარებლად ხორციელდება. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანელ მოსახლეობას საშუალება აქვს, მშობლიურ ენაზე მიიღოს განათლება, ტელეეთერითა და პრესით კი - ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ფუნქციონირებს თეატრი, აზერბაიჯანული ანსამბლები და სხვა.

სტუმარმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სააგენტოს მცირეხნიანი ფუნქციონირების მიუხედავად, ბევრის გაკეთება მოხერხდა და გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ანალოგიურ სამსახურთან ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი გახდება. დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა კონფესიისთვის შესანიშნავი პირობები არის შექმნილი და მასპინძელ მხარეს გაუზიარა რელიგიის კანონზე მუშაობის გამოცდილება. ფუად მურადოვის თქმით, საქართველოში მისი ვიზიტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დასასრულს, მან რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე აზერბაიჯანში მიიწვია.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს მოწვევისათვის და გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ჩაერთვება იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც საინგილოში მცხოვრებ ქართველებს აწუხებთ.