FAO – საქართველოში ვეტერინარიის მიმართულება უნდა გაძლიერდეს

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამის (NAITS) ფარგლებში ჩატარებული სტატისტიკური ანალიზის თანახმად, ქვეყანაში, ველზე მომუშავე ვეტერინარების საშუალო ასაკი 55-60 წელია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-დან აცნობეს, მომდევნო 7-10 წლის პერიოდში მოსალოდნელია, ვეტერინარების რიცხვის მკვეთრი შემცირება, რაც უკავშირდება საპენსიო ასაკს და ახალგაზრდა ვეტერინარების ცხოველებზე მუშაობის სურვილის არქონას.

FAO-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში, ვეტერინარული მიმართულების კურსდამთავრებულები, უმეტესწილად ქალაქში, შინაური ბინადარი ცხოველებისთვის (ძაღლი, კატა და სხვა) განკუთვნილ კლინიკებში არჩევენ დასაქმებას. აღნიშნული განპირობებულია: საველე ვეტერინარების გადატვირთული რეჟიმით; ვეტერინართა მცირე ანაზღაურებით და ფერმერებში - ვეტერინარზე დაბალი მოთხოვნით;

ფონდის განცხადებით, ანალიზი ანახებს, რომ რეგისტრაცია იდენტიფიკაციის პროგრამის ორ ვეტერინარს საშუალოდ 16 სოფლის მომსახურება უწევს.

„ისეთ რეგიონებში კი სადაც შედარებით ცოტა ვეტერინარია, ეს რიცხვი შეიძლება 80-მდეც გაიზარდოს, რაც ნიშნავს, რომ ვეტერინართა ორკაციანი ჯგუფი დაახლოებით თვის მანძილზე საშუალოდ 442 ოჯახს და 6300-მდე საქონელს ემსახურება. საყურადღებოა ისიც, რომ ვეტერინართა შორის გენდერული გადანაწილებაც არაპროპორციულია, იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამაში ჩართული ვეტერინარების მხოლოდ 11%-ია ქალი“, – აცხადებენ FAO-ში.

მათივე ინფორმაციით, ვეტერინარები ასევე აღნიშნავენ, რომ მათი ანაზღაურება შრომასთან შეუსაბამოა, ხოლო მიმართვიანობა ფერმერთა მხრიდან, უკიდურესად დაბალი.

„ფინანსური სახსრების დაზოგვის მიზნით, ფერმერები ცდილობენ თავად ჩაუტარონ სამკურნალო ღონისძიებები ცხოველებს, რაც ხშირად არადამაკმაყოფილებელი შედეგით მთავრდება. ვეტერინარია განეკუთვნება იმ პროფესიების რიცხვს, რომელსაც თან ახლავს როგორც ფიზიკური ტრავმები, ასევე ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებების მაღალი რისკი. იდენტიფიკაცია–რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) და FAO ერთობლივად ცდილობენ, იდენტიფიკაციის პროგრამაში დასაქმებული ვეტერინარების ანაზღაურების უფრო მოქნილ პირობებზე გადაყვანას, რაც გულისხმობს, იდენტიფიკაციის ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვასთან ერთად, ვეტერინარების ანაზღაურების მიბმას, მათ მიერ სისტემაში იდენტიფიცირებული ცხოველების რაოდენობასთან, რაც ანაზღაურებას, მათი შრომის ადეკვატურს გახდის. თავის მხრივ, სახელმწიფო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას და ვაქცინაციის პროგრამას სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს ფერმერებს, რაშიც საერთო ჯამში - სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 9 მილიონამდე ლარს ხარჯავს“, – აცხადებენ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში - FAO.

მათივე ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ ქვეყანაში ვეტერინარული მდგომარების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“, 2018 წლიდან ამოქმედდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ვეტერინარული განათლება დაუბრუნდა რეგულირებად სფეროს, რაც გულისხმობს, რომ სახელწიფომ ეს მიმართულება საკუთარ პრიორიტეტად აქცია. სახელწიფო სრულად დააფინანსებს ვეტერინარული მიმართულებით სტუდენტთა სწავლებას სახელმწიფო უნივერისტეტებში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვეტერინარული მიმართულების სამუშაო ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს განახლებულ კურიკულუმებს აღნიშნული მიმართულებისთვის. ამგვარმა მიდგომამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ვეტერინარიის, როგორც დარგის პოპულარიზაცია უნდა გამოიწვიოს.

ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამა (NAITS) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2019
ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ელექტორატის ლიდერი გახდებოდა
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა