კახა კახიშვილი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დიდი სამინისტროა და მის გაყოფას თუ გაერთიანებას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დიდი სამინისტროა და მის გაყოფას თუ გაერთიანებას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა კახა კახიშვილმა განუცხადა.

როგორც კახიშვილი განმარტავს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ერთი დეპარტამენტის სახით ვერ შევა. “ამ ორი უწყების გაერთიანებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ის, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მოიპოვოს პარლამენტის ნდობა. პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების მიღების შემდეგ, მას აქვს გეგმა, პარლამენტს შემცირებული მთავრობა წარუდგინოს. რა თქმა უნდა, ამ პროცესს წინ საპარლამენტო კონსულტაციები უნდა უძღოდეს, რადგან მთავრობა სამინისტროების შერწყმისა თუ გაყოფის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო რეგულაციების შეცვლის გარეშე ვერ მიიღებს. რაც შეეხება კონკრეტულად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანების საკითხს, ამაზე მსჯელობა იყო, თუმცა დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ძალიან დიდი სამინისტროა და მის გაყოფას თუ გაერთიანებას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ცალკე სამინისტროს სახით ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის. კახიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ახალი რედაქციის კონსტიტუციის გათვალისწინებით, პროკურატურა იუტიციის სამინისტროს სისტემიდან გავა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცალკე სამინისტროდ არსებობის საფუძველი აღარ იქნება.

“შესაბამისად, უნდა განვიხილოთ რამდენიმე მოდელი. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არის მხოლოდ პენიტენციური დეპარტამენტი, ხოლო დანარჩენი დეპარტამენტები - მაგალითად, როგორიც არის სამედიცინო დეპარტამენტი, სადაც 800-ზე მეტი ექიმი, 1000-ზე მეტი ექთანი მუშაობს და ორი საავადმყოფოა - ეს სამსახური არის ჯანდაცვის სამინისტროს ქვეშ; საბადრაგო სამსახური, რომელიც პატიმრების გადაყვანას უზრუნველყოფს, არის პოლიციის კომპონენტი. ასე რომ, კარგად უნდა გავიაზროთ, როგორ მოდელს ვაკეთებთ. პირადად ჩემი აზრით, ცოტა სარისკო იქნება, თუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროში ცალკე შევა, ხოლო სამედიცინო ნაწილი გადავა ჯანდაცვის სამინისტროში და ასე შემდეგ. ეს იქნება რთული პროცესი, რადგან შესაძლებელია სისტემამ ეფექტურობა დაკარგოს. არის ბევრი ნიუანსი, რაც კარგ განხილვას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ, ასეთი განხილვები იქნება და შემდგომში ალბათ ისეთ მოდელს მივიღებთ, რომელიც განვითარების მხრივ სისტემას საფრთხეს არ შეუქმნის “, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო