სახალხო დამცველის აპარატის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით დღეს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით „სტამბოლის კონვენციის“ მონიტორინგის მექანიზმის დახვეწაზე ისაუბრეს და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარეს.

ღონისძიება გახსნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ. მონაწილეებს მიესალმა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით მუშაობაა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მიუხედავად უკვე გადადგმული სერიოზული ნაბიჯებისა – გაზრდილია შეტყობინების, შემაკავებელი ორდერების გამოცემის, წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლები, სამწუხაროდ დადებითი ცვლილებები მაინც არ გვაქვს და ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ მცირდება.

„ჩვენ ვხედავთ ყველა ეტაპზე პრობლემას. პრობლემაა საზოგადოების ცნობიერება, თუმცა შეტყობინების მაღალი მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ ქალებმა დაიწყეს ხმამაღლა საუბარი ამის შესახებ; პრობლემას ვხედავთ გამოძიების ეტაპზე, ქალთა მკვლელობების საკითხებზე მონიტორინგის და შეფასების სისტემა კი მხოლოდ ახლა ინერგება. პრობლემას ასევე ვხედავთ სასამართლო ეტაპზე, ვინაიდან სასამართლო სამწუხაროდ არ მსჯელობს დანაშაულის დისკრიმინაციულ, გენდერულ ხასიათზე. ამიტომ, მნიშნელოვანია, რომ გენდერული ნიშანი იყოს იდენტიფიცირებული“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ქალთა დაცვის მექანიზმების სიმცირეზე საუბრისას ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მოძალადის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქალები თავს დაუცველად გრძნობენ. სარეაბილიტაციო ღონისძიებები საკმარისი არ არის არც თავშესაფარში მყოფი ქალებისთვის და მათი უმეტესობა კვლავ მოძალადეს უბრუნდება, მითუმეტეს, რომ წასასვლელი არსად აქვს.

სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გაატარებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ქალთა მიმართ ძალადობის, შევიწროებისა და მათ შორის სექსუალური შევიწროების პრობლემების აღმოსაფხვრელად.

სამუშაო შეხვედრას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს კონვენციის ძირითადი პრინციპები და სტანდარტები; ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) როლი და გაიზიარეს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მაგალითები და გამოცდილება. ხაზი გაუსვეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების როლს კონვენციის მონიტორინგის პროცესში. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის განხორციელებისა და მონიტორინგის ფარგლებში გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს