სოფიო კილაძე - თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების ღიაობაზე სახალხო დამცველის პოზიცია და შენიშვნები გაზიარებულია

თანამდებობის პირებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სახალხო დამცველის შენიშვნები გათვალისწინებული და განსახილველად წარდგენილ კანონპროექტში ასახულია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განუცხადა.

“საკითხები, რომლის თაობაზეც ნინო ლომჯარიამ პარლამენტს მოსწერა, პროექტში გათვალისწინებულია. ჩვენი მხრიდან არავითარი პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა - სახალხო დამცველის პოზიცია პროექტის პირველივე მოსმენის დროს გავითვალისწინეთ. თანამდებობის პირების მონაცემებთან დაკავშირებული საკითხი კანონში დარჩება ისე, როგორც დღეს არის. რაც შეეხება პროფესიული საიდუმლოების თემას, ეს არის კონსტიტუციური ჩანაწერი და თუ პრობლემას ხედავენ, დავა საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს უნდა ყოფილიყო“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა სოფო კილაძემ.

თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების გაცემა საჯარო დაწესებულებების დისკრეციაზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ პარლამენტში გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტის ბიუროს 18 ივნისს წარედგინა.

საქმე პარლამენტში ინიცირებულ საკანანმდებლო პაკეტს - “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და “საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომელიც თავის მხრივ, ახალი რედაქციის კონსტიტუციიდან გამომდინარეობს და უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

სახალხო დამცველის წერილში აღნიშნულია, რომ ინიცირებული კანონპროექტი რიგ ხარვეზებს შეიცავს, რომელთა გამოსწორებაც ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია. ლომჯარიას მიაჩნია, რომ “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 44-ე მუხლში აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს ჩანაწერი, რომელიც თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების ღიაობას ითვალისწინებს.