ნინო ბურჯანაძე - გამოსავალი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, გაკეთდეს მაქსიმუმი იმისთვის, რომ უმოკლეს ვადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

„მე მაქვს პრეტენზია ბიძინა ივანიშვილთან და არა რომელიმე მინისტრთან. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაიკავებს რომელიმე მინისტრის სავარძელს ან 14 სამინისტრო გვექნება თუ 12? - ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა და მამუკა ბახტაძის მიერ გამოგონილი ცვლილებები, რეალობას არ შეცვლის. ერთი ადამიანის სიზმრებზე და სურვილებზეა ქვეყანა აწყობილი. ივანიშვილმა ისე გადააყენა პრემიერ-მინისტრი, რომ საკუთარმა უმრავლესობამაც არ იცოდა,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ „პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ გამოსვლაში, პრაქტიკულად აღიარა, რომ წინა ყველა არჩევნები იყო გაყალბებული და მანიპულირებული „ქართული ოცნების“ მიერ“.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თავიდან არიდების მიზნით განაცხადა, რომ ვერ შეიცვლება საარჩევნო სისტემა და შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ოპოზიცია იმ რაოდენობასაც ვერ შეიყვანს პარლამენტში, რა რაოდენობაც ახლა ჰყავს. ეს კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა არჩევნები ჩაატარეს ისეთი კანონმდებლობით, რომელიც მხოლოდ სახელისუფლო გუნდის ინტერესებს ემსახურებოდა. დღეს ქვეყანაში უსამართლო და დისკრიმინაციული საარჩევნო გარემოა, რომელსაც ჯერ კიდევ 2012 წელს „ქართული ოცნება“ აკრიტიკებდა და შეცვლას მოითხოვდა. მაგრამ როგორც ხედავთ ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლისთავზე იგივე სისტემა მოქმედებს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მაქსიმალური ფოკუსირება უნდა გააკეთოს შეცვალოს საარჩევნო გარემო და ვიბრძოლოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ისეთ ჩიხში შევა, საიდანაც ძალიან დიდხანს ვეღარ გამოვა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს