თამარ ჩუგოშვილი - ძალადობის პრობლემა ყველაზე მწვავე და მძაფრია

ქუთაისში გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე - მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა გენდერული საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერებისა და გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის პროცესში საქართველოს პარლამენტის როლზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ჩუგოშვილმა კონფერენციის მონაწილეებს საბჭოს სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო. მისი ინფორმაციით, საბჭოს 17 წევრს შორის არიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები. მისივე განცხადებით, საბჭო უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ასევე, აკონტროლებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.

„მესამე მნიშვნელოვანი ფუნქციაა შეხვედრები მოსახლეობასთან, საუბრები, დისკუსიები. ერთი მხრივ, ეს ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის, რადგან ასეთი შეხვედრების დროს ვიღებთ ინფორმაციას, რაც გვეხმარება, სწორად ვიმუშაოთ და გამოთქმული მოსაზრებები გავითვალისწინოთ ჩვენს საქმიანობაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მან ასეთი შეხვედრების ერთ-ერთ მაგალითად დღევანდელი კონფერენცია დაასახელა.

საბჭოს მუშაობაში კანონმდებლობის კუთხით ჩუგოშვილმა რამდენიმე მიმართულება გამოყო. „ძალადობის პრობლემა ყველაზე მწვავე და ყველაზე მძაფრია. შარშან ჩვენ მოვახდინეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, შევცვალეთ ათეულობით კანონი. შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობას კანონმდებლობა რომ ადეკვატურად პასუხობდეს, ეს დიდწილად მიღწეულია, თუმცა გვრჩება რამდენიმე საკითხი, რომელზეც ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა გენდერული ნიშნით მკვლელობის პრობლემაზე, რომელთან დაკავშირებითაც მისივე ინფორმაციით, საბჭომ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლეს მოუსმინა.

ჩუგოშვილმა ერთ-ერთ პრობლემად სექსუალური შევიწროება დაასახელა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებია საჭირო. თამარ ჩუგოშვილი საბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტად ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას მიიჩნევს, რაც მისივე თქმით, შრომის კოდექსში ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს. მან, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებთან კოორდინაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თამარ ჩუგოშვილმა მოდერატორობა გაუწია კონფერენციის პანელს „ქალთა მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უხილავი ბარიერები და გამოწვევები“.

პარლამეტის ინფორმაციით, კონფერენცია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებისთვის არაერთ კითხვას უპასუხა.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოში (LDA), ხოლო მხარდამჭერები აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EUMI)სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS).

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა