სიღნაღის მუზეუმში გამოფენა „კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები - ქართული დაზგური ფერწერის დასაწყისიდან XX საუკუნემდე“ გაიმართება

სიღნაღის მუზეუმში დღეს გამოფენა, სახელწოდებით „კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები − ქართული დაზგური ფერწერის დასაწყისიდან XX საუკუნემდე“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოფენაზე, რომელიც 21 სექტემბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება 44 ფერწერული ნამუშევარი - სამეფო კარის წარმომადგენელთა პორტრეტები, ტფილისური პორტრეტული სკოლის ნიმუშები, ასევე ქანდაკება და მინიატურა.

„ექსპოზიციაზე საზოგადოება იხილავს კახელი დიდგვაროვნებისა და ისტორიული პირების პორტრეტებს, ესენია: ერეკლე II, დარეჯან დედოფალი, ვახტანგ ბატონიშვილი, უცნობი ბატონიშვილი, თავადი ვახტანგ დიმიტრის ძე ჯანბაკურ-ორბელიანი, თეკლა ბატონიშვილი და დავით გურამიშვილი, ასევე ყაჯარული ფერწერის ნიმუშები - ანდრონიკაშვილების პორტრეტები და სხვა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მასალა ასეთი ინტერპრეტაციითა და მასშტაბით პირველად გამოიფინება. მათი გარკვეული ნაწილი უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ექსპონატებს ჩაუტარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, დიდი ნაწილი განთავსდა ავთენტურ ჩარჩოებში.

საქართველოში პირველი დაზგური სურათები ზეთის საღებავებით შესრულებული მეფეთა და სამეფო კარის წარმომადგენელთა პორტრეტებია. უმეტესი მათგანი საკმაოდ დიდი ზომისაა და ხელმოუწერელია. მხატვრულ-სახეობრივი წყობის საზეიმო ხასიათი და ფორმალურ-კომპოზიციური მხარე მათ ტრადიციულ, ევროპული „კარის პორტრეტის“ ჟანრთან აკავშირებს. ამ ჟანრის საერთო თავისებურების მიუხედავად, ეს პორტრეტები შესრულების განსხვავებული მანერით ხასიათდება, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს სხვადასხვა მხატვრის ხელწერაზე, ევროპასა და რუსეთთან საქართველოს მხატვრული ურთიერთობის განსხვავებულ გზებზე, რის შედეგადაც დასავლური ხელოვნების გავლენები საქართველომდე აღწევდა.

XIX ს-ის პირველი ათწლეულიდან ყალიბდება ე.წ. ტფილისური პორტრეტული სკოლა, რომელიც 60-70-იან წლებამდე არსებობს. ამ მცირე ზომის პორტრეტებზე თავად-აზნაურები და ახალფეხადგმული ბურჟუაზიის წარმომადგენლები არიან გამოსახული. აქ ევროპული ორიენტაცია ადგილს უთმობს შუა საუკუნეების ქართული ფერწერის ძლიერ გავლენას. იგრძნობა ირანული მხატვრობის გავლენის კვალიც (მინიატურა, ყაჯარული პორტრეტი). შესაძლოა, რომ XIX ს-ის დასაწყისში ამ სრულიად ორიგინალური ხასიათის პორტრეტული მხატვრობის გაჩენა ეხმიანებოდა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ სინამდვილეს. საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვამ და, აქედან გამომდინარე, წოდებრივი უფლებებისა და ჩვეული ტრადიციების გაქრობამ ქართველ თავადთა შორის წარსულის ნოსტალგია გამოიწვია, რამაც დიდი გამოძახილი ჰპოვა ამ პერიოდის ფერწერაშიც.

გამოფენა ეძღვნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ ირინა არსენიშვილის 75 წლის იუბილეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო