ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. მხარეების განცხადებით, საქართველოს კათოლიკე მოსახლეობას ისტორიულად მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრესში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყანა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს, რაც საზეიმო თარიღია, თუმცა, ამავდროულად, ყველას კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. ირაკლი კობახიძის თქმით, გამოწვევებთან გამკლავების პროცესში, ქართულ მხარეს წმინდა საყდრის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ამაყობს მისი ტოლერანტული კულტურით და მოწადინებულია ვატიკანთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მხარეებმა განაცხადეს, რომ 2012 წლის შემდეგ, ინტენსიური იყო გაცვლითი ვიზიტები და შეხვედრები. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს 2016 წელს, საქართველოში რომის პაპის წარმატებული ვიზიტი.

წმინდა საყდრის ელჩის განცხადებით, ვატიკანი განუხრელად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, ვატიკანი მზად არის საქართველოსთან პარტნიორობისა და ქართველ ხალხსა და ქართულ ეკლესიასთან მჭიდრო ურთიერთობისთვის.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, სასურველი იქნებოდა ერთობლივი, მასშტაბური კულტურული ინიციატივების განხორციელება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს