თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 10 მლნ ლარამდე თანხით გაიზარდა

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 10 მლნ ლარამდე თანხით გაიზარდა. ბიუჯეტის ზრდის საკითხს საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე მხარი საკრებულოს უმრავლესობამ, 29 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, ერთხმად დაუჭირა. საკითხი სხდომაზე განსახილველად თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.

საკითხის განხილვამდე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ საბიუჯეტო თანხები პროექტებზე არამიზნობრივად გადანაწილდა. საუბარი იყო მერიის სარეზერვო ფონდში გადარიცხულ 0,5 მლნ ლარზეც, მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდის პრობლემაზე და ასე შემდეგ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტი 10 მლნ ლარამდე თანხით გაიზარდა.

„თქვენ იცით, რომ ფინანსთა სამინისტროდან მიღებულია მიზნობრივი ტრანსფერი, რომელიც კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით გამოიყო. ამ გადაწყვეტილების ასახვა მოხდა ბიუჯეტში. ასევე პროგრამებში არის გარკვეული გადანაწილება. იცით, რომ საკრებულოს წინა სხდომაზე ქალაქის მასშტაბით დავამატეთ ავტობუსის 7 ხაზი. შესაბამისად, საჭიროა უფასო მგზავრობისთვის სუბსიდიების ბიუჯეტში ასახვა" , - განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, სხვა პროგრამებიდან თანხების გადანაწილების შედეგად, საბოლოო ჯამში, 16 მლნ ლარამდე თანხით გაიზარდა ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, ხოლო 2,8 მლნ ლარი უფასო მგზავრობისთვის.

ამდენად, თბილისის 2018 წლის წლევანდელი ბიუჯეტის მოცულობა 906,800 მლნ ლარია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს