„ღამის ეკონომიკის“ პროექტი იწყება

თბილისის მერიის პროექტის - ღამის ეკონომიკის განვითარების პირველ შედეგს ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ივლისის ბოლოდან იგრძნობენ. ღამის ტრანსპორტთან, კვებასა და ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები სწორედ ივლისის ბოლოდან მოგვარდება. რა ეტაპზეა პროექტზე მუშაობა, როდის და რა მარშრუტით იმოძრავებს ტრანსპორტი ღამით, სად ექნებათ მოქალაქეებს ღამით კვების ობიექტებით სარგებლობის საშუალება, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ესაუბრა.

- რა ეტაპზეა ღამის ეკონომიკის პროექტის დამუშავება და დაწყებულია თუ არა კონკრეტული კვლევების ჩატარება, რომლის მიხედვითაც პროექტი უნდა განხორციელდეს?

- იმ გრაფიკით მივდივართ, რომელიც გაცხადებული გვქონდა. პირველი ეტაპის ნაწილი იყო მუნიციპალური ინიციატივების დამუშავება და ფოკუსირება გავაკეთეთ ღამის ტრანსპორტზე, ვსწავლობთ რა მდგომარეობაა. ვთანამშრომლობთ ფრანგულ კვლევით ორგანიზაციასთან „სისტრა“, რომელიც თბილისში ტრანსპორტის ოპტიმიზაციის პროექტზე მუშაობს. ვიკვლევთ: რა დაჯდება საპილოტე პროექტი, რა მარშრუტები გვჭირდება, როგორი სახის ტრანსპორტი უნდა იყოს ღამით, რა რაოდენობის და ა.შ.

- ცნობილია თუ არა უკვე მარშრუტები, სად იმოძრავებს ღამის განმავლობაში ტრანსპორტი და როდის დასრულდება კვლევა ამ მიმართულებით?

- ჩვენი ინიციატივაა, რომ ტრანსპორტმა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იმოძრაოს ქალაქში - ბოლო წერტილები რომ იყოს მეტრო „ახმეტელი“ და მეტრო „ვარკეთილი“. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, შეუძლებელია ერთი გაბმული მარშრუტი იყოს. ამიტომ საჭირო იქნება გარკვეული ლოჯისტიკის შექმნა. უდავოა, რომ ტურისტული კერები უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთს - მაგალითად, პირველი რესპუბლიკის მოედანი, თავისუფლების მოედანი, შემდეგ გვინდა რომ სანაპიროს გაუყვეს ეს მარშრუტი, აბანოთუბანში და ავლაბარში გაიაროს. მეტრო „ავლაბართან“ იქნება ერთ-ერთი ჰაბი; ამის შემდეგ დავუკავშირდეთ ვარკეთილს. იდეა არის, რომ ტრანსპორტის ჩართვა მოხდეს იმ პერიოდში, როდესაც მეტრო აღარ იმუშავებს - 00:00-დან 06:00 საათამდე მონაკვეთში. ზოგ ქვეყანაში ღამის ავტობუსები მიკროავტობუსებით ჩაანაცვლეს, სადაც დიდი რაოდენობა არ იყო საჭირო, ზოგან კი სპეციალურად ღამის ტაქსები მოძრაობენ. ეს არის დამოკიდებული იმაზე, ამ უბნებში რა მოძრაობაა. ჩვენი სურვილია, ავტობუსი იყოს თანამედროვე, რომ ის იყოს არა მარტო ტრანსპორტის საშუალება, არამედ, საკომუნიკაციო საშუალებაც, სადაც სხვადასხვა ღონისძიების, კონცერტის განრიგები იქნება რეკლამირებული. ამ ავტობუსების მთავარი მიზანი არის როგორც ქალაქის სტუმრების გადაყვანა, ასევე საინფორმაციო ხასიათით დატვირთვა - ტურისტული პრომოსაშუალებაც რომ იყოს. გარდა ამისა, რესტორნები იქნება ეს, საკონცერტო დარბაზი თუ კლუბი, მათ პერსონალსაც უწევს ღამე გადაადგილება. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი მათთვისაც არის.

- როდის დაიწყებენ ავტობუსები მოძრაობას?

- რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს კვლევა. არ გვინდა სეზონი გამოვტოვოთ. ივლისის ბოლოს მაინც უნდა გვქონდეს გადაწყვეტილება მიღებული და დაიწყოს ტრანსპორტმა მოძრაობა და ოქტომბრამდე მაინც უნდა იმოძრაოს. ამასთანავე, ერთია სეზონი და მეორეა კვირის რა დღეებში უნდა იმოძრაოს ტრანსპორტმა ღამით. როცა არ არის მოძრაობა, მოთხოვნა, ვფიქრობთ, მიზანშეწონილი არ იქნება დიდმა ავტობუსმა იმოძრაოს. ამიტომ თავიდან მხოლოდ პარასკევი, შაბათი და კვირით შემოვიფარგლებით.

- მუნიციპალურ ავტობუსებს გამოიყენებთ თუ სხვა ავტობუსს? როგორ დაარეგულირებთ ამ საკითხს?

- ვარკვევთ როგორ დავარეგულიროთ ეს საკითხი იმ ვითარებაში, როდესაც არ გვყავს საკმარისი რაოდენობის მუნიციპალური ავტობუსები. თუმცა, ღამე, რასაკვირველია, ნაკლები ტრანსპორტი დაგვჭირდება.

- რა პერიოდულობით იმოძრავებს ტრანსპორტი ღამით?

- ოპტიმალურად მიგვაჩნია, ნახევარსაათიანი ინტერვალი ჰქონდეს.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ბიზნესის განვითარების გარკვეული მიმართულებებით დაინტერესება უკვე არსებობს. ასევე გვახსოვს თქვენი განცხადებები დონორების მოზიდვასთან დაკავშირებითაც; აღნიშნავდით, რომ მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა, ასევე კომპანიებთანაც. დონორებიდან რამდენადაა დაინტერესება, თუ არის ცნობილი კონკრეტული თანხების შესახებ რამდენით დაეხმარებიან თქვენს წამოწყებას?

- დონორებისგან არის ძალიან დიდი ინტერესი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ წელს ვერ მოხდება თანხების აკუმულირება. ამიტომ დონორებს ვთხოვთ, განსაკუთრებით დაგვეხმარონ სტრატეგიის შემუშავების თვალსაზრისით, ასევე, პროექტების მიზანშეწონილობის მეთოდოლოგიაში. ქართული ბიზნესსექტორის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენი მიზანია, საერთო პოლიტიკა და პლატფორმები შევქმნათ. არ მგონია, რომ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს აბსოლუტურად ყველანაირ პროექტს. სუბსიდირება უნდა მოხდეს საწყის სტადიაზე, სტარტაპის დონეზე, ბიზნესაქსელერატორების მეშვეობით, მერე კი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს თავისთავად ეს ყველაფერი.

- თუმცა, არსებობს ისეთი დიდი პროექტები, რომლის დაფინანსებაშიც ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება; მაგალითად Check in Georgia-ს პროექტი. ვიცით, რომ უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაზე და კონცერტებზე იმაზე მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე ამ კონცერტებიდან შემოვიდა. ფიქრობთ, რომ ამის გადახედვა უნდა მოხდეს, დაფინანსება შეწყდეს და სხვა მიმართულებით გადანაწილდეს ეს თანხები?

- არ ვიცი შეწყდება თუ არა დაფინანსება, მაგრამ გეტყვით ჩემი მიდგომა როგორია. Check in Georgia-ს ფარგლებში საბავშვო ევროვიზიაზე მეც ვიმუშავე და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანამ მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე დანახარჯი გვქონდა. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა მინიმუმ 16 ქვეყნისათვის გაგვეცნო ჩვენი ქვეყანა ძალიან პოზიტიურ ჭრილში რამდენიმე თვის მანძილზე და ეს შესაძლებლობა ჩვენ ძალიან სწორად გამოვიყენეთ, თუმცა Check in Georgia-ს პროექტის დაფინანსების საკითხი ყოველწლიურად გადახედვას ექვემდებარება. მსგავსი სუბსიდია ყოველთვის გააზრებული და არგუმენტირებული უნდა იყოს, თუმცა მეორე მომენტია, რომ გვაქვს უნიკალური ფესტივალები, რომელსაც წელს სჭირდება ხელშეწყობა არტისტების ჩამოსაყვანად, რათა მომავალი წლიდან თვითონ განახორციელონ ღონისძიებები. მოსახლეობის ბედნიერების ინდექსზეც უნდა ვიფიქროთ და ყველა თბილისელის უფლებაზე, მაღალხარისხიან კულტურაზე ჰქონდეს წვდომა.

- აპრილის ბოლოს პროექტის პრეზენტაციისას აღნიშნეთ, რომ დეტალური კვლევა უნდა ჩატარდეს თბილისის კონკრეტულ უბნებში. დასახელებული იყო გლდანი და ვარკეთილი, რომლის შედეგადაც დაიგეგმებოდა, მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროექტები. თუ ჩატარდა ეს კვლევა, რა შედეგები მიიღეთ? რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ეს რაიონები?

- უკვე დავიწყეთ გარკვეული კვლევითი ღონისძიებების ჩატარება სხვადასხვა უბნებში. მაგალითად, გლდანში არის ობიეტები, რომლებიც ღამეც მუშაობენ, თუმცა, კვების ობიექტები უმეტეს შემთხვევაში საშაურმეებია. ერთადერთი კულტურული დაწესებულება ახმეტელის სახელობის თეატრია მაშინ, როცა ამ რაიონს აქვს განვითარების პოტენციალი - რამდენიმე ადგილზე დარჩენილია ძველი ამფითეატრები და არის საშუალება, რომ მაგალითად, შევიდეს მოძრავი კონოთეატრი და ღია ცის ქვეშ ვაჩვენოთ ძველი, კლასიკური კინოფილმები, რომელსაც მაღალი სალიცენზიო გადასახადი არ სჭირდება. ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ სტრატეგიაშიც.

ჩვენი რეკომენდაცია ასევე იქნება, მაქსიმალურად მრავალფეროვანი და უნიკალური ტიპის ღონისძიებები განვავითაროთ, რომელიც არა მარტო თბილისისთვისაა უნიკალური, საერთაშორისო დონეზეც პოზიციონირებადი იქნება. ახლა რაც დაგვრჩა და ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა გავარკვიოთ, რა რაოდენობის დაწესებულება მუშაობს ღამე, რამდენად მომგებიანია... ვხედავთ, რომ ღამის ობიექტები: რესტორნები, საკონცერტო დარბაზები, კლუბები კონცენტრირებულია ძირითადად ქალაქის ცენტრალურ უბნებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევეცადოთ დეცენტრალიზაცია მოხდეს და გარეუბნებიც საინტერესო და აქტიური გავხადოთ.

- მუხიანში აპირებდით შარდენის ტიპის ადგილის მოწყობას, რადიოქალაქის ტერიტორიაზე. თუ რჩება ეს გეგმა?

- დიახ, რადიოქალაქის პროექტზე მუშაობა ჩვენ პროექტამდე დაიწყო და კვლევა უკვე მიმდინარეობს. ძველი საბჭოური ინდუსტრიული ნაგებობების გარდაქმნის გამოცდილება თბილისში უკვე გვაქვს. ვხედავთ „ფაბრიკა“ როგორ მუშაობს. მიმდებარე რამდენიმე ქუჩა როდესაც შევისწავლეთ, ვნახეთ, რომ ორი კვარტლის რადიუსში ჰოსტელები და მინიმარკეტებიც გაჩნდა. გარდა ამისა, ხშირად ისმება კითხვა, გლდანით რატომ უნდა დაინტერესდეს ადამიანი და რატომ უნდა წავიდეს იქ ინდუსტრიული ნაგებობების სანახავად? მაგალითად, არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც ნუცუბიძის პლატოზე ატარებენ ტურებს და როგორც არქიტექტურულ ისტორიულ პროექტს წარუდგენენ ტურისტებს. ასევე, ადამიანები ცდილობენ ბიზნესად აქციონ მიწისქვეშა თბილისის ტურებიც. მათ სჭირდებათ ხელშეწყობა ორგანიზებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ა.შ. ამის პოტენციალი გვაქვს.

- ამ მიმართულებით თანხების ჩადება იგეგმება?

- უნდა გავარკვიოთ, რა სჭირდებათ მათ. დახმარება მხოლოდ თანხაში არ გამოიხატება.

- ერთი მხრივ, საუბრობთ შენობა-ნაგებობების პრობლემაზე, რომელზეც აღნიშნეთ, რომ მათი ნაწილი უკვე გასხვისებულია და პარალელურად გვაქვს გამოუყენებელი სივრცეები, მაგალითად, რიყის საკონცერტო დარბაზი. რას გეგმავთ ამასთან დაკავშირებით? ამ შენობის გამოყენებაც ხომ შესაძლებელია?

- ვფიქრობ, საინტერესო შენობაა, რომელშიც ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ როგორც იცით შენობა დაუსრულებელია, მისი დასრულება კი თანხებთან არის დაკავშირებული.

- ღამით კვების საკითხი რომ დავასრულოთ. ვიცით, რომ რესტორნების სამზარეულოების დიდი ნაწილი ღამის 12 საათზე იკეტება და საკვების შეკვეთა შეუძლებელია. ამ მიმართულებით რა იგეგმება?

- ტრანსპორტთან ერთად გვაქვს მეორე მუნიციპალური ინიციატივა, რომელიც პარალელურად მუშავდება. საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ღამით კვება თბილისში. ჩვენი მიზანია, მოძრავი კვების ობიექტების Food trucks-ის საპილოტე ინიციატივა ავამუშავოთ. ვამზადებთ შესაბამის რეკომენდაციებს და რამდენიმე უწყებასთან ერთად ვამუშავებთ ამ იდეას. ვხედავთ, რომ ამ მიმართულებას პოტენციალი აქვს. მაგალითად, როდესაც თბილისი არენადან გამოდიხართ ღამე, სპორტის სასახლემდე, „მაკდონალდსამდე“, ფაქტობრივად, არც ერთი კვების ობიექტი არ არის. ამიტომ ჩვენი მიზანია, სატრანსპორტო ჰაბების ტერიტორიებზე გვქონდეს ეს კვების ობიექტები, მივცეთ საპილოტე ხასიათი, გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, დავაწესოთ მინიმალური, მარტივი რეგლამენტი და დავაკვირდეთ ამ პროექტს 6 თვის მანძილზე.

- ეს პროექტი წელსვე დაიწყება?

- დაიწყება წელსვე და რაც შეიძლება სწრაფად გვინდა რომ დაიწყოს - ტრანსპორტის პროექტს გვინდა მივაბათ. თუმცა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მოსაგვარებელი, მათ შორის, სურსათის უვნებლობის, პარკირების, გარევაჭრობის, ელექტროენერგიით მომარაგების და ა.შ.

- გარევაჭრობასთან დაკავშირებით რა კონკრეტულ რეგულაციებს გეგმავთ? ვიცით, რომ გარევაჭრობა კანონით აკრძალულია. რა შეიძლება ამ მიმართულებით შეიცვალოს?

- ამიტომ ვსაუბრობდი მობილური კვების ობიექტების - FoodTrucks-ის განვითარებაზე, რომელთა გადაადგილებაც პრობლემას არ შექმნის. თუ ამ მიმართულებას განვავითარებთ, ბევრ სხვა პრობლემასაც მოვაგვარებთ გარევაჭრობის კუთხით. გარდა ამისა, გადასაწყვეტია, გვინდა თუ არა, რომ აქ ალკოჰოლი იყიდებოდეს, როგორი ტიპის კვება უნდა იყოს, ვინ უნდა დაალაგოს კვების ეს ობიექტები და ა.შ.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ ხმაურთან დაკავშირებითაც. თქვენ აღნიშნავდით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებდით. რას გეგმავთ მაშინ, როდესაც სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ კანონის აღსრულება ხმაურთან დაკავშირებით ფაქტობრივად არ ხდება...

- 1-ელი ივლისიდან ხმაურის მონიტორინგი ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებში გადადის. გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები ხმაურთან დაკავშირებით, რადგან აკუსტიკური დანაგვიანების თემა თან სდევს ღამის ეკონომიკას ყველა ქვეყანაში. დაახლოებით, ერთი თვის წინ აკუსტიკის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იყო თბილისში ჩამოსული, მასთან ერთად დავაკვირდით კრიტიკულ ადგილებს სამი ღამის განმავლობაში. პირველი რეკომენდაციაა, რომ რესტორნებმა მუსიკის ხმას უნდა ჩაუწიონ, ხმამაღალი მუსიკა აფრთხობს კლიენტებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. არის ადგილები, ღია კაფეები, სადაც ერთგან უკრავს დიჯეი, მეორეგან ცოცხალი მუსიკა.

ქალაქის ისტორიულ უბნებში გვაქვს რამდენიმე კერა, სადაც მოსახლეობას, ამავდროულად, მცირე სასტუმროებს და ჰოსტელებს ექმნება სერიოზული პრობლემები. არსებობს საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უნდა რეგულირდებოდეს. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში არსებობს ცოცხალი მუსიკის ლიცენზია ანუ ყველა რესტორანი ვერ იღებს ამ ლიცენზიას თუ სათავსო აკუსტიკურად შესაბამისად იზოლირებული არ არის.

- შესაძლებელია გარკვეულ რეგულირებას ქუჩის მუსიკოსებიც დაექვემდებარონ?

- ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან ქუჩაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან და ეს ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ასე რომ, ვფიქრობ, ესეც მოსაწესრიგებელია. ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს.

- საუბრობდით თბილისში საერთაშორისო ფორუმის ჩატარებაზეც, რომელიც ზაფხულში უნდა გამართულიყო. გადაწყდა თუ არა ფორუმის ჩატარების კონკრეტული თარიღი და ვინ იქნება ამ ფორუმზე მოწვეული?

- ზაფხული რთული პერიოდი აღმოჩნდა. ვისი მოწვევაც გვინდა, გვთხოვენ, რომ ზაფხულის პერიოდს ავცდეთ. კომუნიკაცია დაწყებულია თითქმის ყველა ქალაქის მერიასთან, სადაც ღამის ეკონომიკა განვითარებულია. ამის გარდა, ასევე ვიწვევთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ღამის ეკონომიკის მიმართულებით არის სპეციალიზირებული. ვგეგმავთ ჩვენი იდეების გაცნობას და მათი გამოცდილების გაზიარებას. ფორუმის ჩატარებას სექტემბრის მეორე ნახევარში ვგეგმავთ.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ კლუბებში გასულ თვეს ჩატარებულ სპეცოპერაციებზეც. საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეთ და აღნიშნეთ, რომ „გარკვეული წინააღმდეგობები თუ არ გადაილახა, ღამის ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი იქნება“. ისაუბრეთ იმაზეც, რომ „ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის, რომელსაც ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება“. ასევე, „მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვერიდოთ პროვოკაციას“. როგორია თქვენი შეფასება ახლა, სიტუაციის გაანალიზების შემდეგ - გადალახულია თუ არა ეს წინააღმდეგობები, რაზეც ფიქრობდით, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებას ხელი შეეშლებოდა, სად დაუშვა შეცდომა შინაგან საქმეთა სამინისტრომ?

- შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში მოიხადა, ამიტომ შეცდომებზე ჩემი შეფასება ზედმეტია. ჩემს იმჟამინდელ განცხადებას ვეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მომენტიც უნდა გაგვევლო. იმედი მაქვს ვისწავლეთ, რომ მსგავსი სიტუაციები შესაძლოა შეიქმნას. უკვე ვიცით ვინ როგორ უნდა მოიქცეს და ვის რა პოზიცია ექნება. ვფიქრობ, ეს ინციდენტი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საკლუბო სცენისთვისაც. ასე რომ ვთქვათ, არ დარჩა ქვეყანა, რომელმაც სოლიდარობა არ გამოუხატა ქართულ საკლუბო სცენას. ამდენი პუბლიკაცია ასე მოკლე ხანში ჯერ არ გვახსოვს. კადრი, რომელზეც „რეივერები“ ცეკვავენ პარლამენტის შენობის წინ, იხილა მილიონობით ადამიანმა მსოფლიოში. ამ თვალსაზრისით, ამ ამბავს პოზიტიურად ვუყურებ. მეორე მხრივ, ჩვენ დავინახეთ, რომ გვაქვს ბევრი მოსაგვარებელი პრობლემა. გვყავს აქტიური ახალგაზრდები, მათ აინტერესებთ ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება და ამას მთელი გულით მივესალმები.

- რაც შეეხება ნარკოტიკების თემას, რის გამოც ეს სპეცოპერაცია ჩატარდა, როგორია თქვენი პოზიცია?

- აბსოლუტურად ვემხრობი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და იმის დეკლარირებას, რომ მომხმარებელი კრიმინალი არ არის. პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა, არ უნდა დავუშვათ შეცდომა და არ უნდა გადავხტეთ ლიბერალურ ეიფორიაში. გვყავს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელსაც უნდა ავუხსნათ, რატომ ხდება ლიბერალიზაცია, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები ვაწარმოოთ. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ჯანსაღი და კულტურული ცხოვრების განვითარებაში. შევთავაზოთ ახალგაზრდებს ალტერნატივები, ხელი შევუწყოთ მათ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში და “ღამის ეკონომიკა” ამის პლატფორმად უნდა იქცეს. ჩემი ღრმა რწმენით, თუ სწორად მოვიქცევით და შესაბამის გამოცდილებებს დავაგროვებთ, ეს ქალაქისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

თამთა კაკაურიძე

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა