ხვალ სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის დასრულების ცერემონიალი გაიმართება

დაავადების კონტროლის ცენტრში ხვალ ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ კურსდამთავრებულების სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიისსწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) დასრულებისა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრიდან აცნობეს, ცერემონიალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი, სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის დირექტორი (სკ/სელსპ). ასევე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის რესპუბლიკების მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა ეს არის პარტნიორული პროგრამა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან /სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურებთან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზაზე 2009 წლიდან. ბოლო წლებია პროგრამაში ჩაერთნენ უკრაინელი მსმენელები. მსოფლიოს მასშტაბით არსებული 50 ანალოგიური პროგრამის მსგავსად სკ/სელსპ სწავლებას უტარებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარული დარგის სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ მასპინძელ ქვეყანებში. სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის მიზანია ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა პარტნიორ ქვეყნებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცენტრის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა არის ორწლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თეორიულ სწავლებას - საკლასო ოთახში და პრაქტიკულ მუშაობას მენტორების ზედამხედველობის ქვეშ დაავადების ეპიდზედამხედველობის, ეპიდაფეთქების დროული გამოვლენის, პრევენციისა და კონტროლის სფეროებში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამი ექსპერტი ხელმძღვანელობს პროგრამას მასპინძელი ქვეყნის კოლეგებთან თანამშრომლობით.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აღნიშნული პროგრამისათვის წარმოადგენს მასპინძელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ამჟამად, სწავლების სრული ციკლი გაიარა მსმენელთა მე-8 კოჰორტამ (19 სპეციალისტი),ხუთი აზერბაიჯანელი, ოთხი სომეხი, სამი უკრაინელი და შვიდი ქართველი - ოთხივე ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან.