მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში

ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მომავალი მთლიანად განათლებასა და ახალგაზრდობაზეა დამოკიდებული.

“წარმოუდგენელია ვიფიქროთ ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე, თუ არ ვიზრუნებთ ახალგაზრდა თაობის საფუძვლიან განათლებაზე და მათ წვდომაზე თანამედროვე სამყაროს ინოვაციურ მიდგომებთან. მე ვისაუბრე სიღარიბის დაძლევაზე, მაგრამ ამავე დროს მინდა განვაცხადო შემდეგ სრული პასუხისმგებლობით, რომ საქართველო ვერასდროს ვერ გახდება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა, თუ განათლების წილი მის ეკონომიკაში სტაბილურად, გრძელვადიან პექრსპეტივაში არ იქნა მინიმუმ ორნიშნა ციფრი. ეს არის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკის მთავრი ამოცანა, რომ განათლების სექტორი გახდეს დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში და შესაბამისად, შევქმნათ ის წინაპირობები, რომელიც საქართველოს მისცემს საშუალებას გახდეს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, განათლების რეფორმასთან ერთად, ახალგაზრდობის ინოვაციური პოლიტიკა კიდევ უფრო ფართო სფეროა.

“ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ მიეცეთ ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები. მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ახალგაზრდების პროფესიული განვითარება და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა, მათი პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზება და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება. ეკონომიკის განვითარებაში დამწყები მეწარმეების მიერ ინოვაციური მიდგომებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მოტივირება და ჯანსაღი ამბიციების ხელშემწყობი გარემოს შექმნა გრძელვადიანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის საფუძვლის შექმნის წინაპირობაა. ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები მიზნად ისახავს ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებასა და ზოგადად, ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს