მეუფე ნიკოლოზი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც 21 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე შესაძლოა, განიხილონ

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც 21 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე შესაძლოა, განიხილონ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განუცხადა, განსახილველი საკითხები წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებისთვის წინასწარ არ არის ცნობილი, თუმცა იგი არ გამოიცხავს, რომ ერთ–ერთ საკითხად სხდომაზე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის გაცნობა იყოს. ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი სხვა ადგილობრივ ეკლესიათა შორის, ე.წ. დიპტიხში. მეუფე ნიკოლოზის თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს ორი მიტროპოლიტის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის დროს ეს საკითხიც დაისვა.

„ახლახანს მსოფლიო საპატრიარქოს ორი მიტროპოლიტი იყო ჩამობრძანებული. მათ განაცხადეს, რომ მსოფლიო პატრიარქთან იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი. მოგეხსენებათ, უკრაინა უკვე 25 წელია ითხოვს ეკლესიის ავტოკეფალიას. პატრიარქთან შეხვედრაზე ამ საკითხზე იყო საუბარი. ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მსოფლიო საპატრიარქოში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებისგან მიღებული ამ ინფორმაციის გაცნობა მოხდება. ეს არის საკითხი, რომელიც ღრმად შესწავლას საჭიროებს და არავითარი გადაწყვეტილება ჩვენი ეკლესიის მხრიდან არ იქნება მიღებული. ჩვენ არავითარ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ, ვიდრე ეს საკითხი ზუსტად არ იქნება ჩვენს წინაშე დასმული“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, უწმინდესთან შეხვედრაზე ასევე ჩვენი მხრიდან საუბარი შეეხო ასევე დიპტიხის საკითხს.

„ეს საკითხი მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრების წინაშე კიდევ ერთხელ დაისვა, რომ მსოფლიო პატრიარქმა განიხილოს ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემა რაც საქართველოს ეკლესიის ადგილს უკავშირდება ეკლესიათა დიპტიხში. ითქვა, რომ ჩვენი ადგილი განსაზღვრული არ არის. მათ განაცხადეს, რომ ისინი აუცილებლად აცნობებენ მსოფლიო პატრიარქს ჩვენს დამოკიდებულებას. მსოფლიო საპატრიარქოში კომისია იყო შექმნილი და მათაც შეისწავლეს ეს საკითხი. შესაძლოა წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხზეც იყოს საუბარი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, წმინდა სინოდის სხდომაზე იქნება თუ არა დაყენებული რაიმე კუთხით ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საკითხი, მიტროპოლიტისთვის უცნობია.

„მამა გიორგის დეკანოზის წოდება შენარჩუნებული აქვს. ჩვენ ველოდებით სასამართლოს საბოლოო შედეგებს, რადგან პროცედურები საბოლოოდ დასრულებული არ არის. რაც შეეხება მისი ზიარების საკითხს, ეს არ არის საკითხი, რომელსაც ეკლესია განიხილავს. მას ჰყავს პირადი მოძღვარი. მისი მოძღვარია მეუფე დიმიტრი. მან, რაღაც მოსაზრებებით, საჭიროდ ჩათვალა, რომ დროებით შეჩერებული აქვს ზიარება. ეს საკითხი მამა გიორგის და მისი მოძღვრის განსახილველია და მათ შორის გვარდება. ეკლესიას არავითარი ოფიციალური გადაწყვეტილება, არავითარი დადგენილება, რომ მამა გიორგის ზიარება აეკრძალოს, არ მიუღია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ამასთან, „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, უნდა ყოფილიყო თუ არა უწმინდესის მიერ მოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელების საკითხი წმინდა სინოდის წევრებთან შეთანხმებული და ხომ არ შეეხებიან წმინდა სინოდის წევრები ამ საკითხს, რაზეც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მოსაყდრის დასახელება მთლიანად პატრიარქის პრეროგატივაა.

„არასდროს არც ერთი პატრიარქი ამ საკითხს სინოდს არ უთანხმებს. მოსაყდრე პატრიარქის მოვალეობების შემსრულებელს ნიშნავს იმ ხარისხში, რასაც პატრიარქი დაავალებს. მეუფე შიო ისედაც იყო გამორჩეული, ის ქორეპისკოპოსი იყო. იგი პატრიარქმა გამოარჩია და გარკვეული საკითხები დაავალა“, – აღნიშნა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა.

წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად, 21 ივნისს იმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს