რომან კაკულია - მამუკა ბახტაძის კანდიდატურა შეირჩა მისი განათლების, გამოცდილების და იმ ინიციატივების მიხედვით, რომელიც მას აქვს

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და მამუკა ბახტაძის კანდიდატურა შეირჩა მისი განათლების, გამოცდილების, პიროვნული თვისებების და იმ ინიციატივების მიხედვით, რომელიც მას აქვს ეკონომიკის განვითარების შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია მას იმდენი კომპლიმენტი არ ვუთხრათ ყველამ ერთად, რომ შემდეგ თავად გაურთულდეს ჩვენთან ურთიერთობები.

„ახლა გუნდის მობილიზებაა საჭირო, რომ მან საპარლამენტო მხარდაჭერა მიიღოს და თვითონ ჩამოაყალიბოს ის გუნდი, რომელმაც თვისობრივად ახალი ნაბიჯი უნდა გადადგას, სწორედ, იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც დღეს გვაქვს“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ყველამ დაინახა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრობლემების სწორად აღქმის უნარი და მის ინიციატივებში გამოხატული მკაფიო და გაბედული ნაბიჯები.

„ყველას გვესმის, რომ დღეს არსებობს საქართველოში მიზნობრივი ჯგუფები და ის სოციალური ფენა, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირს. ის დაგეგმილი რეფორმები და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით და რომელიც კვლავ რჩება ძალიან მნიშვნელოვან გადადგმულ ნაბიჯებად, სამწუხაროდ, ვერ შეეხო ყველას. ეს მხოლოდ მამუკა ბახტაძის მიერ დანახული პრობლემა არ არის, ცხადია, ამას გუნდიც ხედავდა, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ახალი ორიენტაცია, საქმისადმი ახალი ენერგიით მიდგომა და ამ გაგებით ცვლილება, ალბათ, ძალიან სწორია, ახალი ენერგია და პრობლემების დანახვის უნარი მნიშვნელოვანია.

გუნდს, რომელიც გადადგა, ძალიან უმადური საქმე ჰქონდა ჩაბარებული - საფუძველი ჩაეყარა ძალიან ფუნდამენტალური პრინციპებისთვის ეკონომიკის განვითარებას, რომელსაც შედეგები მოგვიანებით მოჰყვება და მინდა ვთქვა, რომ იმ შედეგებში, რომელსაც მამუკა ბახტაძე თუ სხვა პრემიერები და მინისტრები მომავალში მიაღწევენ, დიდი წვლილი პრემიერ კვირიკაშვილის გუნდის იქნება. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკის განვითარების ზოგადი ხედვა, განათლებაზე აქცენტები, ტურიზმის წინა პლანზე წამოწევა და ბევრი საკითხი, რომლის საფუძველიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა იყო“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რომან კაკულიას განცხადებით, მიმდინარე სამთავრობო ცვლილება არავინ უნდა გაიგოს ისე, რომ თითქოს კვირიკაშვილის გუნდის საქმიანობა უარყოფითად შეფასდა.

„მომავალი წარმატების საფუძველი აუცილებლად იქნება აქამდე გადადგმული ნაბიჯები. ყველას გვესმის, რომ მთავრობა წარმატებული მაშინ არის, როცა ეს წარმატება საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი. ამ მხრივ, ცხადია, გამოწვევები გვქონდა, დღესაც გვაქვს და იმედი მაქვს, ეს ახალი ენერგია, სწორედ, ამ პრობლემისადმი იქნება მიმართული. მე მხარს დავუჭერ ბახტაძის კანდიდატურას და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხედვაც. ინიციატივები მნიშვნელოვანია, მაგრამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა სხვა ხარისხის პასუხისმგებლობაა და ხედვებთან ერთად გუნდური მუშაობა არის საჭირო.

აუცილებელია მთელი გუნდი გავერთიანდეთ მნიშვნელოვან პრობლემებზე და ეს პრობლემები არის სწორედ, საზოგადოების ჩართულობა და მათთვის ზოგადი დოვლათის გადანაწილების მექანიზმების მოძებნა. საზოგადოების მხოლოდ ნაწილი კი არ უნდა დაადგეს კეთილდღეობის გზას, არამედ, დოვლათის გადანაწილება უნდა გახდეს უფრო სამართლიანი, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ საბაზრო ეკონომიკას ვაშენებთ და მას თავისი პრინციპები აქვს. საკმაოდ რთულია ისეთი გადანაწილების მექანიზმების მოძებნა, რომელიც სიცოცხლისუნარიანი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების როლი, რეგიონების დონეზე ადეკვატური პრიორიტეტების განსაზღვრა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს ბიზნესის დაწყებაში და მივცეთ საშუალება, რომ ბანკებთან არ დარჩნენ მარტო. უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ სესხების აღების პროცესში, არამედ, ბიზნესის დაწყების პროცესშიც. ჩვენ მათ უნდა ვასწავლოთ ინტენსიურად, რა აკეთონ და როგორ აკეთონ. ეს გამოწვევები დგას და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს