ილია ელოშვილი - თბილისში დაუსრულებელი მშენებლობები გაგრძელდება, ან მათი დემონტაჟი განხორციელდება

დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობები გაგრძელდება, ან მათი დემონტაჟი განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ელოშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ დაუსრულებელი მშენებლობების სრული ინვენტარიზაცია ჩაატარა და ქალაქში ამგვარი მშენებლობა 170-ზე მეტია.

„ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ქალაქისთვის. ის გახდა ანტისანიტარიის ბუდე და საფრთხის შემცველია მოქალაქეებისთვის. ამგვარად, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მფლობელებს, მეპატრონეებს, რომ ამ მშენებლობების განვითარება შეძლონ, ამისთვის არსებობს რამდენიმე გზა. ცენტრალური ხელისუფლებისგან გვექნება საშუალება, საგადასახადო შეღავათებზე, დღგ-ის კუთხით ვისაუბროთ, ჩვენ კი, შეგვეძლება შეღავათები ფართების დამატების კუთხით განვიხილოთ. შესაბამისად, არის რამდენიმე ღონისძიება და ინდივიდუალურად იქნება მოლაპარაკებები წარმოებული თითოეული ასეთი მშენებლობისთვის. მივიღებთ იმ ზომებს, რომელიც გონივრული და მისაღები იქნება“, - განაცხადა ელოშვილმა.

რაც შეეხება სამშენებლო ფართების მომატებას, როგორც ელოშვილმა განმარტა, ზოგ შემთხვევაში მშენებლობა რომ კომერციულად საინტერესო გახდეს, არის მოთხოვნა გაგრძელდეს მშენებლობა არა პირველად მოთხოვნილი სამშენებლო ფართით, არამედ, მომატებული ფართით.

„გარდა ამისა, შესაძლებელია დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლება, თუმცა გვინდა, რომ საკითხს კომპლექსურად შევხედოთ და ცენტრალურმა და ქალაქის მთავრობამ შეთანხმებულად იმოქმედოს და ყველა შესაძლებლობა, რომელიც გაგვაჩნია, სწორად და გონივრულად გამოვიყენოთ“, - განაცხადა ელოშვილმა.

გარდა ამისა, მერის მოადგილემ განმარტა, რომ დედაქალაქში 4 ტიპის გაჩერებული მშენებლობებია და თითოეულ მათგანთან სხვადასხვა მიდგომა იქნება.

„ერთია მშენებლობები, რომლებიც შეჩერებულია, მაგრამ მფლობელი ადგილზეა და ამასთანავე, არიან სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც სურს მშენებლობების დასრულება. აქ მოლაპარაკებები შესაძლებელია და თითოეულ მათგანთან წავა ინდივიდუალური მოლაპარაკება. ასევე, არის მეორე ტიპის მშენებლობები, რომელიც ფინანსური პრობლემების გამოა გაჩერებული, აქ საჭირო იქნება თითოეული მათგანის განხილვა და განსაზღვრა რა შეუძლია ქალაქის მთავრობას, საშემოსავლო სამსახურს რომ სიტუაცია გამოსწორდეს. გარდა ამისა, არის იურიდიულ დავებში შესული მხარეები. აქაც იურიდიული კუთხით იქნება გადასახედი, რა შეიძლება გაკეთდეს. გარდა ამისა, არის მშენებლობები, რომლებსაც პატრონი არ ჰყავს. აქ საჭირო იქნება საკანონმდებლო გადაწყვეტილების მიღება და შენობების დაკონსერვება, ან კერძო საკუთრების ხელყოფის გარეშე, დემონტაჟის განხორციელება“, - განაცხადა ელოშვილმა და დასძინა, რომ ყოველი მშენებლობის ნებართვის გაცემისას, მერიამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, გარკვეული პირობები წამოაყენოს, რომ ასეთი მშენებლობები დაუსრულებელ მშენებლობად არ გადაიქცეს.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს