არასამთავრობო სექტორი მთავარი პროკურორის არჩევის წესში ცვლილებებს, იქამდე კი მისი შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი” მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. როგორც ფორუმის საქართველოს კოორდინატორმა, ლაშა ტუღუშმა განმარტა, არასამთავრობოების ნაწილმა პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც პროკურორის არჩევის წესის და საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება არის გათვალისწინებული.

ინიციატორებს იმედი აქვთ, რომ პარლამენტი ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

"სისტემა არის ძალიან ცუდი, დესტრუქციული და გახრწნილი, ხოლო ცუდი სისტემით კარგი პროკურორის არჩევა ვერ მოხდება. ეს იქნება სერიოზული შეცდომა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები. აუცილებელია პარლამენტმა შეაჩეროს პროკურორის არჩევის პროცესი, უნდა შეცვალოს სისტემა და შეცვლილი სისტემით აირჩიოს მთავარი პროკურორი. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, დავრჩებით კვლავ იმ უბედურებაში, რომელშიც ვართ და მოგვიწევს გმირულად დავძლიოთ ის პრობლემები, რომელშიც აღმოვჩნდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა და ახალი იდეები განიხილოს", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

რაც შეეხება ინიციატივას, რომელიც პარლამენტში დარეგისტრირდა, ტუღუშის განმარტებით, მთავარია, რომ სისტემას ჩამოსცილდეს აღმასრულებელი ხელისუფლება.

"სწორედ ჩვენს ინიციატივას ითვალისწინებს ახალი კონსტიტუცია, რომელიც რამდენიმე თვეში ამოქმედდება, მაგრამ თუ ახლა პროკურორის არჩევის პროცესი არ შეჩერდა, მივიღებთ ძველი, ცუდი წესით არჩეულ პროკურორს, რომელიც კიდევ 6 წელი გააგრძელებს მოღვაწეობას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ იუსტიციის მინისტრი არ იყოს საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელი, რასაც ასევე ითვალისწინებს ახალი კონსტიტუცია, რომელიც რამდენიმე თვეში შევა ძალაში. გაუგებარია ასევე, თუ რატომ უნდა იყვნენ დეპუტატები საპროკურორო საბჭოს წევრები. ამას ამბობდა ვენეციის კომისიაც, რომელსაც საკმაოდ კრიტიკული შეხედულებები ჰქონდა. ჩვენ მოვახდინეთ მისი იგნორირება. ეს საბჭო არის ერთპარტიული და რა სიკეთის მომტანიც არის, კარგად ვხედავთ. შეიძლება ვისაუბროთ პროკურორების რიცხვზეც საპროკურორო საბჭოში და ეს ძალიან ბევრია. ეს მოდელიც უნდა შეიცვალოს. გვაქვს კიდევ წინადადებები, მაგალითად, საპროკურორო საბჭოში არ უნდა იყვნენ დეპუტატები, არც მოსამართლეები და უნდა იყვნენ პროკურორები, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც დღეს არის -ორი წარმომადგენელი უნდა იქნას არჩეული ომბუდსმენის აპარატთან არსებული კომისიის მიერ, ასევე პარლამენტი უნდა მონაწილეობდეს გარკვეული ფორმით - ნახევარს უნდა ირჩევდეს უმრავლესობის დეპუტატები და ნახევარს ოპოზიცია, ხოლო მათი წარმომადგენლები უნდა იყვნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მეცნიერები და ადვოკატები. ეს მოდელი არის შეთავაზებული, კანონი არის დარეგისტრირებული და უნდა დავიწყოთ დისკუსია", - განაცხადა ტუღუშმა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ საკითხის განხილვაში სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება და პარლამენტიც მხარს დაუჭერს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა