თემურ აბაზოვი - კანონი არის ჩემთვის პირველი, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია

შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე, პოლიციის აკადემია დავამთავრე, კანონი არის ჩემთვის პირველი, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია, - ამის შესახებ მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

აბაზოვი მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. მისი თქმით, იგი კანონმომრჩილი ადამიანია და მიმალვას არ აპირებს.

„კანონი არის ჩემთვის პირველი, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ. კიგბოქსინგში აზერბაიჯანში ჩემპიონი გავხდი. რაც შეეხება ჩემს გაქცევას, მე მისამართიც არ ვიცოდი პროკურორი სად იყო და ვითხოვე, ამიხსენით მეთქი და არ მივმალულვარ. ვახშამზე ვიყავი და განრიგიც კი შევცვალე, რომ 12:00 საათზე პროკურატურაში ვყოფილიყავი. ასი წელიც რომ მომისაჯონ, კანონს დავემორჩილები. გამორიცხულია ჩემი გაქცევა. ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ. ჩართული ვარ გამოძიების პროცესში. დღე და ღამე მარნეულში ვმუშაობდი კანონის ფარგლებში. გეფიცებით, ქალბატონო მოსამართლე, საკრებულოს თავმჯდომარეც კი დავაჯრიმე, როცა დასაჯარიმებელი იყო. არავის თხოვნას არ ვითვალისწინებდი“, - აღნიშნა თეიმრაზ აბაზოვმა.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს