ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2018

მამუკა არეშიძე - "დაუსჯელობის სინდრომი თუ შენარჩუნდა, სახელმწიფო თავზე დაგვემხობა"

დიდი დილემა საქართველოს ეკლესიის წინაშე

ევროპარლამენტარი ეპისკოპოსი - "სურს კი საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ევროპას ქრისტიანული რწმენა და კულტურა არ ექნება?"

* * *

მამუკა არეშიძე - "დაუსჯელობის სინდრომი თუ შენარჩუნდა, სახელმწიფო თავზე დაგვემხობა"

სამთავროპო ცვლილებები განაპირობა ფაქტორთა ერთობლიობამ. მიუხედავად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მცირედ ზრდისა და დადებითი საერთაშორისო შეფასებებისა, ქვეყანაში ვერა და ვერ შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი, ისევ მაღალია სიღარიბის დონე და ა.შ. გარდა ამისა, აშკარაა, რომ პარტიაში შიდა დაპირისპირებებიც არსებობდა და გავლენისთვის სერიოზული ბრძოლა მიდიოდა. სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, მქონდა განცდა, რომ კვირიკაშვილის გუნდის ზოგიერთი წევრი აკეთებდა ყველაფერს, რომ მისი ავტორიტეტი შეელახა. ის, რომ კვირიკაშვილმა ვერ მოახერხა მთავარი - სამთავრობო ვერტიკალის შექმნა, რომელიც კონსოლიდირებულად მიუდგებოდა ქვეყნის პრობლემებს, იყო მისი სისუსტე", აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დაუსჯელობის სინდრომი თუ შენარჩუნდა, სახელმწიფო თავზე დაგვემხობა" / "რაც დღეს ხდება რეგიონულ მმართველობებში, ეს არის სრული კატასტროფა. ადგილობრივ ჩინოსნებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება..." / "აუცილებელია, რომ ქვეყანაში გაქრეს უსამართლობის განცდა, არ შეიძლება, ადამიანები სამართალს ისევ ქუჩაში ეძებდნენ. ეს უნდა დასრულდეს. სხვა შემთხვევაში ყველაფერი, და მათ შორის, ეს სამთავრობო ცვლილებებიც, ამაო იქნება".

"როგორც ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი. უშუალოდ კვირიკაშვილის კორუფციაში მონაწილეობის არ მჯერა, თუმცა კვირიკაშვილი იყო პრემიერი და პასუხისმგებელი მიმდინარე პროცესებზე - კარგზეც და ცუდზეც. ის წესიერი ადამიანია, დღემდე ცხოვრობს საშუალო-სტატისტიკური თბილისელის პირობებში, ისევე როგორც მისი ოჯახი. მისდამი ნამდვილად კეთილგანწყობილი ვიყავი და ვარ. მისი შეცდომა იყო ის, რომ მცდარი საკადრო ნაბიჯები გადადგა, დაეყრდნო იმ ადამიანებს, რომელთაც არ უნდა დაჰყრდნობოდა. მარტო ზურაბ ალავიძის გახსენება კმარა, რომელიც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს მასშტაბური კორუფციული სკანდალის შემდეგ გამოემშვიდობა. ვიცი, რომ ამ კორუფციული პრობლემების შესახებ ძალიან ბევრი ილაპარაკეს უმრავლესობის იმ სხდომაზე, რომელზეც მთავრობის გადადგომის საკითხი დადგა. ილაპარაკა ივანიშვილმაც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ჩემთვის მთავრობის მუშაობის მნიშვნელოვანი ხარვეზი იყო ის, რომ ბოლო დროს სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა უსაფრთხოების სისტემის მშენებლობას, ანუ არ მუშავდებოდა სახელმწიფო პოლიტიკა იმ საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. არ შეიძლება ყველაფრის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაბარება. იმიტომ კი არა, რომ ეს სამსახური საქმეს ვერ აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ ფორმატია სხვა. ეს სამსახური პოლიტიკას ვერ შექმნის, პოლიტიკას ქმნის მთავრობა. პრობლემებთან გამკლავება კონსოლიდირებული მიდგომის გარეშე არ გამოვა. ამას ვამბობ მომავალი პრემიერისა და განახლებული მთავრობის მისამართითაც. გარდა ამისა, კვირიკაშვილის მთავრობაში იმ ადამიანებთან კომუნიკაციის დეფიციტი იყო, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში ამინდს ქმნიან. ამას ემატებოდა ისიც, რომ მთავრობის ურთიერთობა ქვეყნის მთავარ სუბიექტთან - ხალხთან მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ექსტრემალურ ვითარებაში კვირიკაშვილიც და მისი გუნდის წევრებიც ახერხებდნენ ხალხთან ურთიერთობას, მაგრამ სხვა დროს ამას აუცილებლად არ მიიჩნევდნენ, რაც შეცდომა იყო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მოკლედ, ყველა ამ კომპონენტმა განაპირობა ის, რაც მოხდა. კიდევ ერთი საკითხი შეეხება თვითონ "ქართულ ოცნებას" და პარტიულ მუშაობას, რაც, ფაქტობრივად, ჩაშლილია. კვირიკაშვილმა დაუშვა ერთი სერიოზული შეცდომა: მან თვითმმართველობის საკითხები სრულად გადააბარა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაც დაუშვებელი იყო. შიდარეგიონული პოლიტიკა და თვითმმართველობა გახლავთ პრემიერისა და მისი კანცელარიის უშუალო პრეროგატივა... ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რა დაატრიალა, ვნახეთ, ამის შედეგი - რაც დღეს ხდება რეგიონულ მმართველობებში, არის სრული კატასტროფა. ადგილობრივ ჩინოსნებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება... მარნეულის ყოფილი მერის, აბაზოვის საქციელი, როდესაც ის მოქალაქეს სხვებთან ერთად, ორგანიზებულად, არაადამიანურად გაუსწორდა, რეგიონებში არსებული ვითარების სიმბოლოა", - თვლის ექსპერტი.

"ქართულ ოცნებაში" გარკვეულ ჯგუფებს შორის ურთიერთობა კარგა ხანია გასცდა ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებს. ძალიან მეეჭვება, ამის ავტორი კვირიკაშვილი ყოფილიყო, თუმცა მისი პასუხისმგებლობაა ის, რომ მთავრობის სტრუქტურა მოიშალა, თამაშის ის წესები მოიშალა, რომლებიც როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ ურთიერთობებს ალაგებდა. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი დაეტყო ქვეყნის მშენებლობის საქმეს. უამრავი პროექტი ვიცი, რომლებიც ამ მიზეზის გამო არ განხორციელდა. უამრავი ინვესტორი გაბრუნდა ქვეყნიდან სწორედ ამ არაჯანსაღი შიდაკონკურენციის გამო. იმის გამო, რომ ამ სასიკეთო პროექტების განხორციელება რომელიმე ჯგუფის ან ადამიანის წარმატებად არ ჩათვლილიყო, საერთოდ დაბლოკეს. შეიძლება უფრო მძიმედაც იდგა საკითხი, მაგალითად, ზოგიერთი ამა თუ იმ პროექტიდან პირად შემოსავალს ვერ ხედავდა და ამიტომაც მიზანმიმართულად შეუშალა ხელი მის განხორციელებას. როგორც ვიცი, უშიშროების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს და იძიებს, სად წავიდა ამა თუ იმ პროექტის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა. იმედია, ყველაფერს მოეფინება ნათელი, მით უფრო, მამუკა ბახტაძემაც განაცხადა, რომ მისი და მომავალი მთავრობის საქმიანობაში დიდი ყურადღება მიექცევა ანტიკორუფციულ შემადგენელს", - ამბობს მამუკა არეშიძე.

"მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით მართლაც არ არის სასიამოვნო მოსასმენი, რომ მან 2012 წელს, როდესაც "ქართული ოცნება" სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდა სააკაშვილის ხელისუფლებას, "ნაციონალურ მოძრაობას~ 20 000 ლარი შესწირა, თუმცა რთული სათქმელია, `ნაციონალურ მოძრაობასთან~ მას მართლაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა თუ სხვების მსგავსად, აიძულეს, თანხა შეეწირა. მას, ალბათ, მოუწევს ამ საკითხის განმარტება. დღეს ქვეყანაში იმდენი დაუსჯელი ადამიანი დასეირნობს, რომელთაც სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, ბახტაძეზე ამ კონტექსტში ლაპარაკი ცოტა არასერიოზულად მეჩვენება, თუმცა ნამდვილად უსიამოვნო ეპიზოდებია... რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან შს მინისტრის თანამდებობაზე ძალიან მოკლე დროში კარგი სახელი მოიპოვა. ფაქტია, ის ამ სამინისტროს სპეციფიკაში ვერ ერკვეოდა, მაგრამ ძალიან სწრაფად აუღო ალღო ვითარებას და რამდენიმე სწორი ნაბიჯიც გადადგა. მთელმა საზოგადოებამ დაინახა და დადებითად შეაფასა მისი საქციელი 12-13 მაისის აქციაზე. იქ გახარია არ იყო მხოლოდ შს მინისტრი, ის იქ გამოჩნდა, როგორც პოლიტიკოსი. სხვათა შორის, სამთავრობო გუნდის ზოგიერთი წევრი გახარიას ძლიერ ფიგურად წარმოჩენამაც გააღიზიანა", - განმარტავს რესპონდენტი.

"დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი, შესაბამისად, როგორც ჩანს, პარტიის ხელმძღვანელობამ მისი შს მინისტრად დატოვება გადაწყვიტა. ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება მისი შემდგომი საქმიანობა და შეძლებს თუ არა მართლაც ძლიერ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებას. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, შესაძლოა, ეს ყველასთვის შესამჩნევი არ იყო, მაგრამ რკინიგზის ხელმძღვანელობის დროს ბახტაძეს ხშირად იყენებდნენ, ასე ვთქვათ, დელიკატური საკითხების მოგვარებისას. ვგულისხმობ მის აქტივობას რეგიონულ სივრცეში - ურთიერთობებს თურქმენეთთან, ირანთან, აზერბაიჯანთან და ა.შ.... ერთი მხრივ, ის ასრულებდა ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალებას, მეორე მხრივ კი - იღებდა პოლიტიკურ გამოცდილებას. შეიძლება ამას ეკონომიკური დიპლომატიის სკოლაც ვუწოდოთ, რაც, ვფიქრობ, პრემიერობისას ძალიან გამოადგება. მან ფინანსთა მინისტრის პოსტზე ხანმოკლე ყოფნისასაც ძალიან საინტერესო წინადადებებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას. ბახტაძის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ბანკების თავგასულობის წინააღმდეგ გალაშქრება. მან პარლამენტიდან გამოიტანა კანონი, რომელიც ბანკებისთვის მოგების გადასახადის მოხსნას ითვალისწინებდა და ა.შ. თუმცა მისი პოლიტიკური გამოცდილების დეფიციტი მაინც სუსტი მხარეა..." - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - "პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება და რომ ეს არის მამუკა ბახტაძის პოზიცია..." - პასუხობს:

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა არსებითი ცვლილებების განხორციელება შეუძლია ბახტაძეს. მან ახლა რომ დაიწყოს მასშტაბური საკადრო ცვლილებების გატარება, ჩავთვლი, რომ სხვისი კარნახით მოქმედებს. ასაკიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია, ყველა მიმართულებით ისე იყოს გათვითცნობიერებული, რომ შესაფერისი კანდიდატურები უცებ იპოვოს. ვფიქრობ, მინისტრების შეცვლის დრო ჯერ არ დგას. მისი მთავარი ამოცანაა, მთავრობის კონსოლიდირებული მუშაობის სისტემა შექმნას".

"უპირველესი და უმთავრესია, სამთავრობო მანქანამ დაიწყოს გამართულად მუშაობა, მეორეა საკადრო საკითხების მოგვარება, რაც მინისტრებზე მეტად უნდა შეეხოს შუა დონის ბიუროკრატიასა და რეგიონულ მმართველობას... აუცილებელია, რომ ქვეყანაში გაქრეს უსამართლობის განცდა, არ შეიძლება, ადამიანები სამართალს ისევ ქუჩაში ეძებდნენ. ეს უნდა დასრულდეს. სხვა შემთხვევაში ყველაფერი და, მათ შორის, ეს სამთავრობო ცვლილებებიც, ამაო იქნება. სამართლიანობის განცდა დეკლარირებული დემოკრატიის ნაწილია. ყველა ინდივიდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის ქმნის სახელმწიფოს, რომელიც მის მიმართ სამართლიანია. თუ ეს არ მოხდა, თუ კვლავაც იქნება დაუსჯელობის სინდრომი, პროცესის მართვა კვლავ გააგრძელეს ე.წ. რუხმა კარდინალებმა და სამართალი ისე ჭრეს და კერეს, როგორც მოინდომებენ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისედაც მყიფე პერსპექტივა გაქრება და თავზე დაგვემხობა. თუ სისტემური ცვლილებები არ განხორციელდა, "ქართულ ოცნებას" ეს ძალიან ცუდად დაუბრუნდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა, ბახტაძის პირველივე გამოსვლაში განათლების მნიშვნელობა რომ გამოიკვეთა. დიახ, განათლების გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია, მაგრამ ამასაც სიღრმისეული მიდგომა სჭირდება", - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

დიდი დილემა საქართველოს ეკლესიის წინაშე

"უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე ილია II-ს მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები ეწვივნენ და ახლა უკვე მოსკოვსა და კონსტანტინოპოლში (სტამბოლში) მოუთმენლად ელოდებიან, ამ ბრძოლაში ვის დაუჭერს მხარს საქართველოს ეკლესია - კონსტანტინოპოლსა და უკრაინას, თუ რუსეთს. უახლოეს დღეებში სინოდის სხდომის მოწვევაც იგეგმება, სადაც მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების პოზიციების განიხილავენ და ქართველმა მღვდელმთავრებმა უნდა გადაწყვიტონ, რა პოზიციის დაკავება სჯობს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი დილემის წინაშეა, თუ რუსეთის მხარეს არ დაიკავებს, რუსეთის საპატრიარქო მარტივ შანტაჟზე წავა - აუცილებლად მიიერთებს ან ავტონომიას მიანიჭებს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას და ამით საქართველოს ეკლესიას "დასჯის". ხოლო თუ საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლსა და უკრაინას არ დაუჭერს მხარს, შესაძლებელია, მსოფლიო საპატრიარქოში აფხაზეთიდან გაგზავნილი მოთხოვნის განხილვა დაიწყოს. სოხუმიდან 2016 წელს, კრეტის საეკლესიო კრების წინ, გაიგზავნა მოთხოვნა, რომ კონსტანტინოპოლმა მათ ავტოკეფალია მიანიჭოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დიდი დილემა საქართველოს ეკლესიის წინაშე / შესაძლოა, რუსეთმა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ან შეიერთოს, ან ავტონომია მიანიჭოს.

"როგორც თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, ჩვენთვის რუსეთის ეკლესია ბევრად უფრო სახიფათოა, რადგან რუსეთის პატრიარქი უმალვე გააქტიურებს აფხაზეთის საკითხს, ხოლო ბევრად უფრო ნაკლებია ალბათობა, კონსტანტინოპოლმა მიიერთოს ან ავტოკეფალია მიანიჭოს აფხაზეთს, რომლის ე.წ. პოლიტიკურ დამოუკიდებლობას დასავლეთში არავინ აღიარებს და კონსტანტინოპოლი "არაღიარებული პატარა აფხაზეთის" გამო საქართველოსთან თუნდაც ნელ-თბილ ურთიერთობას საბოლოოდ არ გააფუჭებს -"საქართველო ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ სჯობს, ამ საკითხში საერთოდ თავი შეიკავოს, ორივე მხარეს ბოდიში მოუხადოს და თქვას, რომ საკითხს დააკვირდებიან. თუ მსოფლიო საპატრიარქო გამოაცხადებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, ვნახოთ, რას იზამენ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც არ არიან იმდენად მძიმე მდგომარეობაში, როგორც ჩვენ, რომელთაც არ აქვთ ტერიტორიული პრობლემები და რუსეთი ვერაფრით ვერ დაემუქრება. ვნახოთ, ისინი რას იზამენ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩემი აზრი ასეთია და მგონია, რომ ჩვენი ეკლესიაც ასე მოიქცევა, - აღნიშნა აბაშიძემ. მისივე თქმით, ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომ ნახევარზე მეტმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუჭიროს მხარი უკრაინის ავტოკეფალიას და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია სულ 14-ია. მათგან ბერძნულენოვანი ეკლესიები მსოფლიო საპატრიარქოს მხარდამჭერები არიან. რუსული ეკლესიის ე.წ. ბანაკში მოიაზრებიან ბულგარეთის, ანტიოქიისა (იმავე სირიის) და საქართველოს ეკლესიები. სწორედ ეს ეკლესიები არ წავიდნენ 2016 წელს კრეტის კრებაზეც, რის შემდეგაც უფრო გამწვავდა დაპირისპირება კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის. ახლა კი უკრაინის თემა, შესაძლოა, უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდეს დიდი განხეთქილებისთვის, რადგან რუსეთი უკრაინის ეკლესიის გამოყოფით რამდენიმე მილიონიან მრევლს კარგავს და ამით მის გავლენასაც და ავტორიტეტსაც ჩრდილი მიადგება. საგულისხმოა ისიც, რომ უკრაინის ეკლესიის თემის გააქტიურებამ იმედი გააჩინა სოხუმშიც. თვითგამოცხადებული "აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭოს" თავმჯდომარე დოროთე დბარი აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიას, ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად მოუწევს არჩევანის მიღება - თუ საქართველოს ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერაზე უარს ეტყვის, მსოფლიო საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, რიგითობის მიხედვით აფხაზეთის საეკლესიო პრობლემაც გადაჭრას. ხოლო თუ საქართველოში მხარს დაუჭერენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მოსკოვის საპატრიარქო ძალიან მშვიდად, უკანმოუხედავად შეძლებს, გადაჭრას აფხაზეთის საეკლესიო საკითხი ისეთი რიგითობით, როგორადაც საჭიროდ ჩათვლის", - განაგრძობს გამოცემა.

"დბარი ამბობს, რომ საქართველოს ნებისმიერი არჩევანი მათთვის მომგებიანი იქნება და იმედოვნებს, რომ ან რუსეთი აღიარებს მათ, ან - კონსტანტინოპოლი. თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმით, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამიტომ ადრე თუ გვიან ავტოკეფალია მაინც ჩამოყალიბდება, აფხაზეთის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას კი არავინ არ ცნობს, ამიტომ ავტოკეფალია წარმოუდგენელია, თუმცა რუსეთს შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს, თუკი საქართველოს "დასჯა" გადაწყვიტა. მისივე თქმით, საქართველო არ წავიდა 2016 წელს კრეტის კრებაზე, რის გამოც გამოვედით არა მარტო რუსეთის ბანაკის წარმომადგენელი, არამედ როგორც ძალიან კონსერვატიული და ლამის ობსკურანტული ძალა მართლმადიდებელ სამყაროში. ახლა კი უკრაინის თემაზე რუსული პოზიციის გაზიარება ამ უარყოფით იმიჯს კიდევ უფრო განამტკიცებს. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა შევიკავოთ თავი. "ჩვენ შეგვიძლია, ავუხსნათ უკრაინელებსა და კონსტანტინოპოლს, რომ მძიმე მდგომარეობაში ვართ, შეიძლება რუსეთმა ყოველ წუთს აფხაზეთი "აღიაროს" და ნუ გვთხოვენ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების პირველ რიგებში ვიყოთ. ეს დასაძრახი არ არის- მიიჩნევს აბაშიძე, რომლის მტკიცებით, "ჩვენთვის დღეს რუსეთი უფრო სახიფათოა, ვიდრე კონსტანტინოპოლი", - დასძენს გამოცემა.

ევროპარლამენტარი ეპისკოპოსი - "სურს კი საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ევროპას ქრისტიანული რწმენა და კულტურა არ ექნება?"

"მე უნგრეთის პროტესტანტულ ეკლესიას წარმოვადგენ რუმინეთში. ჩვენთან ეკლესია დიდ როლს თამაშობს მორწმუნეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხალხთან ერთად ვიდექით ჰაბსბურგების იმპერიის დროსაც და კომუნისტური ათეიზმის წლებშიც, ხშირად ჩვენი სამწყსოს ერთადერთი მცველები ვიყავით... საქართველოსადმი დიდი სიმპათიით ვარ გამსჭვალული, რადგან ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოახერხა, შეენარჩუნებინა საკუთარი როლი და ადგილი საზოგადოებაში. ვიცი და ძალიან მიხარია, რომ ეკლესია საქართველოში ყველაზე სანდო ინსტიტუტად არის მიჩნეული; ასეთი მიდგომაა რუმინეთშიც. ვფიქრობ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნების ეკლესიებს შეუძლიათ, განსაკუთრებული როლი ითამაშონ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას", - აცხადებს ევროპარლამენტარი ეპისკოპოსი ლასლო ტოკეში გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სათაურით "სურს კი საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ევროპას ქრისტიანული რწმენა და კულტურა არ ექნება?"

"აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპა ეკლესიის როლით პოლიტიკაში უკიდურესად განსხვავდება სეკულარული დასავლეთ ევროპისაგან. ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს, მათ - თავიანთი. ჩვენში მორწმუნე ადამიანებისთვის ეკლესია იქცა ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლოთ, დაჰპირისპირებოდნენ მჩაგვრელ რეჟიმებს, როგორიც იყო უღმერთო საბჭოთა ოკუპაცია, ნაციონალისტურ-კომუნისტური რეჟიმი რუმინეთში. დასავლეთში კი ბედმა გაუღიმათ და ასეთი პრობლემების წინაშე არ აღმოჩენილან, შესაბამისად, გაჩნდა დისტანცია ეკლესიასა და საზოგადოებას შორის. მაშინ, როცა ჩვენ ათეიზმს ვებრძოდით, მათ სეკულარიზმი მიიღეს, რაც ჩვენი გადმოსახედიდან არაფრითაა ათეიზმზე უკეთესი - მათ ნებაყოფლობით მიატოვეს ღმერთი, ჩვენ კი ამას გვაიძულებდნენ, მაგრამ არ დავნებდით და დიქტატორულ რეჟიმებს წინააღმდეგობა გავუწიეთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლასლო ტეკეში და შეკითხვაზე - "ვფიქრობ, ბევრი გაგაკრიტიკებთ ვინც თვლის, რომ ევროკავშირი არა რწმენის, არამედ ღირებულებების ერთობლიობაა და რომ უნდა გვაერთიანებდეს არა ქრისტიანობა ან რომელიმე სხვა რელიგია, არამედ საერთო ღირებულებები...", - პასუხობს:

"ვფიქრობ, ასეთი მიდგომა ხელოვნურია. ჩვენ ვართ ქრისტიანები და ევროპული ღირებულებები სწორედ ქრისტიანული რწმენიდან მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრეცედენტები გვაქვს იუდაიზმშიც და სხვა რელიგიებშიც. ჩვენი ფესვები ქრისტიანულ რწმენაშია და არ მეჩვენება უცნაურად, ევროპელი ადამიანი ქრისტიანულად იქცეოდეს და აზროვნებდეს. მე ვიცი, რომ თქვენი ეკლესია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა. სურს კი ამ ქვეყანას გახდეს ევროკავშირის წევრი და მოკავშირე, თუ ევროპას ქრისტიანული რწმენა და კულტურა არ ექნება? ვფიქრობ, ცხადია, რომ საქართველოში ეს კარგად აქვთ გააზრებული. ის, რომ თქვენ თავს ევროპელებად მიიჩნევთ, უპირველესად სწორედ ქრისტიანული იდენტობიდან მოდის. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც, როდესაც ათი წლის წინ ევროკავშირის წევრები გავხდით".

"ჩვენ კრიტიკულად ვართ განწყობილი რუმინეთის ეკლესიის მიმართ, რომელსაც, ფაქტობრივად, რუსეთის ეკლესია მართავს. ახლო წარსულში ისინი დიქტატორ ჩაუშესკუს მხარდამჭერ ძალად გვევლინებოდნენ. მე ვიცი, რომ თქვენს ეკლესიასაც ავიწროებდნენ, ზღუდავდნენ სამღვდელოების უფლებამოსილებასა და საქმიანობას. მაგრამ ისიც ვიცი, რომ მათ ეყოთ მხნეობა, საკუთარ ხალხს გვერდით დასდგომოდნენ, შეძლეს ხალხში რწმენის შენარჩუნება და ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კომუნიზმი დაემხო", - დასძენს ლასლო ტეკეში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო