მიხეილ ჩხენკელი - ახალი სასწავლო წლიდან ფუნდამენტური რეფორმები დაიწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჩხენკელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე განათლების სისტემის მთავარ მიზნებზე ისაუბრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ზოგადი განათლების კუთხით უმთავრესი პრიორიტეტია მაღალი ხარისხის განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თანამედროვეობის შესაბამის ცოდნაზე, რაშიც მოსწავლეებს ამ მიმართულებით დანერგილი ახალი პროგრამები დაეხმარება.

„მათ შორის, აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი „ევრიკა“, რომლის ფარგლებში ახალი სასწავლო წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წამყვანი პროფესორები და მეცნიერები მოსწავლეებს დამატებით ონლაინ გაკვეთილებს ჩაუტარებენ და თავიანთი დარგების ხიბლზე მარტივი ენით მოუთხრობენ.

უკვე გაფორმდა ხელშეკრულება გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტულ ლაბორატორიასთან, რომლის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები შეძლებენ, უნიკალურ ექსპერიმენტულ ლაბორატორიას ესტუმრონ და STEM-ის მიმართულებით ცოდნა გაიღრმავონ. „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებით სკოლებში სრულიად უსასყიდლოდ იქნება შესაძლებელი „მაიკროსოფტის“ საგანმანათლებლო პროგრამის „მაინქრაფტის საგანმანათლებლო ვერსიის“ დანერგვა, რომელიც ბავშვებს ფართო ასპარეზს უშლის. ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის გაქართულება და პილოტირების რეჟიმის გავლის შემდეგ იგი ყველა სკოლაში გავრცელდება.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი სასწავლო წლიდან ფუნდამენტური რეფორმები დაიწყება. დაწყებით საფეხურზე სკოლებში დაინერგება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და მოსწავლეები ახალი, ტექნიკურად და შინაარსობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

მინისტრის თქმით, პედაგოგებს ექნებათ შესაძლებლობა, უწყვეტად აიმაღლონ კვალიფიკაცია. ზაფხულის პერიოდში მათთვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება პრაქტიკული უნარების განვითარებასა და თანამედროვე პედაგოგიურ მეთოდებზე. რაც შეეხება ინკლუზიურ განათლებას, უკვე მომზადებულია ცვლილებები, რომლის თანახმად, სპეციალურ მასწავლებლებს სექტემბრიდან მასწავლებლის სტატუსი ექნებათ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ზოგადი განათლების ეროვნულ მოდელში ფინური განათლების ელემენტების დანერგვას. ამ მიმართულებით სამინისტრო ფინელ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა