ლაშა დარსალია - ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევას ხელს უშლის

ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევას ხელს უშლის, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი 44-ე რაუნდის შეფასებისას განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად დაისვა გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების და თხრილების გავლების საკითხი, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ქართულმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ხორციელდება მიზანმიმართული პოლიტიკა, ხელი შეუშალოს ხალხთაშორის და საზოგადოებების დონეზე კავშირების აღდგენას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთი მაქიმალურად ცდილობს გაატაროს რუსიფიკაციის პოლიტიკა გალისა და ახალგორის, ასევე მთლიანად ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიებზე, შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, განათლება მიიღოს მშობლიურ ენაზე. ითქვა, რომ იკვეთება რუსეთის მცდელობა, ხელოვნურად შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ეთნიკური შემადგენლობა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან რეპატრიანტების ჩამოსახლების გზით.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას თქმით, წინა რაუნდების მსგავსად, შეხვედრის ბოლომდე მიყვანა ვერც ამჯერად მოხერხდა და რუსეთის დელეგაციის დემარშის გამო ჩაიშალა.

„ჟენევის ფორმატში საქართველოს დელეგაცია აყენებს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რაც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევასთან და ჰუმანიტარულ ვითარებასთან. სამწუხაროდ, ამ რაუნდზეც, წინა რაუნდების მსგავსად, რუსეთის დელეგაციამ საკითხებისადმი არაკონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინა. მსგავსი დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება. ქართული მხარის მრავალმხრივი მცდელობისა და კონკრეტული გამოსავლის გზების შეთავაზების მიუხედავად, ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევას ხელს უშლის“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დისკუსიებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება იყო. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული სიმწვავით დააყენა ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხი. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან კატეგორიულად მოითხოვეს საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მიეცეთ გამოძიების ბოლომდე მიყვანის საშუალება. ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა წარუდგინეს, რომლითაც დასტურდება არჩილ ტატუნაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობა და წამება. აგრეთვე ინფორმაცია მიაწოდეს ტატუნაშვილისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მონაწილეობის შესახებ, რომელთაც საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი. შეხვედრაზე დაისვა რუსეთის ფედერაციის, როგორც ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყნის პასუხისმგებლობის საკითხი. მასვე დააკისრეს გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა და სამართლის აღსრულება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

ქართულმა მხარემ წამოჭრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემა. შეშფოთება გამოხატეს უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფაქტების გამო და ხაზგასმით დააფიქსირეს ამ ყველაფრის მიუღებლობა. აღინიშნა ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული მძიმე ვითარება. იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვისას, რუსეთის დელეგციამ შეხვედრა დატოვა.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.