აჭარაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია შეიქმნა

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეკომენდაციით, რეგიონში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომისიის პრეზენტაციაზე, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, IFES-ის გენდერული პროექტების მენეჯერი ლადო მკერვალიშვილი, USAID-ის პროექტების მენეჯერი ხათუნა კუნჭულია, IFES-ის საქართველოს ხელმძღვანელი ქეთი მაისურაძე და ახლად შექმნილი კომისიის წარმომადგენლები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის დებულების პროექტი და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა ამავე საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, უწყებათაშორის კომისიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს, მთავრობის, უმაღლესი საარჩევნო კომისიის, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შედიან. კომისიის მიზანი აჭარაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელება, პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური თანასწორობის გაძლიერებისთვის რეგიონულ უწყებებთან ღია, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაა.

პრეზენტაციაზე, რომელსაც რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა უწყების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლებმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის დებულებას მოაწერეს ხელი.

ღონისძიება, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID)და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართა, IFES-ის მიერ გენდერული თანასწორობის თემატიკაზე გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა.