ფოთის საზღვაო ნავსადგურში ავტომტვირთველის მომსახურების გადასახადი დროებით უქმდება

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ავტომტვირთველის მომსახურების გადასახადი დროებით უქმდება. კომპანიის ცნობით, ცვლილება მანქანების იმპორტის ბიზნესის ხელშეწყობისა და მომხმარებლებისთვის საქმიანობის გამარტივების მიზნით ხორციელდება.

,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ხელმძღვანელობა თხოვნით მიმართავს მომხმარებლებს, რათა მსუბუქი ავტომანქანების გასაყვანად კომპანიას კონტეინერის გახსნის მომდევნო დღეს დაუკავშირდნენ. მათივე ინფორმაციით, გაიზარდა ავტომანქანების პარკინგის მოცულობაც.

,,აღნიშნული ცვლილების მიზანია, მანქანის ავტოსადგომიდან გაყვანის პროცესის დაჩქარება და მომხმარებლის ლოდინის მინიმუმამდე დაყვანა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარკინგის მოცულობა 200 ადგილით გაიზარდა და ნაცვლად არსებული 630 ადგილისა, 830 ადგილიანია. ყოველივე ეს გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას, მოვემსახუროთ უფრო მეტ მომხმარებელს, განვახორციელოთ მეტი კონტეინერის გახსნა და მეტი მანქანის განთავსება ავტოსადგომზე. ვიმედოვნებთ, ყოველივე ზემოაღნიშნული პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენს მომხმარებლებზე და ხელს შეუწყობს მანქანის გაყვანის პროცსის დაჩქარებას“, - აცხადებენ კომპანიაში.

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ცვლილება 31 ივლისის ჩათვლით იმოქმედებს.