რომეო მიქაუტაძე საგურამოში 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე საგურამოში ახალი, 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაკვეთით კომპანია „ენერგოსერვისმა“ ააშენა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, რადგან ეს უშუალო კავშირშია როგორც დარგის განვითარებასთან, ასევე ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ქვესადგური პირდაპირ კავშირში შეიძლება არ იყოს მოსახლეობის ენერგომომარაგებასთან, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ ამით ჩვენ მივიღებთ რამდენიმე სათავე ნაგებობების, ასევე სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი გარანტი იქნება თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ასეთი ობიექტები ბევრი იყოს ჩვენს ქვეყანაში.

„სასიხარულოა, რომ კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული ობიექტის შექმნით, რამდენიმე წლის წინ ასევე ვესწრებოდი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გახსნის ღონისძიებას და დარწმუნებული ვარ, რომ კომპანია განვითარებას კიდევ უფრო მეტი წარმატებით გააგრძელებს. მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკულ სექტორში საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს, იზრდება მოხმარება, ბევრი ობიექტი შენდება და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ასეთი პროექტის მხარდამჭერი ყოველთვის იქნება ეკონომიკის სამინისტრო“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი, 25 მეგავატიანი ქვესადგურის მშენებლობას 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხმარდა, ხოლო მისი განხორციელების პროცესში 40 ადამიანი დასაქმდა. ქვესადგურს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის საგურამოს და ნატახტარის სათავე ნაგებობების, ასევე სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ GGU (Georgian Global Utilities) ჯგუფის წევრია. თავის მხრივ, Georgia Global Utilities „საქართველოს კაპიტალში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ინვესტირებას წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს.

ინფორმაციას საგურამოში 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის ღონისძიების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა