ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2018

3-კვირიანი მთავრობა

"კახიშვილი იქნება მთავარი პროკურორი, წულუკიანი კი ნამდვილად დარჩება"

***

3-კვირიანი მთავრობა

"მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ქვეყანას დროებითი, ფორმალური მთავრობა ეყოლება და ის ხვალ სასწრაფოდ დამტკიცდება. 3-კვირიანი ფორმალური მთავრობის შემდეგ კი სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება და დასახელდებიან ახალი მინისტრებიც. დროებითი მთავრობის შემადგენლობა ცნობილია, მაგრამ 3 კვირის შემდეგ მათგან ვინ დარჩება და ვინ წავა, ამაზე საჯაროდ პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე არ საუბრობს. იგი არც იმას ამხელს, რომელი სამინისტროები გაერთიანდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 3-კვირიანი მთავრობა / "სოზარ სუბარი, კახი კახიშვილი და მიხეილ გიორგაძე, შესაძლოა, მინისტრის პორტფელების გარეშე დარჩნენ

"ბახტაძის დუმილის პარალელურად კულუარებში აქტიურად ვრცელდება ვერსიები, რომელი სამინისტროები შეიძლება გაერთიანდეს და რომ ცალკე სამინისტროდ აღარ იქნება: დევნილთა სამინისტრო, სასჯელაღსრულების სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ითქვა, რომ თითქმის გადაწყვეტილია, სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით შეუერთდეს იუსტიციის სამინისტროს. ასევე, ვარაუდია, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრო ორ ნაწილად დაიყოფა, ერთი ნაწილი შეურთდება ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე ნაწილი კი - ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამას გარდა, საუბარია, რომ ეკონომიკის სამინისტროს გამოეყოფა ენერგეტიკის სფერო და ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა. არადა, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის ნოემბერში მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში შეურთდა. ამას გარდა, ითქვა, რომ ასევე, 2017 წელს გაერთიანებული კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შესაძლოა, განათლების სამინისტროს შეუერთდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"თუკი მთავრობის შემცირება სწორედ ასე მოხდება, სოზარ სუბარი, კახი კახიშვილი და მიხეილ გიორგაძე მინისტრის პორტფელების გარეშე დარჩებიან. ვარაუდია, რომ "ოცნება" კახი კახიშვილს სახლში არ გაუშვებს, რადგან ის ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრად მიიჩნევა და მის მიმართ პრეტენზიები ოპოზიციასაც კი არ გამოუთქვამს.

ამდენად, ვერსიებია, რომ კახიშვილს ან თეა წულუკიანის სავარძელს ჩააბარებენ, ან ახალ მთავარ პროკურორად წარადგენენ. ახალი ტექნიკური მთავრობის დამტკიცებაზე მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო და გაირკვა, რომ დროებით მთავრობაშიც კი არ იქნებიან დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხეილ ჯანელიძე. ამჯერად 3 სამინისტრო პირველი პირის გარეშეა დარჩენილი და ხელმძღვანელის მოვალეობას 3 კვირით შეასრულებენ ამავე უწყების მინისტრის მოადგილეები - ეკონომიკის სამინისტროს დროებით უხელმძღვანელებს ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს - დავით ზალკალიანი და ფინანსთა სამინისტროს - ნიკოლოზ გაგუა", - განაგრძობს გამოცემა.

"უკვე გამოითქვა მოსაზრებაც, რომ ამ სამივე დროებითი მმართველიდან მინისტრი არც ერთი არ გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრად აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მოიაზრება. ასევე, ვარაუდია რომ, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ვერც განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეინარჩუნოს სავარძელი. ამ სამთავრობო ცვლილებაში ყველა დიდი მოლოდინით შეჰყურებს, შეელევა თუ არა "ოცნება" იუსტიციის მინისტრს, რადგან თეა წულუკიანის გადაყენებას კატეგორიულად ითხოვს მესამე სექტორი და მის მიმართ კითხვები აქვს ქვეყნის პრეზიდენტსაც. თანაც, თვით "ქართული ოცნების" დეპუტატების მცირე ნაწილშიც არსებობს მოსაზრება, რომ ამდენი პრობლემისა თუ კითხვების ფონზე კარგი იქნება, თუ წულუკიანი თანამდებობიდან წავა, მაგრამ "ოცნების" მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ახლა მის გადაყენებას ოპოზიცია თავის ანაგარიშზე ჩაიწერს და სწორედ ამიტომ ეს ნაბიჯი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგან. კულუარებში ითქვა, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება სასჯელაღსრულების სამინისტრო, კარგი იქნება, თუ კახი კახიშვილს ჩააბარებენ იუსტიციის გაფართოებულ უწყებას, მაგრამ გაუშვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი წულუკიანს სახლში, ეს ჯერ გადაწყვეტილი მაინც არ არის", - დასძენს გამოცემა.

"მთავრობას პარლამენტისგან ნდობის მიღება ზედიზედ ორჯერ მოუწევს, ერთხელ ძველი, დროებითი და შემდეგ ახალი შემადგენლობისთვის. ასეთი ვითარება შეიქმნა პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგ. ბახტაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 14 სამინისტრო 11-მდე უნდა შეამციროს, თუმცა ამ ნაბიჯს საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება და ამიტომაც მან ახალი მთავრობის წარსადგენად 3 კვირა ითხოვა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს მთავრობის ახალი შემადგენლობის წარსადგენად მხოლოდ 7 დღე აქვს, რის გამოც ბახტაძემ განაცხადა, რომ "ამ ეტაპზე პარლამენტში მთავრობის ფორმალური შემადგენლობა შევა" და ეს შემადგენლობა პარლამენტის ნდობას ფორმალურად მიიღებს. მომდევნო 3 კვირის ვადაში კი მოხდება ჯერ მთავრობის მიერ კანონპროექტის წარდგენა მთავრობის შემცირებაზე, შემდეგ მისი პარლამენტში სასწრაფო რეჟიმით განხილვა-დამტკიცება და ასევე შემცირებული მინისტრთა კაბინეტისა და ახალი 11 მინისტრის წარდგენა-დამტკიცება. მამუკა ბახტაძე განმარტავს, რომ ამჟამად პარლამენტს მთავრობის არსებულ შემადგენლობას წარუდგენს, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. მისივე თქმით, მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, არამედ მთავრობის ზომის და ხარჯის შემცირებას და გამოთავისუფლებული თანხით მომავალში საშუალება იქნება, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, 100-120 მილიონი ლარის ფარგლებში, სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯოს. ცვლილების პირველი ეტაპის განხილვა პარლამენტში დღეს დილიდან დაიწყება, ხვალ პლენარულ სხდომაზე კი დაამტკიცებენ ახალ პრემიერ-მინისტრსა და დროებით მთავრობას. ხოლო მეორე ეტაპი დაიწყება მას შემდეგ, რაც პარლამენტი კანონმდებლობაში შეიტანს ცვლილებას სამინისტროების რაოდენობის შემცირებაზე და შემდეგ ბახტაძე წარადგენს ახალ 11 მინისტრს. ოპოზიცია მამუკა ბახტაძის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ "ეს გადაწყვეტილება ეგზოტიკურია", - წერს სტატიის ავტორი.

"კახიშვილი იქნება მთავარი პროკურორი, წულუკიანი კი ნამდვილად დარჩება"

"კახი კახიშვილი იქნება მთავარი პროკურორი. კახის უმუშევრად არ დატოვებენ და ეტყობა, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მთავარი პროკურორი იყოს. ის არის ფიგურა, რომელიც მისაღებია ყველასთვის. წულუკიანი კი ნამდვილად დარჩება. "ჩვენთან 4-5 კაცი რომ რაღაცას გადაწყვეტს, მეორე დღეს მთელმა ქვეყანამ იცის. 100 კაცი ესწრებოდა "ოცნების" სხდომას და რაც იქ ითქვა, უკვე ყველამ გაიგო. ითქვა, რომ წულუკიანი მორჩილად არ შეხვდა მისადმი პრეტენზიებს. თანაც, მგონია, რომ ივანიშვილს წულუკიანი მოსწონს კიდეც და ამიტომ არ უშვებს", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "კახიშვილი იქნება მთავარი პროკურორი, წულუკიანი კი ნამდვილად დარჩება"

"ცინცაძის თქმით, ზოგადად, სამინისტროების შერწყმა მისასალმებელია, 3-მილიონიან ქვეყანას 14 სამინისტრო ნამდვილად არ სჭირდება. მე თუ მკითხავთ, 11-იც არ სჭირდება. პირადად მე დიდი სიამოვნებით მივაყოლებდი შერიგების სამინისტროსაც. ეს სეპარატისტული რეჟიმების მისამართით ცოტა კარგი გზავნილიც იქნებოდა. ჩვენ აქ ვიძახით შერიგებაზე, იმაზე, რომ ძმები ვართ, იქიდან კი ლანძღვა-გინებისა და ცოცხალი ადამიანების გატაცების გარდა არაფერი არ ჩანს. ამიტომ ეს ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა დიპლომატიურად გამართლებულად არ მიმაჩნია. სპორტის სამინისტრო თავიდანვე რუდიმენტი იყო. ასევე, კულტურის სამინისტროს შეერთება სხვა უწყებასთან სწორიც არის, კულტურა აღარ არის საქართველოში და დამოუკიდებელი სამინისტრო რა საჭიროა? კულტურის სამინისტრო ჩვენთან, ტრადიციულად, კომუნისტური რეჟიმიდან გადმოვიდა. ევროპის ქვეყნებში არც ერთი მსახიობი, მწერალი, მხატვარი თუ ვინც გინდა ბიუჯეტიდან ხელფასს არ იღებს, ჩვენთან კი სხვა ტრადიციაა. ჩვენთან კულტურის სამინისტრო ბოლო წლებში მახინჯ ურჩხულად იქცა იმიტომ, რომ, ელემენტარულად, იმპრესარიო დაგვისვეს მინისტრად, რაც საერთოდ წარმოუდგენელია. თუ დევნილების სამინისტროსაც აუქმებენ, სოზარ სუბარს რას უშვრებიან, ნეტა? სუბარი ერთ-ერთი ფავორიტია ივანიშვილისა და არ მგონია ლუკმაპურის გარეშე დატოვონ. პრინციპში, სამინისტროების შემცირება კარგია, თუმცა მთავარია, ბიუროკრატიული აპარატი რამდენი პერსონით შემცირდება. თუ ჩინოვნიკები ახალ უწყებში გადაიყვანეს და ბიუჯეტს შეღავათი არ ექნება, მაშინ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ალბათ ეს 100-120 მილიონი სახელფასო ფონდის თანხაა და ამ თანხის უკან ხომ ცოცხალი ადამიანები დგანან, რომლებიც უმუშევრები უნდა დარჩნენ? თუმცა ეტყობა, რომ ყოველგვარ გონივრულ ზომას გადააჭარბა გაბერილმა კადრებმა. ამიტომ ეს შემცირება გამართლებულია, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში გაშვება რთულია. თანაც, ბიუროკრატიაში ძირითადად არასაპენსიო ასაკის ადამიანები არიან დასაქმებულები და მათ პენსიაც არ ექნებათ. თან, ეს პოლიტიკურად სარისკოცაა, რადგან უმუშევრად დარჩენილი და განაწყენებული ადამიანი ვის მისცემს ხმას, საკითხავია, აგერ ცხვირწინ კი საპრეზიდენტო არჩევნებია მომდგარი და ხელისუფლება ელექტორატს დაკარგავს. როგორც წესი, ყველა არჩევნებში ხელისუფლებას ხმას საბიუჯეტო აპარატი და მათი ოჯახის წევრები აძლევდნენ. ამიტომ ეს ცოტა მძიმე გადაწყვვეტილებაა, მაგრამ ეტყობა, სხვა გამოსავალი არ არის“, - განაგრძობს გამოცემა.

"კორესპოდენტის კითხვაზე, უცნაურია თუ არა 3-კვირიანი მთავრობის დაანონსება, ცინცაძის თქმით, ეს ეგზოტიკაა. ამ მინისტრებმა რა განწყობით უნდა იმუშაონ ეს 3 კვირა?! ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ახალი პრემიერისათვის გუშინ არ გამხდარა ცნობილი, რომ ის პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. მან, დიდი ხანია, იცის, რომ ადრე თუ გვიან გახდებოდა პრემიერ-მინისტრი და საკმარისი დრო ჰქონდა, ახლო გარემოცვაში ცვლილების შეტანის გეგმა ჩამოეყალიბებინა. ეტყობა, ფსიქოლოგიურად შემზადებაა, რომ საზოგადოების უკმაყოფილება, პროტესტი არ მოჰყვეს იმიტომ, რომ მთელი საზოგადოება მოითხოვს წულუკიანის გადაყენებას და როგორც ჩანს, წულუკიანი რჩება მინისტრად. ალბათ ეს 3 კვირა ამორტიზაციისთვის არის საჭირო. თანაც, ახალი პრიორიტეტები გაისმა მთავრობის კონცეფციის შეცვლაზე და ამით ცდილობენ, წულუკიანის მიმართ ინტერესი დაიკარგოს. ჩვენ ხომ ასე ვართ, სკანდალიდან სკანდალამდე, მოვლენიდან მოვლენამდე ვცხოვრობთ, ამ 3 კვირაში კი ბევრი რამ მოხდება, შეიცვლება და საზოგადოება ინტერესს დაკარგავს წულუკიანის მიმართაც. ალბათ ესაა“, - დასძენს გამოცემა.

"ეტყობა, კახი იქნება მთავარი პროკურორი. მას უმუშევრად არ დატოვებენ და ეტყობა, გადაწყვტეილება მიღებულია, რომ მთავარი პროკურორი იყოს. ის არის ფიგურა, რომელიც მისაღებია ყველასთვის. წულუკიანი კი ნამდვილად დარჩება. ჩვენთან 4-5 კაცი რომ რაღაცას გადაწყვეტს, მეორე დღეს მთელმა ქვეყანამ იცის. 100 კაცი ესწრებოდა "ოცნების" სხდომას და რაც იქ ითქვა, უკვე ყველამ გაიგო. ითქვა, რომ წულუკიანი მორჩილად არ შეხვდა მისადმი პრეტენზიებს. თანაც, მგონია,რომ ივანიშვილს წულუკიანი მოსწონს კიდეც და ამიტომ არ უშვებს“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა