გიორგი ჩერქეზიშვილი - ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეგულაციების დანერგვა ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს პარლმენტში მთავარ ეკონომიკურ მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ჩერქეზიშვილმა პარლამეტში სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეგულაციების დანერგვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც ხელს შეუწყობს განსაკუთრებით ენერგეტიკის, წიაღისეულის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, სამშენებლო დარგების განვითარებას. ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეს გააუმჯობესებს ქვეყანაში სტანდარტებს და ცხოვრების დონეს აამაღლებს.

ამასთან, როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოს როგორც „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრისთვის, ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებები იქნება: სექტორში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ქვეყნის სტაბილური და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, ენერგეტიკული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის ფუნქციის გაძლიერება და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის განვითარება.

გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ტრანსპორტის სფეროს შემდგომი განვითარების მიზნით გაგრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ლოგისტიკური სერვისების განვითარების, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზით სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სატრანსპორტო განათლების დონის ამაღლების მიმართულებით.

„ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით გაგრძელდება მუშაობა, საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი საინფორმაციო სივრცის ფორმირებისა და ამ სივრცეში ქართული კომპანიების ჩასართველად. მუშაობა გაგრძელდება ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით ინოვაციური ეკოსისტემის გასაძლიერებლად, კერძოდ, ფინანსების ხელმისაწვდომობის, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების, ტექნოლოგიური ტრანსფერის, სამეცნიერო ინოვაციების, ე.წ. სტარტაპ ქომუნითის გაძლიერების მიმართულებებით“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეული მიმართულება ტურიზმია: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე; ტურიზმის პოლიტიკაში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება საქართველოს გადაქცევა ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად.

„აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა და პრიორიტეტული მიმართულებები ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკის ინკლუზიურობასა და დივერსიფიკაციას“, - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო