ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2018

მამუკა ბახტაძის მთავრობაში ქუმსიშვილი, ჯანელიძე და გიორგაძე არ იქნებიან, წულუკიანი კი ალბათ დარჩება

დენის იმპორტის გარეშე საქართველო ზაფხულშიც კი უძლურია***

მამუკა ბახტაძის მთავრობაში ქუმსიშვილი, ჯანელიძე და გიორგაძე არ იქნებიან, წულუკიანი კი ალბათ დარჩება

"ქართული ოცნების" მეოთხე პრემიერ-მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტი მამუკა ბახტაძე გახდა. ახლა მთავარი ინტრიგაა, ივანიშვილი ვის გაუშვებს სახლში და ვის დატოვებს მთავრობაში, რაც მომავალ კვირას გახდება ცნობილი, რადგან ბახტაძე ახალ ხედვასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას კვირის დასაწყისში, დიდი ალბათობით, სამშაბათს წარადგენს. უკვე თითქმის დადასტურებულად ითქვა, რომ, გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად, სახლში წავლენ დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხეილ ჯანელიძე, ორივე უშუალოდ კვირიკაშვილის კადრია. ასევე, ითქვა, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობას გამოემშვიდობება მიხეილ გიორგაძე. ყველაზე დიდი მოლოდინია, დარჩება თუ არა ახალ მთავრობაში თეა წულუკიანი, რომლის გადადგომას, უკვე კვირაზე მეტია, აქტიურად ითხოვს მესამე სექტორი. მედიაში ითქვა, რომ ახალ კაბინეტში არ იქნება თეა წულუკიანი და მის ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე განიხილებოდა, თუმცა "ოცნების" კულუარებში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს და საბოლოოდ რას გადაწყვეტს ივანიშვილი, მხოლოდ მომავალ კვირას გახდება ცნობილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, მამუკა ბახტაძის მთავრობაში ქუმსიშვილი, ჯანელიძე და გიორგაძე არ იქნებიან, წულუკიანი კი ალბათ დარჩება.

"ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე ჯანელიძის შემცვლელად დავით ზალკალიანი სახელდება, რომელიც დღეს მინისტრის მოადგილეა. მიხეილ გიორგაძის ნაცვლად, მომავალ კულტურის მინისტრად მოიაზრება საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი. დიმიტრი ქუმსიშვილის შემცვლელზე ჯერ არაფერი თქმულა. ითქვა, რომ მამუკა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრად შეცვლის მისი ერთ-ერთი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია. ერთადერთი გუშინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ნაწილობრივ, რომ ის წავიდოდა. მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ "მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს". თეა წულუკიანმა კი მის შესაძლო წასვლაზე შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ "დაველოდოთ მოვლენების განვითარებას" და ის ყოველთვის იყო და არის "ქართული ოცნების" გუნდური მოთამაშე", - აღნიშნავს გამოცემა.

"14 ივნისს, საღამოს 5 საათისთვის, "ქართული ოცნების" სათავო ოფისში შეიკრიბნენ უმრავლესობის დეპუტატები თითქმის სრული შემადგენლობით, უკვე მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლები და ერთ საათში უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ახალ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი იყო, ბახტაძეს თავად ბიძინა ივანიშვილი წარადგენდა. ივანიშვილი ბრიფინგზე არ გამოჩენილა. მან პარტიის შენობა იმ წუთებში დატოვა, როდესაც მამუკა ბახტაძე პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდა. გაირკვა, რომ ერთსაათიან შეხვედრაზე ბახტაძის კანდიდატურა უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა და ყველა ერთხმად დაეთანხმა. პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ ბახტაძემ განაცხადა, რომ მას ქვეყნის განვითარებისთვის 4-პუნქტიანი გეგმა აქვს. მას მთავრობის ახალ შემადგენლობაზე არ უსაუბრია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც თქვეს, რომ სახელობითი მსჯელობა არ ყოფილა ამ შეკრებაზე, თუმცა ადასტურებენ, რომ საკადრო მსჯელობა აუცილებლად იქნება და კონსულტაციები გუნდის მონაწილეობით იგეგმება", - განაგრძობს გამოცემა.

"აღსანიშნავია, რომ შეკრების დაწყებამდე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დააანონსა, რომ მათთვის ამოსავალი კრიტერიუმები, პირველ რიგში, ისაა, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს ეკონომიკური განათლება და ეკონომიკის სფეროში საქმიანობის გამოცდილება. გარდა ამისა, ბახტაძის შექება არ დაიშურეს "ოცნების" დეპუტატებმა და, ამდენად, უკვე მთელი მედია დარწმუნებული იყო, რომ ახალ პრემიერ-მინისტრად სწორედ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს დაასახელებდნენ.

