ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2018

რუსული დროშები პანკისის ხეობაში

ბახტაძის სამთავრობო სიურპრიზი

რამაზ საყვარელიძე - "ასეთ დროს პრემიერი არ უნდა გადადგეს"

"წინ გადადგმული ვერანაირი ნაბიჯი ვერ დავინახეთ" - სარალიძის ადვოკატი

* * *

რუსული დროშები პანკისის ხეობაში

"იყო თუ არა ეს რუსული სპეცსსამსახურების მიერ პროვოცირებული ფაქტი - პანკისელები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაადგენს, რა მიზანი ამოძრავებდა ჩეჩენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც კადიროვის ფოტოთი და რუსეთის დროშებით პანკისის ხეობაში გადაადგილდებოდნენ, რამაც ადგილობრივი ქისტების გაღიზიანება და დაპირისპირება გამოიწვია. ხომ არ უნდა ველოდოთ მსგავსი სახის პროვოკაციებს ხეობაში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსული დროშები პანკისის ხეობაში / "ფაქტი ეჭვებს აჩენს, ვის რაში სჭირდებოდა ამ მძიმე რამადანის თვეში მსგავსი პროვოკაციები"

"კადიროვები არიან პუტინის ხალხი, არავის მივცემთ უფლებას, რომ პანკისის ხეობაში რუსეთის დროშებით იარონ და ხალხი გააღიზიანონ. პუტინი არც საქართველოში არ გვიყვარს და ამ ადამიანის სახელის ხსენებაც კი არ უნდა მოხდეს ჩვენთან, არათუ მაგათი ფოტოებით ირბინონ. იმედი მაქვს, საქართველოს სპეცსამსახურები დაადგენენ, საიდან და ვისი დავალებით გადაწყვიტა ამ ხალხმა პროვოკაციის მოწყობა. არც ერთი პანკისელი, ქისტი თუ ჩეჩენი, არ შეეგუება მსგავსი სახის პროპაგანდას", - აცხადებს პანკისის ხეობის მკვიდრი სერგო ფარეულიძე. ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ რუსულნომრიანი მანქანები პანკისში გასაკვირი არ არის, რადგანაც ადგილობრივი ჩეჩნები რუსეთის ფედერაციაში ჩვეულებრივად გადადიან და იქ მუშაობენ. რაც შეეხება პირებს, რომლებიც კადიროვის ფოტოებითა და დროშებით ხეობაში მოძრაობდნენ, პანკისელი ჩეჩნები არიან, რომლებიც გროზნოში მუშაობენ. იგი პანკისში მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად აფასებს და არ გამორიცხავს, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ იყოს პროვოცირებული. მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ადგილობრივი ქისტები და ჩეჩნები კადიროვსა და პუტინს ვერ იტანენ, რადგანაც ბევრი მათგანი ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. იმასაც არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ინციდენტები განმეორდეს, რათა ხეობაში სიტუაცია ხელოვნურად დაიძაბოს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამ ფაქტს მეტი ყურადღება და სიფრთხილე სჭირდება. მართალია, ახლა ინციდენტი ამოწურულია, მაგრამ თავად ფაქტი ეჭვებს აჩენს, ვის რაში სჭირდებოდა ამ მძიმე რამადანის თვეში მსგავსი პროვოკაციები, არ ვიცი. ეს ბიჭები ადგილობრივი ჩეჩნები არიან, რომლებიც გროზნოში მუშაობენ. გასაგებია, რომ თავად კადიროვის მომხრეები არიან, მაგრამ კარგად იციან, რომ პანკისში ის არავის უყვარს და მისი სახელის ხსენებაც არ უნდათ. ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია, რითაც ქართული სპეცსამსახურები უნდა დაინტერესდნენ. ხეობაში დაპირისპირება და დაძაბულობა დაუშვებელია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მექა ხანგოშვილი. შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში გუშინ სპეცრაზმი და დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, რისი მიზეზიც, არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი გახდა", - განაგრძობს გამოცემა.

"ადგილობრივების უკმაყოფილება რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავმა მანქანამ გამოიწვია, რომელზეც ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მამის - ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული. ადგილობრივების თქმით, მანქანებიდან სკანდირებდნენ "ახმადი ძლიერია". ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შს სამინისტროს განცხადებით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში "სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან", - დასძენს გამოცემა.

ბახტაძის სამთავრობო სიურპრიზი

"პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა მმართველმა უმრავლესობამ პრეზიდენტს უკვე წარუდგინა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია, 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრად უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი წარადგინოს, ხოლო პრემიერობის კანდიდატი ასევე 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბახტაძის სამთავრობო სიურპრიზი / "ვაპირებთ სერიოზული მსჯელობის გამართვას, არ იქნება ის, რომ ჩემი მეგობარია და რა კარგი ბიჭია".

"პარლამენტს, ასევე, წარედგინება დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, პრემიერობის კანდიდატს უნდა მიეცეს დრო მთავრობის ფორმირებისთვის და ამის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები. უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება, სადაც მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ. "ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანის თქმით: "მნიშვნელოვანია, თუ როგორ სამთავრობო პროგრამას შესთავაზებს ბახტაძე პარლამენტს ნდობის მისაღებად. ყველა შემთხვევაში ვაპირებთ სერიოზული მსჯელობის გამართვას. ეს არ იქნება ის, რომ ჩემი მეგობარია და რა კარგი ბიჭია". კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში ადეკვატური იქნებოდა კოალიციური მთავრობის წარდგენა და მისთვის ნდობის გამოცხადება", - აღნიშნავს გამოცემა.

"კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს არავითარი ექსკლუზიური უფლება არ აქვს, არ წარადგინოს უმრავლესობის მიერ შეთავაზებული კანდიდატი. კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს 7 დღის ვადაში, ასევე 7 დღის ვადაში პრემიერობის კანდიდატი შეარჩევს მთავრობის ახალ შემადგენლობას და ნდობის მისაღებად წარუდგენს პარლამენტს. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" კოალიციური მთავრობაა, ჩემი აზრით, შექმნილ სიტუაციაში ადეკვატური იქნებოდა ისეთი კოალიციური მთავრობის წარდგენა და მისთვის ნდობის გამოცხადება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც", - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს არა აქვს უფლება, არ წარადგინოს უმრავლესობის მიერ შერჩეული პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. მთავრობის წევრთა შერჩევა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება კი ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლით დადგენილი წესით", - დასძენს გამოცემა.

"პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წამოაყენებს უმრავლესობის მიერ მისთვის შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. პრემიერობის კანდიდატი ასევე 7 დღის ვადაში შეარჩევს ახალი მთავრობის წევრებს და წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად. პარლამენტი 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, პრეზიდენტი 7 დღის ვადაში პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს პარლამენტის სამი მეხუთედის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. თუ ორი კანდიდატის წარდგენა მოხდა, პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატად წამოაყენებს იმ კანდიდატურას, რომელსაც პარლამენტის წევრთა უფრო მეტი ხელმოწერა ექნება. თუ თანაბარი ხელმოწერა ექნება ორივე კანდიდატს, მაშინ პრეზიდენტი ერთ-ერთს წარადგენს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას, პრეზიდენტს შეუძლია, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. საშიშროება არის იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო უმრავლესობას ხელს აძლევს ვადამდელი არჩევნები, რადგან შეუძლია, ნდობა არ გამოუცხადოს წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას", - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

რამაზ საყვარელიძე - "ასეთ დროს პრემიერი არ უნდა გადადგეს"

"პრემიერის გადადგომის თემაში ჩემთვის ბევრი გაუგებრობაა, რადგან ასეთ დროს პრემიერი არ უნდა გადადგეს, ანუ ქუჩიდან პრემიერის შეცვლა არ უნდა მოხდეს. პარტიას პრემიერი არ გაუთავისუფლებია, მაგრამ მისი ნაბიჯი შეიძლება განაპირობა ქუჩის აქციებმა. ეს არ ვარგა ქვეყნისთვის, რადგან მერე ყველა ეცდება, ქუჩიდან გადაწყვიტოს ის, რაც უნდა. მეგონა, რომ ეს ცვლილება არ მოხდებოდა, მაგრამ მაინც მოხდა და ბევრი რამ გაუგებარი იყო - დღეს ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც შეხვედრის ჩანაწერებია გამოტანილი; საკმაოდ მძიმე ბრალდებებია და არამარტო ეკონომიკურ საკითხებში. ამ აქციების უკან, რაღაც თვალსაზრისით, მოქმედებდა კვირიკაშვილიო. მე მიმაჩნია, რომ ასეთ ბრალდებას დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური სტაბილურობა რისკის ქვეშ დააყენა ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა", - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "შეიძლება ყველაფერში მატრაკვეცები ვიყოთ, მათ შორის, დემოკრატიაშიც?" / რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ასეთ დროს პრემიერი არ უნდა გადადგეს.

"მიტინგის მონაწილეების მოთხოვნები ძირითადად მიმართული იყო სამართალდამცველებისკენ. კვირიკაშვილის გადადგომა ბოლო ხანებში აღარ იყო მოთხოვნებში. მიტინგები დიდწილად გამოიწვია გახარიას თემამ. გადაყენების მოტივაციაში, როცა ივანიშვილი და "ოცნების" წევრები ლაპარაკობდნენ, წამოწეული იყო ეკონომიკური საკითხები. მიტინგების თემატიკას პირდაპირ ვერ დავუკავშირებ, შეიძლება გადასაყენებელია ბევრი ვინმე, მაგრამ მიტინგის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გადააყენეს, თუ სხვა მოტივაცია ჰქონდათ, ძნელი სათქმელია... მმართველ გუნდში გაისმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეაც; გამორიცხული არ არის, რომ ამ თემას მიუბრუნდეს მმართველი გუნდი. პრემიერ-მინისტრი წარადგენს მომავალ მინისტრებს და ალბათ დაინიშნებიან ისინი, ვისაც ჩათვლის საჭიროდ თავად ბახტაძე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - "როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის დანიშვნას?" - პასუხობს:

"თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკონომიკური საკითხები მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის, ბახტაძეს კი აქვს მინისტრობის გამოცდილება, დღეისთვის პარტიას უკეთესი კანდიდატურა არ ჰყავდა".

"ჩვენ ერთი რამე ვერ გავიგეთ ჯერჯერობით, რომ ევროპული სტანდარტების მიხედვით დღეს შეიძლება არ ვიყოთ მზად და დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ისეთი ადამიანის ყოფნას პარტიაში, რომელსაც ეს პარტია უჯერებს. ერთ-ერთი მიზეზი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისა იყო ის, რომ პარტიამ დაიწყო ერთმანეთთან ძიძგილაობა და რომ არ დაბრუნებულიყო, რაში გადაიზრდებოდა პარტიის შიდა დაპირისპირება, კაცმა არ იცის. ჩვენ იმ დემოკრატიის ქვეყანა ვართ, რომელიც სწავლობს დემოკრატიას და ცუდად მოქცევის შემთხვევაში ისეთი ვინმე სჭირდება, ვისაც დაუჯერებს. როცა ვმსჯელობთ ევროპული სტანდარტების მაგალითებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი შემაკავებელი პერსონები ევროპული დემოკრატიის პირობებში ნაკლებად ხდება საჭირო. შეიძლება ყველაფერში მატრაკვეცები ვიყოთ, მათ შორის, დემოკრატიაშიც? ამ პარტიას დღეისთვის უკეთესი კანდიდატურა არ ჰყავდა - ძალიან კარგი კანდიდატურაა გახარია, მაგრამ გახარია ახლა იქ არის საჭირო, სადაც ის მუშაობდა და მუშაობს კარგად. თუკი პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა, ახლა რა შესაძლებლობებიც აქვს, მიმაჩნია, რომ ამ კანდიდატურებში ღირსეულია არჩეული. თუნდაც იმიტომ, რომ ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მკვეთრად დაუპირისპირდა საბანკო სექტორის დიქტატურას", - დასძენს ანალიტიკოსი.

"წინ გადადგმული ვერანაირი ნაბიჯი ვერ დავინახეთ" - სარალიძის ადვოკატი

"შს სამინისტროში დღესაც ვიყავით, სადაც ჩვენ დავაფიქსირეთ, თუ რა დარღვევებს ვხედავთ საქმეში. ეს დაკითხვის ფორმით არ მიმდინარეობს; ისინი არ გვისვამენ შეკითხვებს, პირიქით, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, რა დარღვევებს ვხედავთ საქმეში, დაწყებული ფარდულიდან, თითქმის ყველა დეტალზე ვამახვილებთ ყურადღებას. ამ ეტაპზე განმეორებითი დაკითხვა მიმდინარეობს. საქმე ძირითადად გამოყოფილია მოწმეებზე ზემოქმედებისა და შეუტყობინებლობის კუთხით. მუშავდება სტრატეგია გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ბევრი თანამდებობის პირისგან მოვისმინეთ განცხადებები და, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის განცხადებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საქმე გასაჩივრდება აპელაციაში და ისინი იბრძოლებენ თავდაპირველი ვერსიის კუთხითაც, რაც სასამართლო პროცესზე განაჩენის დაყენების დროს პროკურორებმა თავიდანვე განაცხადეს. შსს კი იძიებს საქმეს, მაგრამ ამავე დროს წინააღმდეგობაში მოდის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ გამოძიების დროს თქვეს, ვინ არის სარალიძის მკვლელი", - აცხადებს ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით წინ გადადგმული ვერანაირი ნაბიჯი ვერ დავინახეთ" - სარალიძის ადვოკატი

"ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. გუშინ და დღესაც გვქონდა ამ დეტალებზე საუბარი. ყველა იმ დარღვევაზე ვესაუბრეთ, რასაც კი საქმეში ვხედავთ. ის დეტალები, რაზეც საუბრობენ, გვაძლევს უნდობლობის საფუძველს. რომელ ნდობაზეა საუბარი და როგორ ვენდოთ, როდესაც თანამდებობის პირები საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, განცხადებები თანხვედრაში არ არის და არც ის ქმედება, რასაც ვხედავთ. გარდა ამისა, როდესაც მიმდინარეობს იმის აფიშირება, რომ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, ისეა, თითქოს ერთი სამინისტროდან მეორეს გადაეცა. დიდი ცვლილება არ მომხდარა; ამ საქმეს თავიდან იძიებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მერე წაიღო თბილისის პროკურატურამ და ახლა დაუბრუნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ყველა შემთხვევაში ზედამხედველი არის პროკურორი. რაშია დიდი სხვაობა? რატომ წარმოაჩენენ ისე, თითქოს დიდი ნაბიჯი გადაიდგა იმით, რომ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდა, როდესაც თავიდანვე მათ ჰქონდათ ეს საქმე და პირველი დარღვევის დეტალები სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნესტან ლონდარიძე.

"ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ რას ვეძახით თანამშრომლობას? ყველა დარღვევაზე ვაწვდით ინფორმაციას, ჩვენს პოზიციას ვაცნობთ, მაგრამ ამავე დროს უნდობლობის კუთხითაც ვაწვდით ინფორმაციას, თუ რატომ გვაქვს ეს უნდობლობა. ჩვენ წინ გადადგმული ვერანაირი ნაბიჯი ვერ დავინახეთ იმისათვის, რომ ეს ნდობა აღდგენილიყო დაზარალებულსა და პროკურატურას შორის. მაშინ, როდესაც პირველი დაკავება ხდება მოწმეზე ზემოქმედების კუთხით, ეს ძალიან ბევრ საეჭვო გარემოებაზე მიანიშნებს. მოწმემ არაერთხელ შეცვალა სასამართლოზე ჩვენება, რომლის ჩვენებაც სასამართლომ არ გაიზიარა. პროკურორის სიტყვები იყო, რომ თუ არ გაიზიარებდა ამ პირის ჩვენებას, ის მას დააკავებდა. არ გვაქვს ჩვენ გამოძიების კონკრეტული პასუხი. ისინი გვაიმედებენ, რომ მიდის გამოძიება, ყველა დეტალს სწავლობენ, მაგრამ ვერანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი ვერ გვარწმუნებს ამაში. სასამართლო მასალაც კი არ აქვთ ჯერ გადაცემული მაშინ, როდესაც ჭეშმარიტებას ვერანაირად ვერ დაადგენ გამოძიებაში, თუ საქმის მასალა არ შეიტანე სასამართლო მასალასთან ერთად. მათი განცხადებები და ქმედებები არ არის თანხვედრაში. ჩვენ თავდაპირველი გამოძიებისას ვუთხარით პირები, რომ სწორედ ისინი არიან სარალიძის მკვლელები და საქმე შეკერილია. ჩვენ რეალურად ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, ამიტომ დღესაც ყველა დეტალზე მივაწოდეთ ინფორმაცია", - დასძენს ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.