თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო ივლისში დაიდგმება

თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო ივლისში დაიდგმება. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საპირფარეშოები 30 ადგილზე განთავსდება, მათ შორის ტურისტულ ზონებშიც.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ცნობილია, რომ საპირფარეშოებით მომსახურებისთვის თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე „მეტრომანითა“ და სხვა პლასტიკური ბარათებით.

„საპირფარეშოები ისე იქნება მოწესრიგებული, რომ ექნება ავტომატური რეცხვა და ადამიანის ჩარევა ნაკლებად იქნება,“ - განმარტავენ ქონების მართვის სააგენტოში.

კომპანია „სითი ბოქსს,“ რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოებს განათავსებს, ვალდებულება აქვს, ობიექტები შშმ პირებისთვის ადაპტირებული იყოს, ასევე საინფორმაციო წარწერებზე დატანილი იყოს ბრაილის შრიფტი. ამასთან, საპირფარეშო აღჭურვილი იქნება ბავშვისთვის გამოსაცვლელი მაგიდით.

„ეს იქნება მზა კონსტრუქცია, რომელიც უკვე შეკვეთილია და უნდა ჩამოიტანონ. კონსტრუქციები იქნება ანტივანდალური, ანუ სპეციალური მასალით დამზადებული. მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგებული და გამზადებულია და დადგმა სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება“, - განმარტავენ ქონების მართვის სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, ანტივანდალური და ავტომატიზირებული საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი მოიჯარე იქნება, რომელიც ასევე ვალდებულია, ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში 24-საათიანი რეჟიმით განახორციელოს.

საპირფარეშოს მომსახურების საფასური ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც მერიის ქონების მართვის სააგენტოში განმარტავენ, ფასს კომპანია განსაზღვრავს.

საზოგადიოებრივი საპირფარეშოები შემდეგ ადგილებში გათავსდება: მეტროსადგური დიდუბის ზედა და ქვედა შესასვლელები, ჭავჭავაძის გამზირის N30-ის მიმდებარედ, ათონელის ქუჩაზე ალექსანდრეს ბაღთან, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, სააკაძის მოედანი, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ და მოპირდაპირედ გულიას ქუჩაზე, ჩაჩავას ქუჩის N1-ის მიმდებარედ, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ ქეთევან წამებულის ქუჩა, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე, რიყის პარკში, დიღმის მასივში ე. მიქელაძის ქუჩის N12, აღმაშენებლის გამზირი N 19 მდებარე სკვერში, გურამიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ, ც.დადიანის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ, მეტროსადგურ ავლაბართან, კიკვიძის ბაღში, ც. დადიანის ქუჩაზე მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარედ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, აგლაძის ქუჩის N1-ის მიმდებარედ - ელიავას ზედა შესასვლელთან, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე - „დეზერტირების“ ბაზრის მიმდებარედ, სადგურის მოედანზე, კახეთის გზატკეცილზე (ლილო), ბაგებში - ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე, დიღმის მასივში - მაიაკოვსკის სახელობის სკვერსა და საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებული აუქციონის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანია „სითი ბოქსს“ საზოგადოებრივი საპირფარეშოები დეკემბერში უნდა განეთავსებინა, თუმცა მიწისქვეშა კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვადამ 6 თვით გადაიწია. მიწის ნაკვეთები, სადაც საპირფარეშოები უნდა დაიდგას, „სითი ბოქსს“ 20-წლიანი იჯარით გადაეცა.