თბილისის მასშტაბით 179 დაუსრულებელი მშენებლობაა

თბილისის მასშტაბით, 179 იდენტიფიცირებული დაუსრულებელი მშენებლობაა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, 179-დან 43 ობიექტს მერიამ კონსულტაცია გაუწია. პროცესი 19-მა ობიექტმა განაახლა.

რაც შეეხება დაუსრულებელი მშენებლობების კონკრეტულ კლასიფიკაციას, მერიის ინფორმაციით, მრავალბინიანია 73 შენობა, მრავალფუნქციურია 53, კერძო ბინაა - 3, საოფისე - 4, რესტორანი - 3, სასტუმრო-6, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული - 1, სასაწყობე - 2, სავაჭრო-სამრეწველო - 3.

რაც შეეხება მშენებლობის პროცესს, მერიის ინფორმაციით, 12 შენობის მხოლოდ კატლავანია გაჭრილი, 2 შენობა დემონტაჟის პროცესშია გაჩერებული, მხოლოდ მიწაა 7 შემთხვევაში, გრგ-ს ფარგლებში განვითარებაზე შეთანხმება შეჩერებულია 3 შემთხვევაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პრობლემური მშენებლობა ვაკის რაიონშია.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავის მოადგილეს, ილია ელოშვილს გეგმის წარდგენა დაავალა, რათა დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების პრობლემა დროულად მოგვარდეს.

„დაუმთავრებელი შენობები ყველა რაიონშია, სამწუხაროდ. ეს ერთი მხრივ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის იერსახისთვის და მეორე მხრივ, სერიოზული პრობლემაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ბევრი ადგილი და ლოკაცია, სადაც უკვე მშენებლობა დაწყებული იყო, საძირკველი ამოღებულია, რამდენიმე სართული აშენებულია და წლების განმავლობაში გაჩერებულია, ანტისანიტარიის ბუდედ იქცა. ამიტომ დროულად და რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინეთ გეგმა რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პრობლემა იქნას მოგვარებული. დავეხმაროთ ამ სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს და მოვაგვაროთ პრობლემა“, -განაცხადა კახა კალაძემ.

მოგვიანებით, ილია ელოშვილმა განმარტა, რომ დედაქალაქში 4 ტიპის გაჩერებული მშენებლობებია და თითოეულ მათგანთან სხვადასხვა მიდგომა იქნება.

„ერთია მშენებლობები, რომლებიც შეჩერებულია, მაგრამ მფლობელი ადგილზეა და ამასთანავე, არიან სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც სურს მშენებლობების დასრულება. აქ მოლაპარაკებები შესაძლებელია და თითოეულ მათგანთან წავა ინდივიდუალური მოლაპარაკება. ასევე, არის მეორე ტიპის მშენებლობები, რომელიც ფინანსური პრობლემების გამოა გაჩერებული, აქ საჭირო იქნება თითოეული მათგანის განხილვა და განსაზღვრა რა შეუძლია ქალაქის მთავრობას, საშემოსავლო სამსახურს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. გარდა ამისა, არის იურიდიულ დავებში შესული მხარეები. აქაც იურიდიული კუთხით იქნება გადასახედი, რა შეიძლება გაკეთდეს. გარდა ამისა, არის მშენებლობები, რომლებსაც პატრონი არ ჰყავს. აქ საჭირო იქნება საკანონმდებლო გადაწყვეტილების მიღება და შენობების დაკონსერვება, ან კერძო საკუთრების ხელყოფის გარეშე, დემონტაჟის განხორციელება“, - განაცხადა ელოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“