"ქართული ოცნების" მმართველობის 6 წლის განმავლობაში მამუკა ბახტაძე უკვე მეოთხე პრემიერ-მინისტრია. ის 36 წლისაა და მთავრობის წევრი 2017 წლის ნოემბრიდანაა. ბახტაძეს ბოლო 7 თვის განმავლობაში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა და მისი დანიშვნისთანავე ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი მომავალ პრემიერ-მინისტრად ამზადებდა. ფინანსთა მინისტრობამდე ბახტაძეს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა 2013 წლიდან 4 წლის განმავლობაში. მისი დირექტორობის დროს რკინიგზის ტვირთბრუნვა და მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი, ასევე, შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა, რის გამოც ის ოპოზიციისა და ექსპერტების დიდი ნაწილის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. მაგალითად, 2013-2016 წლებში რკინიგზის ჯამური წმინდა მოგება 104 მილიონი იყო, რაც 3.7-ჯერ ნაკლებია 2009-2012 წლების (389 მლნ) შესაბამის მაჩვენებელზე. ეკონომიკის ექსპერტების თქმით, ბახტაძის კარიერა "რკინიგზის" ხელმძღვანელობისას წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ, ექსპერტების უმეტესობის შეფასებითვე, ფინანსთა მინისტრის რანგში იყო წარმატებული. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა განახორციელა საგადასახადო კუთხით, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს და რეფორმა გატარდა ბანკების მიმართულებითაც", - დასძენს გამოცემა.

"გარდა ამისა, ბახტაძეს გუშინ გაუხსენეს ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველი იყო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, 2012 წლის 2 აგვისტოს, მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე 20 ათასი ლარი აქვს გადარიცხული. რეესტრის მიხედვით, ბახტაძე ამ პერიოდში "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას" დირექტორობდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო კომპანია "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", რომელიც დავით ბეჟუაშვილს ეკუთვნის. ეს კომპანია ტყიბულის მინდელის სახელობის შახტს მართავს. დავით ბეჟუაშვილი კი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატია. ჟურნალისტებმა ბახტაძის შემოწირულობის თემაზე შეკითხვა გუშინ "ოცნების" რამდენიმე დეპუტატს დაუსვეს. გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებას მათრახითა და კონვეიერული წესით ჰქონდა ფულის "ახევის" მექანიზმები აწყობილი და მექანიკურად ხდებოდა შემოსავლიდან უხეში ჩამოჭრა. ხოლო როგორ კეთდებოდა ეს, შეუძლია, თავად ბახტაძემ განმარტოს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მან არ იცის, ბახტაძემ დააფინანსა თუ არა 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობა" და ბატონი მამუკა ყველა კითხვას გასცემს პასუხს. მისი თქმით, მათთვის მთავარია, რომ იციან მისი პრინციპები, ღირებულებები და გუნდურობა, რომ ის გამორჩეულია განათლებითა და მრავალმხრივი გამოცდილებით და რომ პრემიერის პოსტზე ღირსეული კანდიდატი შეარჩიეს. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ეს უხერხულობა შეიქმნა მაშინ, როცა ბახტაძე მინისტრად ინიშნებოდა, მაგრამ მან ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი და რომ "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსებაში თავად ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია - ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როცა ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა. ერთადერთი ნუკრი ქანთარიას შეფასება იყო განსხვავებული. მისი თქმით, "თუკი ეს ინფორმაცია მართალია, რასაკვირველია, წამოსაძახებელი იქნება". ბრიფინგზე მომავალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას ქვეყნის განვითარებისთვის რამდენიმეპუნქტიანი გეგმა აქვს. "პირველი - ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროპულ სივრცეში სრული ინტეგრაცია. "მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით, ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს. შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიურ მდგომარეობას შორის. "მესამე - მცირე მთავრობის კონცეფცია, საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავდროულად მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები, მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავე დროს ანტიკორუფციული ხაზით. "მეოთხე - განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა", - განაცხადა ბახტაძემ", - წერს სტატიის ავტორი.

დენის იმპორტის გარეშე საქართველო ზაფხულშიც კი უძლურია

"საქართველო ელექტროენერგიის დეფიციტს ვერ ერევა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე ზაფხულშიც გვჭირდება დენის იმპორტი, როცა ადრე ამის საჭიროება მხოლოდ ზამთრის პერიოდში იყო. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ყოველ თვე ქვეყანა შემოტანილი ელექტროენერგიით მარაგდება. ასე იყო შარშანაც და შარშანწინაც. ენერგოსექტორში მდგომარეობა ყოველ წელს მძიმდება. ქვეყანაში ელექტროენერგიის სერიოზული დეფიციტია, უკვე ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ ამავე დროს უნდა შეიზღუდოს დენის მოხმარებაც, რაც ძირითადად კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესსა და აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებას უკავშირდება. ერთიც და მეორეც ქვეყნის ენერგოსისტემაზე უარყოფითად მოქმედებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, დენის იმპორტის გარეშე საქართველო ზაფხულშიც კი უძლურია.

"ენერგოდეფიციტის ტენდენციას რეალურად ვერაფერს ვუპირისპირებთ. დეპუტატი რეზო არველაძე იმპორტის ზრდის მიზეზად ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ასეთი მდგომარეობა საინვესტიციო პროექტების შეჩერებამ განაპირობა. "ელექტროენერგიის მოხმარების საკმაოდ დიდი ტემპია. ჩვენ თუ არ ვაწარმოებთ ელექტროენერგიას, იძულებული ვართ, მეზობელი ქვეყნებიდან მივიღოთ. იგივეა თბოელექტროსადგურებთან დაკავშირებითაც. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად დიდია წყლის ჩამონადენი, რათა ჰესებმა კარგად იმუშაოს. ამ მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობა გვქონდა 2010 წელს, როცა ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის - 9,6 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია ვაწარმოეთ. 2018 წელსაც ამ მხრივ ცოტა უკეთესი მდგომარეობა იყო. ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შეყვანის ტემპით ვერ ვეწევით მზარდ მოთხოვნილებას და ესაა პრობლემა. საინვესტიციო პროექტები აღარ არის და ესეც ყველა უბედურების სათავეა. გასული 4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი იყო ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ აგიტაცია. ამაში ჩართეს მსოფლიოში ავტორიტეტული ადამიანებიც და საბოლოოდ ინვესტორები დაფრთხნენ. შედეგად მივიღეთ ის, რომ ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო პროექტები შეჩერდა", - აცხადებს "რეზონანსთან" არველაძე", - აღნიშნავს გამოცემა.

"ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ დენის იმპორტი ოქტომბრიდან კიდევ უფრო გაიზრდება და ეს ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. მართალია, სახელმწიფოს ძალიან კარგი პროექტები აქვს ენერგეტიკის სფეროში, მაგრამ მათი განხორციელება არ იწყება. მოსახლეობის პროტესტს სახელმწიფო წააწყდა ხუდონჰესთან დაკავშირებით. წესით, პროექტი უკვე უნდა იყოს დაწყებული, მაგრამ ხალხთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა. ახლა წინააღმდეგობა მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც არის. აქედან გამომდინარე, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი საგრძნობლად შეფერხდა, რაც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება", - განაგრძობს გამოცემა.

"ენერგეტიკოსი გია არაბიძე კი ამბობს, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა გარკვეულწილად უკავშირდება ტურიზმს, ანუ ზაფხულის ინფრასტრუქტურას, რასაც ბოლო დროს ე. წ. ციფრული ვალუტის გამომუშავების მანია დაემატა. ელექტროენერგიის დეფიციტს შეიძლება დავუპირისპიროთ თბოელექტროსადგურები ზამთრის პერიოდში, მაგრამ აქ დგას მეორე სერიოზული პრობლემა ბუნებრივი აირის სახით, რომელიც დაახლოებით 800 მლნ კუბ/მ მაინც გვჭირდება დენის იმპორტის შესამცირებლად. 2019 წლისთვის შესაძლებელია, სოციალური გაზის მოცულობა გავზარდოთ იმ დონემდე, რომ დენის იმპორტის შემცირებაზე ვიფიქროთ. ელექტროსადგურების აშენება არ არის მარტივი საქმე. საშუალო და მსხვილი ჰესების მშენებლობის ხანგრძლივობა 5-6 წელია. ამიტომ დაპროექტებაც და მშენებლობის დაწყებაც დროულად უნდა მოხდეს. მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ ენერგეტიკის განვითარება უნდა უსწრებდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ჩვენთან გარკვეული მიზეზების გამო ჰესების მშენებლობა ვერ ხერხდება", - დასძენს გამოცემა.

"დენის დეფიციტიდან გამომდინარე, ენერგეტიკოსები საუბრობენ იმაზეც, რომ აფხაზეთის მიმართ ენერგეტიკული პოლიტიკა შესაცვლელია და ეს ნაბიჯი დროულად უნდა გადაიდგას. ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტი მირონ ფირცხელიანი ფიქრობს, რომ სწორი მმართველობის პირობებში პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება.

"ახალი არაფერია, მუდმივად ვსაუბრობთ, რომ მიდგომა შესაცვლელია, მაგრამ ახალს ვერაფერს ვაკეთებთ. საქართველოს მთავრობის პოზიცია უნდა შეიცვალოს. თუკი საჭიროა ხისტი ნაბიჯების გადადგმა, ამის არ უნდა შეგვეშინდეს, პრობლემა თანდათან მოგვარდება. არ იქნება ასე და ისევ დავზარალდებით! არ ვიცი, რას მოგვიტანს სამთავრობო დონის შეხვედრები. კარგს არაფერს ველოდები. უკვე 2 წელია, მიდის აფხაზეთის გამრიცხველიანებაზე საუბარი, მაგრამ ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძრა. ყოველთვის, ყველა დიალოგსა და მოლაპარაკებაში ქართული მხარე ზარალდება", - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო