პროფკავშირების ინფორმაციით, ირაკლი პეტრიაშვილმა „არტურ სვენსონის'' სახელობის ჯილდო მიიღო

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და ამავე დროს პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა - საპატიო, ''არტურ სვენსონის'' სახელობის ჯილდო მიიღო, როგორც რეგიონის წარმომადგენელმა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი პეტრიაშვილი, თავის მხრივ, ამ ჯილდოს ყაზახეთის დევნილი და პატიმრობაში მყოფი პროფკავშირის წევრებს გადასცემს.

„სწორედ პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს PERC -ის წარდგინებით, რომელსაც ირაკლი პეტრიაშვილი ხელმძღვანელობს, ''არტურ სვენსონის'' ჯილდოს ნომინანტად ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირი დასახელდა და სხვა რვა პრეტენდენტს შორის გამარჯვებაც მოიპოვა.

ირაკლი პეტრიაშვილმა როგორც წარმდგენმა და მსოფლიო პროფკავშირების წარმომადგენელმა პრიზი მიიღო და თავად გადასცემს ორგანიზაციას, რომლის ლიდერებიც ქვეყნის დატოვებას დევნისა და შევიწროების გამო ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირები (KNPRK) - ის პროფკავშირული ორგანიზაციაა, რომლის სამი ლიდერიც ჯერ პოლიტიკური და სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდა შემდეგ კი მსჯავრიც შეუფარდეს. დევნილთა მხარდასაჭერად ირაკლი პეტრიაშვილის თაოსნობით მსოფლიო პროფკავშირებმა არაერთხელ მიმართა ყაზახეთის მთავრობას, ჩავიდნენ სიტუაციის გასაცნობად და სერიოზული ბრძოლა გასწიეს და ზეწოლა მოახდინეს ყაზახეთის მთავრობაზე მათ გასათავისუფლებლად და მსჯავრის პირობითით შეცვლასაც მიაღწიეს.

ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში დაჯილდოების ცერემონიზე ირაკლი პეტრიაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვაც მოხვდა. პეტრიაშვილმა "არტურ სვენსონის" ფონდის კომიტეტს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყაზახეთში თავისუფალი პროფკავშირებისთვის ბრძოლა გრძელდება - გრძელდება ბრძოლა სამი აქტიური პროფკავშირელისთვის წარდგენილი უსამართლო ბრალის მოხსნისთვისაც.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ნორვეგიისა და ყაზახეთის მსგავსებებსა და განსხვავებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ორივე ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ რესურსებიდან მიღებული შემოსავალი ნორვეგიაში აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ნორვეგია მოწინავე ადგილზეა მოქალაქეთა ბედნიერების და სოციალური კეთილდღეობის ინდექსით, განსხვავებით ყაზახეთისგან, რადგან ნორვეგიის მთავრობა და პოლიტიკოსები დიდ ყურადღებას უთმობენ სამოქალაქო განათლებას და ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოებას, რომლის ხერხემალიც თავისუფალი, დამოუკიდებელი პროფკავშირებია. სწორედ პროფკავშირების ჩართულობით და სოციალური პარტნიორობის მეშვეობით ნორვეგიაში სამართლიანად ანაწილებენ ეკონომიკურ დოვლათს და ზრუნავენ საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"როგორც პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა ვიცი, რომ ყაზახეთის მსგავსი პრობლემები რეგიონის არაერთ ქვეყანაშია, არც საქართველოა გამონაკლისი და ბევრი ქვეყანა დგას მსგავსი გამოწვევების წინაშე, მათი ხელისუფალნი უნდა დაფიქრდნენ, გაიაზრონ და ყველა ღონე იხმარონ, ყველა ხერხს მიმართონ სამოქალაქო სექტორის, სოციალური პარტნიორობის და დიალოგის გაძლიერებისთვის, რათა ნორვეგიაში არსებული სოციალური სიტუაცია - არ იყოს, ან გახდეს თავის დროზე ებრაელებისთვის აღქმული მიწა, რომლისკენაც 40 წელი უდაბნოში მიდიოდნენ ებრაელები. თუ ჩვენ თავად არ ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის აქტიურად, ასევე მოგვიწევს 40 წელი და მეტი უდაბნოში სიარული. არ არსებობს კეთილი მთავრობები, რომლებიც ზრუნავენ ხალხის კეთილდღეობაზე, არსებობს ძლიერი ხალხი და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც ჩარჩოებში აქცევს მთავრობის ქმედებებს და მათ ხალხის სასიკეთოდ ამოქმედებს", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს