„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, „ნაცმოძრაობისთვის“ გადარიცხულ თანხასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის განცხადებით დაინტერესდეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით დაინტერესდეს.

19 ივნისს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ მის მიერ 2012 წლის აგვისტოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ შეწირული 20 000 ლარი საკუთარი არ იყო და მისი საბანკო ანგარიში „იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება აკრძალულია და ეს ქმედება იწვევს აკრძალული შემოწირულების განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას შენატანის ორმაგი ოდენობით, თუმცა, ვინაიდან ამ ტიპის დარღვევებზე 2012 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ აქტი, დამრღვევის მიმართ სანქცია ვეღარ იქნება გამოყენებული.

„მიუხედავად ამისა, აღნიშნული შემთხვევის სრულყოფილი შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მსურველ კანდიდატს, რომელსაც კარგი საჯარო მმართველობის უზრუნველყოფის საკითხში მთავარი როლი აკისრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ უნდა განმარტოს, რა სახით მონაწილეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ შემოწირულობის განხორციელებაში. აუცილებელია, გაირკვეს, იყო თუ არა იგი ჩართული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია და სანქცია ვერ იქნება გამოყენებული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ შემთხვევის შესასწავლად მაინც მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რათა დადგინდეს სიმართლე ამ საქმეზე. ცნობისათვის 2013 წელს მსგავსი პრაქტიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე ჰქონდა, როდესაც მან ამნისტირებულ დარღვევაზე მაინც იმსჯელა და დაადგინა სამართალდარღვევის ფაქტი მიუხედავად იმისა, რომ სანქცია ვერ დააწესა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა