მამუკა ბახტაძე - საგარეო პოლიტიკაში ვიქნებით თანმიმდევრული ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე

ვიქნებით თანმიმდევრული ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე და გამოვიყენებთ თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს, რათა უზრუნველვყოთ ევროინტეგრაციის პროცესის მეტი სისტემურობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობა სწრაფი ტემპებით შეასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

„ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ვიქნებით თანმიმდევრული ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე და გამოვიყენებთ თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს, უზრუნველვყოფთ ევროინტეგრაციის პროცესის მეტ სისტემურობას, პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას. ჩვენ სწრაფი ტემპებით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ჩვენი უნიკალური კულტურითა და თვითმყოფადობით დავუბრუნდებით ევროპულ ოჯახს, რომელთანაც ცივილიზაციური ერთობა გვაკავშირებს. ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფორმატია საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. პროაქტიურად გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას.

„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია გულისხმობს ჰარმონიზაციას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების განხორციელების მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსთან სრულად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები. ჩვენი სამხედროები, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას ტერორიზმთან ბრძოლისა და მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო