დამოუკიდებელი ინსპექტორის სახელზე შესული საჩივრები შეეხება საქმეთა განხილვის გაჭიანურებას, მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას და მიღებული აქტის კანონიერებას

დამოუკიდებელი ინსპექტორის ქეთევან ცინცაძის განცხადებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სახელზე შესული საჩივრები უმეტესწილად შეეხება საქმეთა განხილვის გაჭიანურებას, მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას და სასამართლოს მიერ მიღებული აქტის კანონიერებას. ქეთევან ცინცაძე დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის 6 თვიან, პირველ ანგარიშს საზოგადოებას აცნობს.

ინსპექტორის განმარტებით, მას შემდეგ რაც ის ამ თანამდებობაზე დაინიშნა, ჯამში 272 დისციპლინარული საჩივარი გადაეცა განსხილველად, ხოლო 2018 წლის წლის 15 ივნისის მდგომარეობით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა 100-მდე საჩივარზე მოამზადა დასკვნა.

ქეთევან ცინცაძის თქმით, შესული საჩივრებიდან არც ერთი არ გამხდარა იმის საფუძველი, რომ მოსამართლეს უფლებამოსილება შეწყვეტოდა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა მიმართ დისციპლინარული დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება 25-მდე საქმეზე მიიღო.

"მნიშვნელოვანია ის,რომ 85 საქმესთან დაკავშირებით შეწყდა დისციპლინური სამართალწარმოება, ხოლო დაახლოებით 25 საქმეზე მოსამართლეთა მიმართ დაიწყო დევნა", - განაცხადა ქეთევან ცინცაძემ.

მან ასევე განმარტა, თუ რას გულისხმობს მოსამართლეთა მიმართ დევნის დაწყება.

"ეს ნიშნავს, იმას რომ მოსამართლეს ჩამოერთმევა ახსნა-განმარტება კონკრეტულ გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით და ამის შემდგომ საბჭო იმსჯელებს პასუხისგებაში მიცემის საკითხთან მიმართებაში. ძირითადად, რაზეც დევნა დაიწყო ეს არის უსაფუძვლო გაჭიანურების შემთხვევები, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმეთა გადატვირთულობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, სასამართლოში საქმეთა განხილვა ვერ ხერხდება კანონით განაზღვრულ ვადაში, რასაც შედეგად მოყვება საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება", - აღნიშნა ცინცაძემ.

ამასთან, დამოუკიდებელი ინსპექტორის განამარტებით , აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ საჩივრების ავტორები ძირითადად სადავოს ხდიან მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. თუმცა, როგორც ცინცაძემ განმარტა,მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური ვერ შეაფასებს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას, ვინაიდან ეს არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენცია.

ქეთევან ცინცაძემ განმარტება გააკეთა, თუ რას გულისხმობს მოსამართლის მხრიდან საქმის არაჯეროვანი შესრულება. ინსპექტორის თქმით, ეს ნიშნავს უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მხარის კონსტიტუციური უფლების დარღვევას, რაც მოსამართლემ განზრახ და უხეშად განახორციელა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის 6 თვიანი ანგარიშის შეჯამება სასტუმრო "რუმსში" მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე,საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაზე და საბჭოს წევრები, ასევე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე დამოუკიდებელი ინსპექტორის ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა