ნინო ლომჯარია ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით, შს სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.

როგორც ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, სახელმწიფოს გამოსაძიებელი აქვს ვინ და სად გაიყვანა ვანო მერაბიშვილი.

„არაერთგზის ვახსენე, რომ არა მარტო რევიზია უნდა მოხდეს უკვე ჩატარებული გამოძიების, არამედ, პარალელურად უნდა მოხდეს აქცენტირება - ვინ რა როლი შეასრულა ამ პროცესებში, ვინ ჩაერია და რატომ ჩაერია?! ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ნაბიჯი გამოძიებამ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რადგან ეს უკავშირდება სხვა სისტემურ პრობლემებსაც, რომელიც სამართალდამცავ სისტემებში არაფორმალურ მმართველობასთან მიდის. მაგალითად, ვიცით, რომ დაიჭირეს მირზა სუბელიანი, ის ბრალს აღიარებს, თუმცა, ეს არაფერს ცვლის და საბოლოოდ, ბრალი უნდა დაუმტკიცდეს სასამართლოს მიერ, მაგრამ ჩვენ არაერთგზის გვესმოდა, რომ ის იყო ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროში და მისი გავლენები უკავშირდება თუნდაც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას, რომელიც ფაქტობრივად დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

შესწავლილი მაქვს ყველა საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა და ყველა ასეთ საქმეზე სტრასბურგი საქართველოს ეუბნება, რომ უნდა გამოიძიოთ, დაადგინოთ და პასუხისგებაში მისცეთ ყველა ის პირი, ვინც ამაში მონაწილეობდა. ქვეყანა აქ ასე მარტივად ვერ გამოძვრება, თუ პრეცედენტებს მივყვებით, სტრასბურგი, ალბათ, ძალიან მალე იტყვის, რომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ ამ კვალს მივყავართ ოთარ ფარცხალაძესთან, რომლის არაფორმალურ გავლენებზეც პროკურატურაში, ყველა ინფორმირებული ვართ. გავიხსენოთ ყოფილ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი, სადაც ის ფიგურირებს და ეს საქმე გამოუძიებელია. ხორავას ქუჩის ინციდენტშიც იჩინა თავი. სახელმწიფოს მაინც აქვს გამოსაძიებელი და დასადგენი ვინ გაიყვანა და სად გაიყვანეს ვანო მერაბიშვილი. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიწყოს გამოძიება და გამოიძიონ. ეს იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი, რითაც ამ მითქმა-მოთქმას პასუხს გასცემენ - დაადასტურებენ ან უარყოფენ. მაგრამ ფაქტია, რომ აზრი მუსირებს და ამ კაცის სახელი და გვარი ბევრ საქმეში როგორც არაფორმალური გავლენის მქონე ადამიანის, ფიგურირებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ და დასძინა, რომ მას ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

„შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს, თუმცა, ის ხომ მაინც ვიცით, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით საქმე გამოსაძიებელია და ამას სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს