ქუთაისში კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რეგიონის მუნიციპალური უწყებებისთვის სპეციალიზირებული სწავლება დაიწყო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქუთაისში უძრავი და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის, ზოგადი დამცავი ზონების, კედლის მხატვრობისა და ქვაზე კვეთილობის დოკუმენტირების მიმართულებით, იმერეთის რეგიონის ცალკეული მუნიციპალური უწყებებისთვის სპეციალიზირებული სწავლება დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, სწავლების მიმდინარეობა 18 ივნისიდან 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ტრენინგები ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე პროექტის – „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის და გის პორტალის შექმნა და განვითარება“ საფუძველზე ხორციელდება.

სწავლების სპეციალიზირებული კურსის მიზნობრივი აუდიტორია პირველ ეტაპზე ქუთაისის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალური უწყებების თანამშრომლები და ქუთაისში განთავსებული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამუზეუმო გაერთიანებების წარმომადგენლები არიან. მათთვის ტრენინგების კომპლექსური კურსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის მიერ მომზადდა.

სწავლებაში სააგენტოს სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებთან ერთად ექსპერტ-ტრენერების სახით ურბანისტიკის, არქიტექტურის, არქეოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის დარგების წამყვან სპეციალისტებთან ერთად, მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების ექსპერტები, GIS (გეოსაინფორმაციო სისტემების) სპეციალისტები და ფოტოდოკუმენტალისტები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას ესწრებიან: საქართველოში დაფუძნებული პოლონეთის ინსტიტუტის დირექტორი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, ზაქარია ფალიაშვილის სახლმუზეუმის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები.

სპეციალიზირებული კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დოკუმენტირება; ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და ქალაქის დამცავი ზონების დადგენის საკანონმდებლო საფუძვლები და შემადგენლობა; კულტურული მემკვიდრეობის GIS პორტალი; რეგიონებიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის რესურსების შესახებ მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის განთავსება და სხვა.

„კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის ეროვნული გეოსაინფორმაციო სისტემის განვითარება, მისი ინტეგრირება სახელმწიფო ადმინისტრირების ერთიან საინფორმაციო სისტემაში და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის და ფართო საზოგადოებისათვის მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემა და გის პორტალი წარმოადგენს ინოვაციურ, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სისტემას, რომელიც სახლემწიფო ორგანიზაციებს, კერძო სტრუქტურებსა და ფიზიკურ პირებს კულტურული მემკვიდრეობის მართვის ახლებურ, სტრუქტურიზებულ საინფორმაციო სივრცეს სთავაზობს. სისტემის მეშვეობით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების მიერ უკვე ხორციელდება კომპლექსური ინფორმაციის მოძიება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების, მათი ზუსტი ლოკაციების, ტერიტორიების და მათზე არსებული დოკუმენტაციის შესახებ, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე თუ დაგეგმილი მსხვილმასშტაბიანი საინვესტიციო და განვითარების პროექტების სწორად მართვას კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური მონაცემთა ბაზა და გის პორტალი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების აღწერის, მონიტორინგის, ინფორმაციის სისტემატიზაციის, კულტურული მემკვიდრეობის რესურსების ეფექტური მართვის, ცენტრსა და რეგიონებს შორის კავშირის და ინფორმაციის გაზიარების სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. სამომავლოდ დაგეგმილია მსგავსი სწავლებების ჩატარება სააგენტოს სხვადასხვა მუზეუმ-ნაკრძალებში რეგიონების მიხედვით“, - აცხადებენ სააგენტოში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს