ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვიცით მამუკა ბახტაძის პრინციპები, მისი ღირებულებები, ვიცით მისი გუნდურობის შესახებ და ამ პრინციპებით იმოქმედებს ის

ჩვენ ვიცით მამუკა ბახტაძის პრინციპები, მისი ღირებულებები, ვიცით მისი გუნდურობის შესახებ და ამ პრინციპებით იმოქმედებს ის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, მამუკა ბახტაძემ 2012 წლის აგვისტოში 20 ათასი ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა.

კობახიძის თქმით, იგი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, ყველა კითხვას პასუხს ბახტაძე გასცემს. „ვერ გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არა მაქვს. ყველა კითხვას ბატონი მამუკა გასცემს პასუხს. ჩვენთვის მთავარია ერთი რამ, ვიცით მამუკა ბახტაძის პრინციპიები, მისი ღირებულებები, ჩვენ ვიცით მისი გუნდურობის შესახებ და ამ პრინციპებით იმოქმედებს მამუკა ბახტაძე, ამაში ვართ დარწმუნებული და აქედან გამომდინარეობდა ჩვენი გადაწყვეტილება მისი დასახელების თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრობის რამდენიმეთვიან პერიოდში შეძლო ისეთი ინიციატივების წარდგენა, რომელმაც გამოიწვია სერიოზული პოზიტიური ძვრები ეკონომიკურ განვითარებაში.

„მას აქვს ასეთი ინიციატივები, აქვს ასეთი გამოცდილება და დარწმუნებული ვართ, კიდევ ერთხელ, როდესაც წარდგება პარლამენტის წინაშე, ის წარმოადგენს ახალ ინიციატივებს, რომელთა მიზანი იქნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რომლის მიზანი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა და განვითარება“, - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა