რამაზ საყვარელიძე - ივანიშვილი ქართველ პოლიტიკოსებს კიდევ ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე პროცესები საშინაო პოლიტიკაში უცნაურად განვითარდა. შვილმოკლული მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული ხალხის საპროტესტო ტალღამ თანამდებობიდან გაისტუმრა მთავარი პროკურორი, ხოლო შემდეგ მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირების შედეგად - პრემიერ-მინისტრი.

ამ პროცესებმა დაგვანახა, რომ შიდა პოლიტიკაში რეალურად არსებობს საკმაოდ ბევრი პრობლემა, რომელზეც დიამეტრალურად განსხვავებული შეფასებები კეთდება. თქვენ როგორ შეაფასებდით უკანასკნელ თვეში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს? ვგულისხმობ როგორც ქუჩის აქციების გამომწვევ მიზეზებს, ისე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით მმართველი პარტიის დახურულ სხდომას, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას...

- თქვენს მიერ ჩამოთვლილ რთულ მოვლენებს დადებითად ვაფასებ, რადგან კრიზისი, თუ გადაურჩი, განვითარების წყარო შეიძლება გახდეს. საპროტესტო აქციები საზოგადოების ენაა.

აქციებმა დაგვანახა, რომ მოსახლეობა არ ემხრობა ქვეყნის დანგრევას, მას პრობლემების გადაჭრა სურს და არა ქაოსი. საზოგადოებამ ეს ყოველივე თქვა. მთქმელს გამგონე სჭირდება და ქვეყანისთვის უკეთესი იქნება, თუ საპროტესტო აქციების ამ მესიჯებს გაითვალისწინებენ როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიები

ამჟამინდელი საპროტესტო აქციებით ჩვენმა საზოგადოებამ ბევრი რამ თქვა. დასაწყისში აქციის მასშტაბურობით საზოგადოებამ ხელისუფლებას „უთხრა“, რომ არ დაუშვებს უსამართლობას. მოგვიანებით აქციის სათავეში “ნაციონალების” გამოჩენის შედეგად მხარდამჭერების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, რითაც საზოგადოებამ უკვე „ნაციონალურ მოძრაობას“ განუცხადა, რომ არ დაუშვებს იმის დავიწყებას, რაც ხდებოდა მათი მმართველობის დროს.

ამასთანავე აქციებმა დაგვანახა, რომ მოსახლეობა არ ემხრობა ქვეყნის დანგრევას, მას პრობლემების გადაჭრა სურს და არა ქაოსი. საზოგადოებამ ეს ყოველივე თქვა. მთქმელს გამგონი სჭირდება და ქვეყანისთვის უკეთესი იქნება, თუ საპროტესტო აქციების ამ მესიჯებს გაითვალისწინებენ როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიები.

მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო ცვლილებებს ზოგნი აქციებს უკავშირებენ, მიმაჩნია, რომ საპროტესტო აქციებს არ გადაუყენებიათ პრემიერი, მისი გადაყენების პროცესი უფრო ადრე დაიწყო. ამას მაფიქრებინებს ივანიშვილის იმდროინდელი განცხადებები, როცა ის დაბრუნდა პოლიტიკაში. ივანიშვილმა თავისი დაბრუნების მოტივებში ახსენა ორი პრობლემა - პარტიის შიდა განხეთქილება და პარტიის განხეთქილება ხალხთან. ეს ორივე პრობლემა ლოგიკურად უკავშირდება კვირიკაშვილს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს და პრემიერს.

ივანიშვილს განზრახული აქვს კვირიკაშვილისგან გადაუჭრელი პრობლემების გადაწყვეტა და სავარაუდოა, რომ კვირიკაშვილის ტაიმერი ჩაირთო ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისას. შესაბამისად, დამაჯერებელად მეჩვენება ვერსია, რომ ივანიშვილი სამი თვე სთავაზობდა გადადგომას პრემიერს, კვირიკაშვილი თანხმდებოდა, მაგრამ მერე ცვლიდა გადაწყვეტილებას.

საჯარო ინფორმაციიდანაც შეიძლება დანახვა, რომ პრემიერის და პარტიის თავმჯდომარის რანგში კვირიკაშვილს წარმატებებიც ჰქონდა და პრობლემებიც. ის საზოგადოებაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა მშვიდი, თავდაჯერებული და ტოლერანტული განცხადებებით. რეიტინგებიც მაღალი ჰქონდა. პრობლემებზე მიუთითებს ორი მცირე ეპიზოდი - უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობა და ღამის კლუბებზე მსჯელობა. ორივე კარგად დაიწყო პრემიერმა, მაგრამ არც ერთი ეს საქმე ბოლომდე არ მიიყვანა. ალბათ, ანალოგიური სიტუაცია იყო ბევრ სხვა შემთხვევაშიც და საქმეები რჩებოდა მოუგვარებელი.

პრემიერის პასიურობამ და შეცდომებში გაჯიუტებამ დააგროვა მოუგვარებელი პრობლემები და დაამუხრუჭა მათი გადაჭრა. ალბათ, ამ პრობლემებმა მოამწიფა საკითხი, რომ პრემიერი გადამდგარიყო, თუმცა... იგი აქაც გაჯიუტდა

სავარაუდოა, რომ მიტოვებული იყო პარტიაც, რადგან იშვიათად ვრცელდებოდა ინფორმაცია პარტიის შეკრებებზე. პრემიერის ავტორიტეტს ცუდი სამსახური გაუწია შეცდომებში გაჯიუტებამაც. ერთ-ერთი ამგვარი შეცდომა იყო ჯეჯელავას დანიშვნა მინისტრად და მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მხრიდან ისმოდა კომბლესთან დაპირისპირებული მინისტრის კრიტიკა, კვირიკაშვილმა იგი დააწინაურა ვიცე-პრემიერად.

ივანიშვილი რომ არა, ახლაც ვაშლების დანაწილებით იქნებოდა დაკავებული განათლების სისტემა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ პრემიერის პასიურობამ და შეცდომებში გაჯიუტებამ დააგროვა მოუგვარებელი პრობლემები და დაამუხრუჭა მათი გადაჭრა. ალბათ, ამ პრობლემებმა მოამწიფა საკითხი, რომ პრემიერი გადამდგარიყო, თუმცა... იგი აქაც გაჯიუტდა.

- მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, უცნაური მინიშნებები კეთდება იმაზე, რომ ქუჩის აქციების ორგანიზატორებთან გარკვეული სახის კომუნიკაცია ჰქონდა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

ამ თემაზე საუბრები სულ უფრო დაუჯერებელ ხასიათს იძენს, მიუხედავად იმისა, რომ „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ქუჩის აქციების უკან „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, ასევე წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და „რუსთავი 2“ იდგნენ.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ის ბრალდებები, რომელიც ექსპრემიერ კვირიკაშვილის მისამართით ისმის? არ ვგულისხმობ იმ ბრალდებებს, რომელთა თანახმადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს პრემიერ კვირიკაშვილთან ჰქონია.

- მართალი ბრძანდებით, კვირიკაშვილის წასვლის დეტალებში ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია. თქვენს მიერ ხსენებულ ბრალდებებზე ხმას არ იღებენ არც პარტიები და არც მედიის დიდი ნაწილი. სანამ დამაჯერებელი ინფორმაცია არ გამოჩნდება, ამ ვერსიების კომენტირება ძნელია.

- ექსპრემიერის თემა რომ დავასრულოთ, კიდევ ერთ საკითხს ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ. გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას გიორგი კვირიკაშვილმა მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილისაგან განსხვავებით თქვა, რომ მისი ხედვა „ფუნდამენტურად განსხვავდება“ მმართველი გუნდის, - იგულისხმება მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, - ხედვებისაგან.

ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა პოლიტიკურ მოედანზე დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ვიხილოთ?

- თქვენ სწორედ გაიხსენეთ, რომ ღარიბაშვილს წასვლისას ამგვარი გაცხადება არ გაუკეთებია. ე.ი. გადადგომა ამგვარ განცხადებას არ ითხოვს. რადგან კვირიკაშვილმა გააკეთა განცხადება „ფუნდამენტური განსხვავების“ შესახებ, სავარაუდოა, რომ ამ ფრაზას დამატებითი ფუნქცია აქვს, კერძოდ, პოლიტიკური. ამ ფრაზით კვირიკაშვილის გადადგომას მიეცა ოპოზიციური იერი, რის გამოც თითქმის ყველა უცხოურმა მედიამ სწორედ ამ ფრაზას გაუსვა ხაზი. თუ ამ ფრაზის უკან პოლიტიკური ჩანაფიქრია, მას საკმაოდ რეალური პერსპექტივა აქვს.

დიდი ხანია მოსახლეობა ეძებს იმას, ვინც არც მიშასია და არც ბიძინასი. გავიხსენოთ როგორ დაეწაფა მოსახლეობა ბურჭულაძის პარტიას, სანამ დაინახავდა, რომ იგი რეალურად მიშასია და თან ბევრ შეცდომას უშვებს.

რადგან კვირიკაშვილმა გააკეთა განცხადება „ფუნდამენტური განსხვავების“ შესახებ, სავარაუდოა, რომ ამ ფრაზას დამატებითი ფუნქცია აქვს, კერძოდ - პოლიტიკური... თუ ამ ფრაზის უკან პოლიტიკური ჩანაფიქრია, მას საკმაოდ რეალური პერსპექტივა აქვს

ამდენად, ცხადია, რომ მესამე ალტერნატივად გახდომა ახლა ადვილია თუ მკვეთრ შეცდომებს არ დაუშვებენ. შეიძლება, ამგვარ მესამე ალტერნატივის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი არის ფრაზა „ფუნდამენტური განსხვავების“ შესახებ.

საქართველოში ხელისუფლებიდან წამოსული ოპოზიცია უფრო აღწევს წარმატებას, ვიდრე სხვა. შეიძლება ახლაც განმეორდეს ეს კანონზომიერება, მით უფრო, რომ ოპოზიციური სპექტრი დღეს შთამბეჭდავი არაა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ამ სავარაუდო პოლიტიკურ ჯგუფში შეიძლება გაერთიანდნენ ის „ექს-მეოცნებეები“, რომლებსაც კარგი ავტორიტეტი აქვთ დასავლეთში - კვირიკაშვილი, უსუფაშვილი, ჯანელიძე, ხიდაშელი და ა.შ. შესაბამისად, თუ ამგვარი პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა, მას დასავლეთიდან მხარდაჭერა ექნება. ამდენად, არაა გამორიცხული, რომ კვირიკაშვილის ზემოხსენებული ფრაზიდან ახალი პოლიტიკური სუბიექტი დაიბადოს საქართველოში, რაც პროცესებს საინტერესო დინამიკას შესძენს.

- ახლა ქართულ მედიაში ყველაზე ხშირად ისმის პრემიერობის ახალი კანდიდატის, მამუკა ბახტაძის გვარი. თუ მანამდე საზოგადოებამ მასზე ბევრი რამ არ იცოდა, ახლა საკმაოდ ბევრი რამ იცის.

თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საჯარო სივრცეში პირველ ნაბიჯებს, მთავრობის სამომავლო გეგმებზე გაკეთებულ განცხადებებს? დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვითარებაში, რომელშიც ის აღმოჩნდა, იგი ფსიქოლოგიურად საკმაოდ მომზადებული იყო.

- არ გამოვრიცხავ, რომ ეს თანამდებობა მისთვის მოულოდნელი არ იყო. ამას გარდა, სავარაუდოა, რომ ბახტაძე პიროვნულადაც არის თავდაჯერებული და გაბედული - ბანკების შევიწროებაც და სამინისტრობის შეკვეცაც გაბედული პროექტებია.

ბახტაძე პიროვნულადაც არის თავდაჯერებული და გაბედული - ბანკების შევიწროებაც და სამინისტროების შეკვეცაც გაბედული პროექტებია

რაც შეეხება საჯარო სივრცეში მოქმედებას, ჯერჯერობით ის ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი არც უფრთხის და არც კონფორმულია მედიის მიმართ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- რასაც თქვენ ბრძანებთ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მედიის წარმომადგენელთა აბეზარი მცდელობების მიუხედავად, მას მთავრობის ახალ შემადგენლობაზე სიტყვაც არ დასცდენია. თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერობის კანდიდატის პირველ ინიციატივას მართვის ეფექტურობისათვის მცირე მთავრობის შექმნის შესახებ?

და კიდევ, იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ როგორც ადგილებზე, ისე ცენტრალურ ორგანოებში დასაქმებულთა რიცხვი საკმაოდ გაზრდილია, ეს ეხება თბილისის მერიასაც, თქვენი დაკვირვებით, რამდენად აღმოაჩნდება მმართველ გუნდს იმის პოლიტიკური ნება, რომ მმართველობითი ორგანოები ქვეყანაში მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდეს?

- მცირე მთავრობის იდეა ზოგადად ეკუთვნის დასავლურ დემოკრატიას, რომლის მიზანია შეზღუდოს სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების მონოპოლიზაცია, რომლის უკიდურესი ფორმები იყო ფეოდალური მონარქია თუ საბჭოთა სოციალიზმი. მთავრობის შემცირებაშიც დემოკრატია გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის ფუნქციების შემცირებას და არა - მხოლოდ სამინისტროების რიცხვის შემცირებას.

სასიამოვნოა, რომ ბახტაძემ ამ მომენტს გაუსვა ხაზი საპარლამენტო მოხსენებაში, თორემ ჩვენ მხოლოდ სამინისტროების თვლაზე ვართ ხოლმე გადასული. თუ ფუნქციები ჩამოშორდება სამინისტროს, ისინი სხვამ უნდა შეასრულოს. ზოგადად, მთავრობის შემცირებისას სახელმწიფოსთვის გამორთმეული ფუნქციები გადადის კერძო და არასამთავრობო სექტორებზე.

დასავლეთში ბიზნესის განვითარება თითქმის უფუნქციოდ ტოვებს ეკონომიკის სამინისტროს. ქველმოქმედების ნორმალური კანონის წყალობით კულტურაზე ზრუნვას იწყებს კერძო სექტორი და უფუნქციო ხდება კულტურის სამინისტრო. ამგვარი მაგალითები ბევრია. ამდენად, მცირე მთავრობის იდეა გულისხმობს, რომ სამინისტროს ფუნქციების შესრულების პირობები უნდა შეექმნას კერძო სექტორს, რაც შესაბამის კანონებს ითხოვს.

„მცირე მთავრობა“ გულისხმობს მართვის გარკვეულ პოლიტიკას, რომლის განხორციელებისთვის საჭიროა კანონმდებლობის საფუძვლიანი შეცვლა... მცირე მთავრობის იდეა ასევე გულისხმობს, რომ სამინისტროს ფუნქციების შესრულების პირობები უნდა შეექმნას კერძო სექტორს, რაც შესაბამის კანონებს ითხოვს

შესაბამისად, „მცირე მთავრობა“ გულისხმობს მართვის გარკვეულ პოლიტიკას, რომლის განხორციელებისთვის საჭიროა კანონმდებლობის საფუძვლიანი შეცვლა. ჩვენთან კი მთავრობის შემცირება ერთ თვეში უნდა განხორციელდეს, რაც კანონმდებლობისთვის საკმარისი არაა.

ამიტომ მგონია, რომ ამ ეტაპზე სამინისტროების ტექნიკურ-არითმეტიკული შემცირება მოხდება მხოლოდ, რაც არ შეცვლის მართვის პოლიტიკას. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას ექნება თავის პოზიტიური შედეგი, მაგრამ ეს არ იქნება შესაძლო მაქსიმუმი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ კაბინეტის დაბადების მტკივნეული პროცესის დასრულების შემდეგ ბახტაძე გააგრძელებს მცირე მთავრობის თემაზე მუშაობას და მიიყვანს მას ბოლომდე.

- ოპოზიცია 3-კვირიანი მთავრობის იდეას აპროტესტებს და ამტკიცებს, რომ ივანიშვილს დრო გაჰყავს, რომ მინისტრად თეა წულუკიანი შეინარჩუნოს.

როგორც ჩანს, კითხვა - იქნება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის მომავალი შემადგენლობის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად რჩება.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ოპოზიციის მტკიცება? და კიდევ წულუკიანმა მინისტრის პოსტი უნდა შეინარჩუნოს თუ არა?

- ოპოზიცია აშკარად ცდილობს წულუკიანის დემონიზაციას, რასაც ახლა „მთავარი დემონი“ - ივანიშვილი დაამატა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა სჭირდებოდეს ივანიშვილს წულუკიანის შენარჩუნება და მის შესანარჩუნებლად ამდენი მანევრი. ოპოზიცია ამის დამაჯერებელ არგუმენტს არ ამბობს.

დე გოლი კამათის გარეშე გადადგა და გაიმარჯვა, რადგან თანამდებობაზე მაღლა დააყენა პოლიტიკური ღირსება. ამიტომ დე გოლი ისტორიაშიც გამარჯვებულ პოლიტიკოსად დარჩა. ვისურვებდი, რომ საქართველოს პოლიტიკოსებს ანალოგიურ გამარჯვებაზე ჰქონოდეთ ორიენტაცია

რაც შეეხება წულუკიანის მიერ პოსტის შენარჩუნებას, ამ სიტუაციაში მოქმედების წესებს ისტორია გვკარნახობს. დე გოლი გადადგა, როცა ფრანგების ნაწილმა მოითხოვა მისი გადადგომა. დე გოლსაც შეეძლო თავისი დამსახურებების ჩამოთვლა თანამდებობის შესანარჩუნებლად და ეს მცირე სია არ იქნებოდა. დე გოლი კი კამათის გარეშე გადადგა და გაიმარჯვა, რადგან თანამდებობაზე მაღლა დააყენა პოლიტიკური ღირსება. ამიტომ დე გოლი ისტორიაშიც გამარჯვებულ პოლიტიკოსად დარჩა. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს პოლიტიკოსებს ანალოგიურ გამარჯვებაზე ჰქონოდეთ ორიენტაცია.

- როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძე იქნება ქვეყნის პირველი პრემიერი, რომელმაც განათლების რეფორმა უპირველეს პრიორიტეტად დაასახელა.

ამ თემაზე ბატონმა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ბატონი მამუკას ამ განცხადებას მივესალმები. თუ ის გადავა სახელმწიფო უნივერსიტეტების საბიუჯეტო დაფინანსებაზე, თუ ის ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს მეცნიერების განვითარებას, მაშინ დავიჯერებ, რომ მისი მზაობა განათლების სიტემის გაუმჯობესებაზე სერიოზულია.“

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება უნივერსიტეტების საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადავა და რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ბახტაძის მთავრობა განათლების სისტემაში მნიშვნელოვან და სერიოზულ რეფორმებს გაატარებს?

- არ ვიცი, უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსება შეიძლება თუ არა იყოს საგანმანათლებლო პოლიტიკის საკვანძო საკითხი, ბატონ ლადოს უფრო მოეხსენება. მე კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას. ჩვენ სულ განათლებაზე ვლაპარაკობთ და გვავიწყდება, რომ განათლების ძირი მეცნიერებაა - განათლება იმ ცოდნის გადაცემაა, რომელსაც მეცნიერება მოიპოვებს.

თუ მეცნიერება არ გვექნება, სკოლის მასწავლებელსაც კი ვერ მოვამზადებთ. არადა, დღეს მეცნიერებაა გადასარჩენი. ახლა სადოქტორო დისერტაციები უფრო დაბალი ხარისხისაა, ვიდრე საკანდიდატო იყო საბჭოთა დროს.

ინსტიტუტების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური ბაზა მინიმუმამდეა დასული. ამიტომ ახალგაზრდები აღარც მიდიან ფუნდამენტურ მეცნიერებებში და მალე საკადრო კრიზისი დაიწყება.

თუ განათლების მაღალი დონე გვსურს, მეცნიერების მაღალ დონეზე უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ ჩემთვის განათლებაზე ზრუნვის პირველი ნიშანი იქნება ინვესტიციები და ზრუნვა მეცნიერების განვითარებაზე

მეცნიერების კრიზისის გამწვავების შემდეგ მწვავე კრიზისი დაიწყება განათლებაში, განსაკუთრებით - უმაღლესში. ამ ფონზე ლოგიკურია, რომ თუ განათლების მაღალი დონე გვსურს, მეცნიერების მაღალ დონეზე უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ ჩემთვის განათლებაზე ზრუნვის პირველი ნიშანი იქნება ინვესტიციები და ზრუნვა მეცნიერების განვითარებაზე.

- თუ ისევ შიდა პოლიტიკის აქტუალურ თემებს დავუბრუნდებით, თქვენ როგორ შეაფასებდით ზოგადად ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებას? მხედველობაში მაქვს ერთი მხრივ ვითარება საპარლამენტო ოპოზიციაში, ანუ „ევროპელი დემოკრატებისათვის“ საგამოძიებო კომისიის ჩაბარება, ამავე კომისიაში მუშაობაში როგორც „ნაცების“, ისე „პატრიოტთა ალიანსის“ არმონაწილეობა, ასევე ის, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდა.

- „ევროპელი დემოკრატები“ აშკარად ემიჯნებიან „ნაციონალებს“. ორივეს ემიჯნება „პატრიოტთა ალიანსი“. ჯერ ძნელია იმის თქმა, რას მისცემს საგამოძიებო კომისია „ევროპელებს“.

საპროტესტო პროცესებს „ნაციონალები“ წარმართავენ და სავარაუდოა, რომ ისინი ეცდებიან ეჭვქვეშ დააყენონ საგამოძიებო კომისიის ნებისმიერი შედეგი. საგამოძიებო კომისიის შედეგი რომ დაიდება, ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირებები, ჩემის აზრით, მოიმატებს. ყოველივე ეს კიდევ უფრო დაუგდებს რეიტინგს ამ პარტიებს. ამიტომ ველი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე წინააღმდეგობები მოიმატებს.

- დედაქალაქში და რეგიონებში „ნაცმოძრაობაც“ აქტიურობს და როგორც ჩანს, „ქართული ოცნებაც“. „ნაციონალების“ აქტიურობა საზოგადოებრივ განწყობებზე გავლენას კი ახდენს, მაგრამ იმდენად არა, რომ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვნად აისახოს.

„ნაცმოძრაობის“ ბრძოლის ტაქტიკა ტოვებს განცდას, რომ ქვეყანაში რეალურად არ არსებობს კონსტრუქციული ოპოზიცია და დიდია ალბათობა, რომ „ნაციონალების“ ბრძოლის ტაქტიკა მათთვისვე აღმოჩნდეს საზიანო....

„ნაცმოძრაობამ“ წამგებიანი ტაქტიკა აირჩია. იგი იგივეს აკეთებს, რასაც ადრე და არ აძლევს საშუალებას მოსახლეობას, რომ დაივიწყოს ის, თუ რატომ არ უნდოდა „ნაციონალები“ ხელისუფლებაში

- გეთანხმებით, „ნაცმოძრაობამ“ წამგებიანი ტაქტიკა აირჩია. იგი იგივეს აკეთებს, რასაც ადრე და არ აძლევს საშუალებას მოსახლეობას, რომ დაივიწყოს ის, თუ რატომ არ უნდოდა „ნაციონალები“ ხელისუფლებაში. ამიტომაა, რომ სადაც „ნაციონალები“ გამოჩნდებიან, მოსახლეობა თავს არიდებს მათ გვერდით დადგომას, რაც ვნახეთ რუსთაველზე გამართულ მიტინგებზე.

- ქუჩის აქციებისა და პრემიერის გადადგომის შემდეგ სულ უფრო ხშირად გამოითქმის ამგვარი მტკიცება - თუ ახალი პრემიერი ძირითად გამოწვევებს ვერ გაუმკლავდა, ქვეყანაში მოვლენები მძიმე სცენარით განვითარდება.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ მმართველი გუნდი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. თქვენი აზრით, რამდენად აქვს მმართველ გუნდს იმის რესურსი, რომ ვითარება არაერთ სფეროში მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს?

- რესურსი აქვს ყველა პარტიას, ოღონდ წარმატებისთვის ზოგს ბევრი რესურსი სჭირდება, ზოგს ნაკლები. წარმატებისთვის ყველაზე ნაკლები რესურსი სჭირდება მმართველ პარტიას, რადგან ოპოზიციური პარტიების შეცდომების გამო „ქართულ ოცნებას“ სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს, ამ პირობებში „ოცნების“ დამარცხების შანსი ძალზე მცირეა.

ოპოზიციური პარტიების შეცდომების გამო „ქართულ ოცნებას“ სერიოზული კონკურეტი არ ჰყავს, ამ პირობებში „ოცნების“ დამარცხების შანსი ძალზე მცირეა

რაც შეეხება გაუმჯობესების რესურსს, ყველა სხვა პარტიასთან შედარებით მეტი ისევ „ოცნებას“ აქვს, რადგან ფინანსური, ადმინისტრაციული და საკადრო რესურსიც მეტი აქვს და, რაც მთავარია, ცვლილებების რესურსიც.

„ოცნება“ ახლა მთავრობას ცვლის პრემიერის ძალიან საინტერესო ფიგურით, შეიძლება მერე პარლამენტიც შეცვალოს. ცვლილებების ეს უნარი „ოცნებამ“ ივანიშვილის დაბრუნებით შეიძინა. ჯერ ცოტა დროა გასული მისი დაბრუნებიდან და ივანიშვილი ქართველ პოლიტიკოსებს კიდევ ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს, რადგან ბევრისგან განსხვავებით იგი პოლიტიკასთან მიდის არა როგორც პიედესტალთან, არამედ როგორც „საჭადრაკო დაფასთან“.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს