ელგუჯა ხინთიბიძის ინგლისურენოვანი მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ინგლისურენოვანი მონოგრაფიის Medieval Georgian Romance “The Man in a Panther-Skin” and Shakespeare’s Late Plays („შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“) პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მონოგრაფიის საშუალებით მკითხველს ეძლევა სრული ინფორმაცია რუსთველის „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი თვისობრივი მიმართების შესახებ წინარე რენესანსის ევროპულ აზროვნებასთან. კერძოდ, ცნობილი ხდება, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ევროპული საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა არა მეცხრამეტე, არამედ მეჩვიდმეტე საუკუნეში და სიუჟეტურ წყაროდ გამოყენებული ყოფილა უილიამ შექსპირის ინგლისურ დრამატურგიაში.

წიგნის პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის თქმით, დასავლეთ ევროპული ფასეულობების შექმნაში ქართულმა ლიტერატურამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ დღევანდელი ქართული განვითარების ვექტორი დასავლეთ ევროპულ ფასეულობებთან არის დაკავშირებული. ელგუჯა ხინთიბიძის გამოკვლევებიდან კი ირკვევა, რომ ამ ფასეულობების შექმნაში ქართულმა ლიტერატურამ თავისი წვლილი შეიტანა“, - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფია უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო გამოკვლევაა.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიამ რუსთველოლოგიაში გადატრიალება მოახდინა. ეს უმნიშვნელოვანესი მეცნიერული მიგნებაა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში კუთვნილ ადგილს იკავებდა“, - განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.

წიგნის ავტორის პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის თქმით, წარმოდგენილ წიგნსა და თემაზე საუბარი 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკასა და ევროპაში.

„ინგლისური ლიტერატურათმცოდნეობა უკვე საუკუნეებია ეძებს იმ სიუჟეტურ წყაროს, რომელსაც სამი დიდი პიესა - შექსპირისა და მისი ორი თანამემკვიდრის პიესები ემყარებოდა. ასე რომ, ეს სიახლე არ არის მხოლოდ ქართული ლიტერატურათმცოდნეობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი ქართული სამყაროს დიდი წარდგინებაა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის წინაშე“, - აღნიშნა ხინთიბიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა