ახლობლების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მიხეილ პეტრიაშვილი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ახალუბნის განაპირას დაკავებული მიხეილ პეტრიაშვილი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.

ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დაკავებულის ოჯახს არავინ დაკავშირებია, თუმცა პეტრიაშვილის ახლობლებისთვის პირადი კონტაქტების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ სოფლის განაპირას დაკავებული მწყემსი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება.

მიხეილ პეტრიაშვილი ორ თანასოფლელთან ერთად გამყოფი ხაზის სიახლოვეს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებული ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ. სოფლის ორმა მცხოვრებმა გაქცევა შეძლო, პეტრიაშვილი კი დააკავეს და ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. თვითმხილველთა განცხადებით, მწყემსებს საოკუპაციო ხაზი გადაკვეთილი არ ჰქონდათ და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საძოვარზე იმყოფებოდნენ.