ნინო ლომჯარია - მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები - აქცია არ უნდა გასცდეს მშვიდობიან ფარგლებს

მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ვინც მომავალში იქნება საპროტესტო აქციის მონაწილე, დაიცვან კანონის მოთხოვნები. აქცია არ უნდა გასცდეს მშვიდობიან და კანონიერ ფარგლებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლითაც პანკისში დღეს, ადგილობრივების მიერ, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების თაობაზე დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

სახალხო დამცველის შეფასებით, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეში სახელმწიფო ფიგურირებს, ამიტომ ოჯახის მოთხოვნა, რომ დროულად მოხდეს საქმის გამოძიება, ლეგიტიმურია.

აქედან გამომდინარე, ომბუდსმენის განმარტებით, საპროტესტო აქციაზე, რომელიც ამ საკითხზე დღეს, პანკისში გაიმართება, ყველა მოქალაქემ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს.

"სამწუხაროდ, ძალადობის და შეურაცხყოფის ტენდენცია იკვეთებოდა ბოლო აქციების განმავლობაში, რაც მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს. რაც შეეხება ოჯახის მოთხოვნებს, ამაზე სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების 2017 წლის ანგარიშშიც საუბრობდა. ჩვენ სპეციალური თავი მივუძღვენით თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას სიცოცხლის უფლების ნაწილში იმიტომ, რომ მის გარდაცვალებაში, ასე ვთქვათ, ფიგურირებს სახელმწიფო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნამდვილად ლეგიტიმურია ის მოთხოვნები, რასაც ოჯახი აყენებს - მოხდეს დროული გამოძიება. ასევე მიმაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, როგორც ოჯახს და ადვოკატებს, ასევე საზოგადოებასაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მათ შორის, არასამთავრობო სექტორს. უნდა მიაწოდონ ის ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და მაქსიმალურად გაასაჯაროონ ინფორმაცია ამ გამოძიების ირგვლივ იმიტომ, რომ ნამდვილად, ეს ბოლო წლებში ერთ-ერთი პირველი ფაქტია, როდესაც ადამიანის გარდაცვალება უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას. ამაზე სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირებაა საჭირო", - განაცხადა ლომჯარიამ.

პანკისში დღეს აქცია გაიმართება. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა