ირმა ინაშვილი - როდესაც რეალური მთავრობის წარმოდგენა მოხდება, სწორედ მაშინ დავსვამთ ჩვენ შეკითხვებს

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ პრემიერობის კანდიდატს და სამთავრობო გუნდს კითხვები არ დაუსვეს. როგორც ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, ირმა ინაშვილმა განაცხადა, ფრაქცია კითხვებით 3 კვირის შემდეგ მიმართავს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, როდესაც უკვე ფორმირებული იქნება ახალი მინისტრთა კაბინეტი.

„მიგვაჩნია, რომ სერიოზული განხილვები პარლამენტს წინ ელის, როდესაც რეალური მთავრობის წარმოდგენა მოხდება. სწორედ მაშინ დავსვამთ ჩვენ შეკითხვებს სტრატეგიულ და სისტემურ რეფორმებთან დაკავშირებით, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენი ფრაქციის გადაწყვეტილებაა, რომ შეკითხვებით არ მივმართოთ მინისტრებს. პრაქტიკულად ყველა მინისტრის საქმიანობას ვიცნობთ და მე რომ გავიდე ტრიბუნასთან იმ მინისტრის ნაცვლად, მეც კი შემიძლია გიპასუხოთ რას აპირებს ეს მინისტრი სფეროში.

სამწუხაროდ, რეალობაში სხვა ასახვას ჰპოვებს ხოლმე ეს ხატოვანი სიტყვები“, -განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ხედვები რიგ საკითხებთან მიმართებაში მოიწონა.

„ჩვენმა თაობამ არაერთი მთავრობა და რეფორმა ვნახეთ და არაერთი პროგრამაც ვიხილეთ. სულ ცოტა ხნის წინ ეკონომიკის 4- პუნქტიან პროგრამაზე იყო საუბარი და უმრავლესობა გვარწმუნებდა, რომ ეს არის ხსნა და 4- პუნქტიან გეგმაში არის გამოსავალი ჩიხიდან. ახლა ამ გეგმაზე აღარავინ საუბრობს და სხვა პრიორიტეტებია. მე სიმართლე გითხრათ, მომწონს თქვენი დამოკიდებულება საბანკო სექტორთან მიმართებაში. არის საკითხები, სადაც ერთნაირად ვფიქრობთ ჩვენ. ეს გვაძლევს იმედს, რომ თქვენს მიერ პარლამენტში სამი კვირის მანძილზე წარმოდგენილი იქნება პროგრამა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იქნება და 25 - ათასკაციანი აქციის გამართვა აღარ დაგვჭირდება, რათა ვთქვათ, რომ კრედიტების მძევალია მთელი ქვეყანა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ფრაქცია დროებით მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს