სოფო კილაძე - „ბავშვის კოდექსი“ უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა

„ბავშვის კოდექსი“ უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული ბავშვთა კოდექსის პროექტი სახელმწიფო უწყებებს, სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეგზავნა, რომელთაგან მიღებული მოსაზრებები და შენიშვნები დღეს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია კოდექსი იყოს ფართო წარმომადგენლობით შემუშავებული.

„საქმე ეხება ჩვენი საზოგადოების მომავლის - ბავშვების დაცვას. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პროექტი, ეს უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა და მასზე უნდა შეჯერდეს მთელი საზოგადოება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ჯგუფმა დღევანდელ შეხვედრაზე პროექტის სამუშაო ვერსიის კონცეპტუალური საკითხები შემდეგი თემების მიხედვით განიხილა: ბავშვის უფლებები, რომელიც მოიცავს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობისათვის საჭირო გარანტიების შექმნას, ისევე, როგორც ბავშვთა უფლებების დაცვის სხვა მექანიზმებს; ბავშვის დაცვა, რაშიც გაერთიანებულია ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, მავნე ზეგავლენისაგან დაცვა საჯარო, მედია, ინტერნეტ და სხვა სივრცეში; ბავშვის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობას.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა თითოეული მიმართულებით წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები შეაჯამეს. კომიტეტი ბავშვთა კოდექსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს