კახა კალაძე - ყველა რაიონშია დაუმთავრებელი შენობები, რომლებიც წლების განმავლობაში გაჩერებულია და ანტისანიტარიის ბუდედ იქცა

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვაქვს ქალაქში დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები და ეს პრობლემა დროულად უნდა მოვაგვაროთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დაუმთავრებელი შენობები ქალაქის მასშტაბით ბევრ რაიონშია, რაც ხშირ შემთხვევაში ანტისანიტარიის ბუდეა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს გეგმის წარდგენა დაავალა, რათა დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების პრობლემა დროულად მოგვარდეს.

„დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ ქალაქში. მე მქონდა საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან და მინდა გითხრათ, რომ არის სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ჩვენი მხრიდან იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას, რათა პრობლემა მოგვარდეს.

მე მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. ცენტრალური ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის. თუ რაიმე არის მათი მხრიდან საჭირო რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რომ ეს პრობლემა, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას მოგვარდეს.

დაუმთავრებელი შენობები ყველა რაიონშია, სამწუხაროდ. ეს ერთი მხრივ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის იერსახისთვის და მეორე მხრივ, სერიოზული პრობლემაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ბევრი ადგილი და ლოკაცია, სადაც უკვე მშენებლობა დაწყებული იყო, საძირკველი ამოღებულია, რამდენიმე სართული აშენებულია და წლების განმავლობაში გაჩერებულია, ანტისანიტარიის ბუდედ იქცა. ამიტომ დროულად და რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინეთ გეგმა რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პრობლემა იქნას მოგვარებული. დავეხმაროთ ამ სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს და მოვაგვაროთ პრობლემა“, -განაცხადა კახა კალაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა