ონიორეს ჩანჩქერის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

ონიორეს ჩანჩქერის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ახალი ტურისტული მარშუტების განვითარების პროექტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მოადგილესთან დავით კოდუასთან და მარტვილის ვიცე-მერთან დავით სურმავასთან ერთად, ონიორეს ჩანჩქერი და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.

"გუბერნატორის ადმინისტრაცია სწავლობს, იმ ტურისტულ პოტენციალს, რისი დამატებით ათვისება რეგიონს მეტ ტურისტს მოუზიდავს. ერთ-ერთი მათგანი ონიორეს ჩანჩქერია, იქ არსებული უნიკალური ბუნება ძალიან ბევრი ტურისტის მოზიდვის შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვგეგმავთ ამ კონკრეტულ მარშრუტზე ტრისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჯერად კი ონიორეში ბუნების ძეგლის შესასწავლად და ტურისტული მარშრუტის დასაგეგმად ვიმყოფებოდით," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

ონიორეს ჩანჩქერის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის გასავითარებლად საჭიროა - 6 კილომეტრამდე ახალი სამანქანო გზის გაყვანა, 2,5 კილმეტრზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის აშენება და მთაში მოსასვენებელი კარვების ჩადგმა.

ონიორეს ჩანჩქერი მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 680 მეტრზე მდებარეობს. ონიორეს ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს მღვიმისა და მისგან გადმომავალი ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის. მღვიმის შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მეტრი სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია, ცალკეულ ადგილას კი გვირაბის სიგანე 12-15 მეტრს, ხოლო სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, მღვიმედან გამომავალი მიწისქვეშა მდინარე კი 67 მეტრის სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, მუნიციპალიტეტები ახალი ტურისტული მარშრუტების შესწავლასა და დაგეგმარებაზე მუშაობენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა